ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის დროს დაშავებული სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა

ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის დროს დაშავებული სოსო შერვაშიძე გარდაიცვალაბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული, ბათუმის მერიის 53 წლის თანამშრომელი, იოსებ/სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა.

ის გუშინ, 4 იანვარს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად ჩამოვარდნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის  ქვეშ მოყვა.

სოსო შერვაშიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ მიიყვანეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა.

ბათუმელების ცნობით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: „სოსო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მან იმ დღეს სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისას საკუთარი სიცოცხლე გასწირა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოსოს იცნობდა“.

სოსო შერვაშიძე შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. სწორედ ამ დროს დაშავდა სოსო შერვაშიძე.

მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერი ქარის შედეგად ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსის სახურავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის დროს დაშავებული სოსო შერვაშიძე გარდაიცვალა