პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.
მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.
ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბინის მფლობელმა განუცხადა, ბინა ორ ახალგაზრდა მამაკაცზე დღეს საღამოს გააქირავა. ბინის მეპატრონე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო.
„ორ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს საღამოს მივაქირავე ბინა. არ ვიცი, მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ყველანაირად დაცული იყო“, – აღნიშნა ბინის მფლობელმა.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე მაშველებმა მუშაობა დაასრულეს. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.

