“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ საარჩვნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან უსინდისობაა პროპორციულ სისტემაზე საუბარი, როცა თვითონ იყვნენ ხელისულებაში, არც მაშინ მიიღეს და არც ჩვენთან ჩაერთვნენ განხილვების პროცესშიო.
– ხელისუფლების მხრიდან დღეს ამის მტკიცება იგივეა, რომ ორჯერ ორი ხუთია. ეს ყველაფერი მარტივი არითმეტიკით მოწმდება. კონსტიტუციური უფლება აქვს “ოცნებას” პარლამენტში და ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა შეეძლო საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე. მათ შეინარჩუნეს მაჟორიტარული სისტემა იმიტომ, რომ მაჟორიტარები არიან ყველა ხელისუფლებისთვის არჩევნების მოგების ძალიან კარგი ფორა და ეს ჩვენ ხომ ვიცით!
რაც მეტი დრო გავა უფრო მძიმედ მოუბრუნდებათ ეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულეს.
– რას იტყვით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, არის დღეს სიტუაცია მზად საამისოდ?
– ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც ნაცმოძრაობის ტაქტიკა. მათი ტაქტიკა არის, რომ შეინარჩუნონ ეს მუხტი, საკუთარი ამომრჩეველიც ჰყავდეთ მობილიზებული და ხელისუფლებაც არ მოადუნონ. სწორედ აქედან არის ნაკარნახევი მათი ეს მოთხოვნა, თორემ შეიძლება ისევ “ოცნებამ” მოიგოს. მომავალი 2 წელი კი დრო მუშაობს “ოცნების” წინააღმდეგ. შესაბამისად ორი წლის შემდეგ “ოცნებას” კიდევ უფრო გაუჭირდება.
– ანუ ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება ვადამდელი არჩევნები?
– კი, “ოცნებისთვის” მომგებიანია, მაგრამ “ოცნებას” ნაცმოძრაობამ რომ უთხრას, ორჯერ ორი ოთხიაო, ისინი იტყვიან, ხუთიაო. ამიტომაც, რახან ნაცმოძრაობა თხოვს ამას, მათ ჯიბრზე არ გააკეთებენ, სხვა თუ არაფერი. ასეთ კომიკურ სიტუაციაში ვართ.
– რამდენად ელოდებით პროცესების ესკალაციას?
– არა, არ ველოდები ესკალაციას. ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველი ხალხი არ არის განწყობილი არანაირი ესკალაციისთვის და გადატრიალებისთვის. ვინც ამაზე წავიდა, ის კარგავს მხარდაჭერას და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად.
– ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს, 16 დეკემბრამდე მისცეს ვადა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას თხოვს. ხელისუფლება კი ცინიკურად პასუხობს მას.
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია დღემდე დგას ერთ რამეზე – ნაცმოძრაობასთან კონფროტაცია და მათ მიმართ გამოვლენილი სიძულვილი. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას მეტი სათქმელი არაფერი აქვს თავის ამომრჩევლისთვის.
– პრეზიდენტის ინსტიტუტს მაქსიმალურად ავიწროვებს ხელისუფლება. შეუმცირა ბიუჯეტი, აღარც სარეზერვო ფონდი ექნება ზურაბიშვილს. რა ხდება?
– ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. სალომემ კარგად გამოავლინა თავისი ხასიათი. ყველას დაანახა, თუ რა მძიმე ხასიათი აქვს და შესაბამისად უკვე ხდება პრევენცია ყველანაირი ხერხებით. მიდის სალომეს პრობლემის მოგვარება, მისი დასუსტება. აბა სხვა რა უნდა გაუკეთო, რომ დაასუსტო? უნდა მოაშორო რესურსი.
– ეშინიათ, რომ პრობლემებს შეუქმნის?
– სალომე რეალურად ძალიან მძიმე ხასიათის ადამიანია. ეს ბიძინასაც მშვენივრად მოეხსენებოდა თავის დროზე და ამიტომაც იყო მისი გადაწყვეტილება, როცა სალომე დაასახელა, ამან გამოიწვია დიდი გაუგებრობა მის გუნდში. იცოდა მისი რთული ხასითი და მაინც დაასახელა. შესაბამისად, რაც მეტი დრო გავიდა, უფრო უკეთ გაიცნეს.
– ამიტომ ცდილობენ, დატოვონ უუფლებო?
– რასაკვირველია. თანაც წინ ორი ურთულესი წელი ელოდებათ და სალომემ თუ გამოავლინა ხასიათი, როგორც ამას მარგველაშვილზე ამბობდა ივანიშვილი, რომ რთული ხასიათი გამოავლინაო, სალომემაც თუ ხასიათი გამოავლინა, ეს არ იქნება მათთვის კარგი.
– რა შეიძლება გააკეთოს სალომემ ისეთი, რით შეიძლება შეუქმნას პრობლემები?
– თუნდაც ოპოზიციის მობილიზაცია მის გარშემო, თავის ფიგურის გარშემო, სხვა თუ არაფერი.
– ოპოზიციაში ჩაუდგება “ოცნებას”?
– ის პრეზიდენტია, ლეგიტიმაცია ხომ მაღალი აქვს მაინც. არჩევნები როგორ ჩატარდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ჩატარდა და მას აკურთხებენ პრეზიდენტად. “ოცნების” მიერ არჩეული და აღიარებული პრეზიდენტი თუ პრობლემებს შეუქმნის, წარმოიდგინეთ, ეს მათთვის რამხელა დარტყმაა, თანაც იმ ფონზე, რომ წინ ურთულესი ორი წელი ელოდებათ.
– სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ივანიშვილმა მითხრა, მმართველ პარტიასთან არ ხარ ვალში, შეგიძლია, სრულიად დამოუკიდებლი იყოო.
– აბა სხვას რას იტყოდა? ეს ჩვეულებრივი კორექტულობაა.
– ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ერთ წელში შეცვლის სიტუაციას. ექსპერტები აცხადებენ, რომ მან რევოლუცია უნდა მოახდინოს კადრების ცვლილებით. რა გამოუვა?
– სამწუხაროდ, მე ამის ძალიან მცირე და თეორიულ შანსს ვხედავ, რომ ამის გაკეთება შეძლოს. ის ძალიან დიდი ხნით მოწყდა ქვეყნის მართვას, მოწყდა რეალობას და ამ სიტუაციაში გაუჭირდება მას კარგი კადრების პოვნა. თვითონ ხომ არ შეარჩევს ამდენ კადრს და მის გარემოცვას კი არანაირი სურვილი არ ექნება, მისივე შემცვლელის მოძებნაში დაეხმარონ.
ვინ ურჩევს კადრებს, თავისი კორუმპირებული გუნდი?! მისმა გუნდმა დაამტკიცა ერთი რაღაც – მათ აინტერესებთ მხოლოდ ივანიშვილის ფული და არასოდეს არ ეუბნებიან ივანიშვილს სიმართლეს. თორემ პირში რომ ეთქვათ მისთვის სიმართლე, მაშინ ივანიშვილი ამ პრობლემებს არ მიიღებდა.
– 2020-სთვის ნაცმოძრაობა ბუად აღარ გამოდგება და არც ხალხი გამოვა “ოცნების” გადასარჩენად.
– ნამდვილად აღარ გამოვა და არც ეს ბუა იმუშავებს. ხალხმა კარგად დაინახა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღარ გაიარა სააკაშვილის ჭკუაზე, გაემიჯნა მას. ამიტომ ეს ბუას გათამაშება აღარ გამოვა არანაირად. რა უნდა გააკეთოს “ოცნებამ”? ან საკადრო რევოლუცია მოახდინოს, ან ჩემოდნები ჩაალაგოს და წყნარად წავიდეს!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა