სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილის რანგის პოლიტიკოსის დაკარგვის ფუფუნება საქართველოს არ აქვს”

სოსო ცინცაძე - "მარგველაშვილის რანგის პოლიტიკოსის დაკარგვის ფუფუნება საქართველოს არ აქვს"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთწლიან ვადას აფასებს.
– ბატონო სოსო, როგორი პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი?
– პირველ რიგში უნდა შევაფასოთ იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა. გიორგი მარგველაშვილი ფრთებდაჭრილი არწივი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ის იყო ინტელექტუალი, მოაზროვნე, ევროპელი, პროდასავლური ფასეულობების პოლიტიკოსი. ჩვენი პარლამენტის ფონზე, როდესაც ჩხუბი, გინება, შეურაცხყოფა ლამის ნორმად იქცეს, უკვე ქალებიც კი კბილების ჩალეწვაზე იწევენ, როდესაც პარლამენტი ძველბიჭების კლუბად არის ქცეული, ბოლო 5 წელი პრეზიდენტი მარგველაშვილი თეთრ ყვავად ჩანდა.
გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ნამდვილი ევროპელი ინტელიგენტია, ეს მას ეტყობოდა მთელი ამ ხნის მანძილზე, ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ მის თავაზიანობაზე, მე თუნდაც მის პოლიტიკურ ხედვებზე და გემოვნებაზე ვსაუბრობ.
– ვეტოების პრეზიდენტად მოიხსენიებენ მას. ეს იყო პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩავარდნა? ის კანონს ვეტოს ადებდა, მაგრამ შემდეგ ხელს აწერდა.
– არა, მე ვერ ვუწოდებდი ამას ჩავარდნას. ის ვეტოს გამოყენებით თავის პოზიციას აფიქსირებდა. ეს იყო მისი ბერკეტი და ამ ბერკეტზე ის უარს არ ამბობდა. მას ვერავინ წამოაძახებს, რომ ცუდ კანონს მხარს უჭერდა და ვეტოს უფლებას არ მიმართა, ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან.
– მაგრამ ბოლოს ხელს რომ აწერდა?
– ეს იყო მისი მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მისი ხელის არმოწერა არაფერს ცვლიდა, პარლამენტის თავმჯდომარე მაინც მოაწერდა და კანონპროექტი ყველა შემთხვევაში კანონად იქცეოდა.
სამწუხაროდ, დღეს პრეზიდენტს მხოლოდ თავისის პოზიციის დაფიქსირება შეუძლია და არა – მოქმედება, ეს არის განსხვავება. დღეს პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ერთი მხრივ, ის თავის პოზიციას აფიქსირებდა და ამით ყველას ეუბნებოდა, რომ ეს არ არის სწორი, მაგრამ მეორე მხრივ, ვინაიდან მას პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა და არ უნდოდა დესტაბილიზაცია შეეტანა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში, საბოლოო ჯამში კანონს ხელს აწერდა.
მარგველაშვილს არასდროს უკან არ დაუხევია საკუთარი აზრის გამოხატვაში. ის მართლაც ერთგული იყო საკუთარი პრინციპებისა და ღირებულებების.
ქართულ პოლიტიკაში ვერავის ვხედავ თავისი პრინციპების და ღირებულებების ასეთ ერთგულს. ეს ძალიან ცუდია. ქართველმა პოლიტიკოსებმა საკუთარ პრინციპებს გადააბიჯეს, მაგრამ მარგველაშვილი ასეთ კომპრომისზე არასდროს წასულა.
რასაკვირველია ის სიმბოლური პერსონა იყო, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღები პირი არ ყოფილა. ჩვენ შეგვეძლო გვენახა, თუ რის წინააღმდეგ გამოდიოდა პრეზიდენტი, რას არ იზარებდა და რა შეხედულება ჰქონდა მას. რას აკეთებდა, ამის ნახვა შეუძლებელი იყო, რადგან მას კონსტიტუციით არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
რას არ აკეთებდა – ამით შეგვიძლია პრეზიდენტი მარგველაშვილი განვსაზღვროთ და შევაფასოთ. მას კარგის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ ცუდს ეწინააღმდეგებოდა იმ ბლაგვი იარაღით, რომელიც მას კონსტიტუციამ დაუტოვა.
– რა იქნება მისი პოლიტიკური მომავალი? ის ამბობს, რომ ამ ვითარებაში მესამე პოლუსის არსებობა შეუძლებელია, მას კი ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა. ის თავის კარიერას მხოლოდ სამეცნიერო დონეზე გააგრძელებს?
– მე მგონი, მარგველაშვილი თავის საათს დაელოდება. 68 წლის დე გოლი 12 წელი ელოდა, მარგველაშვილი გაცილებით ახალგაზრდაა. მე მაინც მგონია, რომ მარგველაშვილის საათი კიდევ ერთხელ დადგება ქართულ პოლიტიკაში. ბოლოს და ბოლოს, მარგველაშვილის ტიპის და დონის პოლიტიკოსის დაკარგვის ფუფუნება საქართველოს ნამდვილად არ აქვს. მარგველაშვილი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, არ მგონია, რომ დუშეთში უნდა იჯდეს და მემუარებს წერდეს.
თემას ცოტა უნდა გადავუხვიო. მე მაინც მეგონა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის, კონკრეტულად კი ხელისუფლებისთვის, საფრანგეთში განვითარებული მოვლენები, სომხეთში განვითარებული პროცესები გაკვეთილი აღმოჩნდებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების არც ერთ წევრს, არც დეპუტატებს მაკრონის გამოსვლა არ აქვთ წაკითხული. რომ წაეკითხათ, შეუძლებელია, რაღაც დასკვნები არ გამოეტანათ.
– რა უნდა დაენახათ “ყვითელი ჟილეტების” აქციიდან?
– ამ აქციით გამოჩნდა თანამედროვე ფრანგული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხარვეზები. ეს კრიზისზე უარესია. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, როცა ქვეყანაში, სადაც ასეთი სოციალური გაჭირვებაა, პურის ფასი გაიზარდოს – ადამიანების დიდი უმრავლესობა მთელი დღე მხოლოდ პურზე და ჩაიზეა.
ამას ხომ გარკვეულ დასკვნამდე მივყავართ. პურის გაძვირების დაშვება ამ რეალობაში არის ლოგიკის მიღმა. ფინანსთა მინისტრის პოზიცია საბაზრო ეკონომიკაზე და ასე შემდეგ კი ზღაპრების სფეროდანაა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა