ნინია კაკაბაძე – „როცა პოლიტიკოსები სიმართლეს ვერ ამტკიცებენ, ჟურნალისტებს თავს ესხმიან“

ნინია კაკაბაძე - „როცა პოლიტიკოსები სიმართლეს ვერ ამტკიცებენ, ჟურნალისტებს თავს ესხმიან“საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი სიცრუესა და იაფფასიან პროვოკაციაში დაადანაშაულა, ხოლო „ტვ პირველი“ _ სიცრუის ტირაჟირებაში. სააკაშვილი ჟურნალისტის კითხვის გამო გაბრაზდა, როდესაც მან საქართველოს მოქალაქეობის საკუთარი ნებით დათმობა შეახსენა, შემდეგ კი გირგვლიანის საქმეც გაახსენა.

„ეს არის სიცრუე და ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს თქვენი ტელევიზია. ძალიან გონიერი ადამიანი ხართ და სიმართლე კარგად იცით. საქართველოს ე.წ. ხელისუფლების საქმეები ჩემთან მიმართებაში იყო თითიდან გამოწოვილი.

რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გირგვლიანის საქმე. ეს იყო შეწყალების საქმე და როგორ შეიძლება შეწყალებაზე ადამიანის გასამართლება. ეს არის იაფფასიანი პროვოკაცია. თქვენ ტყუით ისევ. მე არ გავუსამრთლებივარ გირგვლიანის საქმეზე შეწყალების საქმეზე გამასამართლეს. ეს იყო ყალბი საქმეები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას აუგად მოიხსენიებენ. გვახსოვს „ქართული ოცნების“ ლიდერის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც, რომელიც „რუსთავი 2“-ს მუდმივად სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. არსებობს პოლიტიკოსებისა და მედიის ურთიერთობის სხვა ფაქტებიც.

რა ფენომენია პოლიტიკოსების ასეთი ქმედება? _ ამ თემაზე „ახალი თაობა“ პუბლიცისტ ნინია კაკაბაძეს ესაუბრა.

_ მიხეილ სააკაშვილმა კრიტიკული კითხვების გამო „ტვ პირველს“ უთხრა, რომ ის სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, ხოლო ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა. გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი რომ ადანაშაულებდა „რუსთავი 2“-ს ტყუილში. რა ფენომენია ეს და როგორ შეიძლება აიხსნას პოლიტიკოსების ასეთი ქმედება?

_ არა მგონია, ამას რაღაც გრძელი ახსნა ჰქონდეს. ნამდვილად ასეა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების რიგითი წევრი თუ მისი მეთაური ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ მათ არ უყვართ კრიტიკული კითხვები და ყოველთვის თუ არა, უმეტეს შემთხვევაში მაინც კრიტიკული კითხვების დროს ისინი უზრდელობით პასუხობენ. თავს არიდებენ კითხვაზე პასუხის გაცემას და გადმოდიან შეტევაზე.

არ ვიცი, რითი უნდა აიხსნას ეს. ალბათ იმით, რომ ისინი არ არიან მართლები და არ აქვთ საშუალება, დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ამიტომ გადადიან თავდასხმაზე, როგორც თავდაცვის საუკეთესო საშუალებაზე.

_ საზოგადოებამ რა პასუხი უნდა გასცეს ასეთ პოლიტიკოსებს?

_ საზოგადოებამ ისინი კიდევ უფრო უნდა გააკრიტიკოს. სხვა რა პასუხი უნდა გასცეს, ვერ გეტყვით. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ასეთ პოლიტიკოსებს აღარ ველაპარაკოთ ჟურნალისტები და ინტერვიუ არ ავიღოთ მათგან. ასე არ გამოვა. მაინც უნდა ველაპარაკოთ და მაინც უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები. ამიტომ ყველაფერს ყოველთვის თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

სამწუხაროა, რომ დღეს მედია ისევ და ისევ პოლარიზებულია. არიან ჟურნალისტები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს მხოლოდ ერთი მიმართულებით სვამენ, ან მეორე მიმართულებით. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტების სრული უმრავლესობა კრიტიკული იქნება ნებისმიერი პოლიტიკოსის და ნებისმიერი პოლიტიკური რკალის მიმართ, რაც არის მისი უმთავრესი ფუნქცია.

_ მე მგონი, „ტვ პირველი“ ამ მხრივ გამონაკლისია.

_ დიახ, „ტვ პირველი“ ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. ეს კვლევებმაც დაადასტურა და ყველა მონიტორინგის შედეგში ეს იყო ნაჩვენები. „ტვ პირველი“ არის ის ტელეარხი, რომელიც ღიად არ გამოხატავს თავის სიმპატიებს თუ ანტიპატიებს და ყველას მიმართ ერთნაირად კრიტიკულია. ასეთივეა აჭარის ტელევიზიაც. ბოლო კვლევების მიხედვით, ეს ორი ტელევიზიაა ყველაზე მიუკერძოებელი და ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკულია.

_ განსხვავებული პოზიციაა თავად ჟურნალისტებშიც. უნდა გამოხატავდეს თუ არა ჟურნალისტი და მედია ღიად პოზიციას?

_ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოხატავდეს. ვერაფერს ორიგინალურს მე ვერ ვიტყვი. არსებობს საავტორო გადაცემები, სადაც შეიძლება წამყვანი გამოხატავდეს თავის მოსაზრებებს, მაგრამ ზოგადად და უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია ნეიტრალურობა. ვერ მოვთხოვთ ჟურნალისტს, არ ჰქონდეს თავისი პოზიცია. მაგრა, აუცილებელია, რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტი დავიცვათ, რომ მე როგორც მაყურებელი ვერ ვხვდებოდე, ის რა პოზიციაზეა, ვის გულშემატკივრობს და ვინ არის მისი სიმპატია თუ ანტიპატია ამ პოლიტიკურ ძალებში.

პირველ რიგში იგულისხმება საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები და აგრეთვე სხვადასხვა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები, რომლებიც სტუდიაში უნდა იწვევდნენ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს და ერთნაირად კრიტიკულები იყვნენ ყველა მხარის მიმართ.

_ უნდა იყვნენ თუ არა ისეთი ფიგურებიც, რომლებიც გამოხატავენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და სხვადასხვა სახის ფობიურ აზრებს? გვინახავს ასეთებიც არაერთ თოქ-შოუში.

_ სამწუხაროდ, ასეთი პერსონებით გაჯერებულია თოქშოუები. ნელ-ნელა ამ გადაწყვეტილებამდეც რაღაცნაირად უნდა მივიდეთ, რომ ასეთ ადამიანებს, ვინც ახდენენ ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სხვადასხვა ასეთი ტიპის აზრების ტირაჟირებას, არ უნდა დავუთმოთ სატელევიზიო ეთერი. თუკი ვუთმობთ და მოულოდნელად ის აკეთებს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებას, წამყვანის ვალდებულებაა, იქვე შეეწინააღმდეგოს მას და მიუთითოს, რომ მისი განცხადება არის ქსენოფობიური, ჰომოფობიური თუ სხვა და მისი ღია ეთერში საუბარი არ შეიძლება.

სამწუხაროდ, ჩვენი მედია აქამდე ჯერ ვერ განვითარდა, თუმცა ნელი ნაბიჯით მივიწევთ წინ და, იმედია, ოდესღაც მივაღწევთ.

_ იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც ხომ არ არის ამ კონკრეტული პოლიტიკოსების ქცევები დამაბრკოლებელი, რომელ პარტიებსაც წარმოადგენენ?

_ რა თქმა უნდა. საზოგადოება უკვე გაიზარდა და უმეტეს შემთხვევაში სწორად რეაგირებს პოლიტიკური ლიდერების განცხადებებზე. მაგალითად, სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთხელ მინახავს თავად მისი მხარდამჭერებისგან კრიტიკული შენიშვნები, რომ ასე საუბარი არ არის სწორი. იგივე ქმედებას ალბათ ივანიშვილის მომხრეებისგანაც ვეღირსებით. მაინც იმედია იმ თვალსაზრისით, რომ მათივე მხარდამჭერები სწორად რეაგირებენ. ეს არის გამოსავალი ჩვენთვის _ საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება თავად ამ ლიდერებს, რა გითხრათ, ალბათ ისინიც ისწავლიან. ასეთი ტიპის განცხადებებზე პირველ რიგში საზოგადოებისგან უნდა იყოს ისეთი ტიპის რეაგირება, რომ მათთვის წამგებიანი იყოს. დღეს ასე არ არის, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ისმის ხოლმე კრიტიკული შეფასებები, რაც ძალიან კარგი და დადებითი ტენდენციაა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა