29 დეკემბერს რუსთავში დაიჭრა 20 წლის მამაკაცი.
ახალგაზრდა წვევამდელია და ის სამხედრო სავალდებულო სამსახურს რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იქნა მიყენებული.
დაშავებული მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა მუცლის მიდამოებში და ასევე წელში. ამიტომ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.
1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

