ქართველი ქურდი კახა გალსკი რუსეთში „ქალთა ზონაში“ ჰყავთ

ქართველი ქურდი კახა გალსკი რუსეთში „ქალთა ზონაში“ ჰყავთქართველი კანონიერი ქურდი კახა ფარფალია (გალსკი) კვლავ გისოსებს მიღმა რჩება.

ფარფალიას სამეგობრომ მილიონი დოლარი გამოყო მისი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ და მას შემდეგ, რაც ქრთამს ხელი არ მოჰკიდეს, სასამართლოზე ფარფალიას გამოშვება თავდებით ითხოვეს და რუსული მართლმსაჯულებისთვის მაქსიმალური თანხა – მილიონი დოლარის გირაო შესთავაზეს.

„ხომ გჯერათ, რომ ეს მილიონი მანამდე მოსამართლეებს კულუარულად შესთავაზეს, მაგრამ მათ ხელი არ მოჰკიდეს. საქმე ისაა, რომ ფარფალიას საქმე პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი უშიშროების სამსახურს, მისი თანხმობის გარეშე კი მოსამართლეები მილიონზე კი არა, რუსეთის ბიუჯეტზე იტყვიან უარს.

შედეგად, სასამართლომ ფარფალია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და, რაც მთავარია, ის კვლავ „პეჩატნიკზე“, ქალთა ზონაში ჰყავთ. ეს იმის გამო ხდება, რომ კაცების ციხეში შესულმა ფარფალიამ შესაძლოა, ბუნტი მოაწყოს, მას მთელი ციხე აჰყვება და ამიტომ, რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად, კახა სწორედ ქალთა ზონაშია“ – ამბობს მოსკოვში მცხოვრები ქართველი.

რუსი სამართალდამცავებიც არ მალავენ, რომ ფარფალია ქალთა „ზონაში“ უსაფრთხოების გამო ჰყავთ – ქალთა ციხეს ნამდვილად ვერ აიყოლიებს და ვერც „შუმოკს“ მოაწყობს. ის სამარტოო საკანშია გამოკეტილი და მასზე 24-საათიანი ვიდეოდაკვირვება მიმდინარეობს.

„ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქურდი, რომელიც თავისუფლებაზე იყო, უბრალოდ, გაიმეტეს. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მინიმუმ, ათწლიან სასჯელს, მაქსიმუმ კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ადვოკატი თენგიზ პაპასქუა იცავს და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს ფარფალიას შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

საქმე ისაა, რომ სწორედ პაპასქუა იცავდა შაქრო კალაშოვს და იმედი ჰქონდა, რომ თავისუფლებაზე გაიყვანდა, მაგრამ კალაშოვს გრძელვადიანი სასჯელი მისცეს,“ – წერს რუსული მედია.

ნიუპოსტი