ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და ნაციონალური მოძრაობა რას აპირებს სამომავლოდ.
– ქალბატონო სალომე, თქვენ მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან პიროვნული უთანხმოებით არის გამოწვეული თუ მართლაც არ არის სამუშაო გარემო?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც დეპუტატს, კომიტეტის წევრს მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ოპოზიციისთვის. ჩვენ, ოპოზიციას, სისტემატურად არ გვეძლევა ამის შესაძლებლობა. მით უფრო ახალი რეგლამენტის მიზეზით, ჩვენ ლაპარაკის უფლებაც აღარ გვაქვს. ეს არის არაკოლეგიალური, არაეთიკური, პარლამენტარიზმის ტრადიციისთვის სრულიად შეუფერებელი საქციელი. შესაბამისად, მე არ მაქვს სურვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის გაგრძელების. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი.
– მუშაობის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებთ. იქ უფრო კომფორტულ გარემოს ელოდებით?
– ადამიანის უფლებათა კომიტეტს თავის მანდატით ევალება იმ საკითხებზე მუშაობა, რაც ამ ქვეყანაში დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ვნახოთ, როგორი სამუშაო ვითარება იქნება ამ კომიტეტში.
მე შევედი წინადადებით პარლამენტის ბიუროზე და სწორედ ბიურომ უნდა დააკმაყოფილოს ჩემი თხოვნა. ვნახოთ.
– თქვენი პარტიის წევრები კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური ნიშნით მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. თქვენი პოზიცია როგორია? ის კადრები თუ ნახეთ, რომლებიც ტელევიზიებმა გაავრცელეს?
– ჩემი პოზიცია ასეთია: პირველ რიგში კანონდარღვევის ჯაჭვი მეტწილად ხელისუფლებამ გამოიწვია. ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებამ, რომ ძალიან უხეშად დაერღვია გადაადგილების თავისუფლება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი გადაადგილება ამ ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული. სწორედ ამან შექმნა ის დაძაბული ვითარება, რომელიც შეიქმნა და მოვლენები განვითარდა ისე, როგორც განვითარდა ველისციხეში.
რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, ის ნაციონალურ მოძრაობაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. კირკიტაძე პარტიის რეგიონალურ სამსახურს განაგებს. ამიტომ, მისი როლი პარტიის საქმიანობასა და ფუნქციონირებაში ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნების დროს იმ რეგიონმა, რომელსაც კირკიტაძე კურირებდა, კონკრეტულად რუსთავს ვგულისხმობ, ხელისუფლებას არჩევნები პირწმინდად მოუგო. საუბარია ორივე ტურზე.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანი სამიზნე არის ხელისუფლებისთვის.
– ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ არ ჩანდა, რომ მშვიდობიანად აპირებდა ამ აქციის ჩატარებას ოპოზიცია. ამაზე რას იტყვით? და იმ კადრების შეფასებაც საინტერესოა, როდესაც კირკიტაძე პოლიციელზე ძალადობს.
– ჩვენ არ შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ აქციის მონაწილეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა მშვიდობიანად გაეგრძელებინათ თავიანთი პროტესტი, მაგრამ მათ გზა ჩაუხერგეს. სწორედ ამას მოჰყვა ის მოვლენები, რომლებიც ადგილზე განვითარდა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა