განათლების რეფორმის ფარგლებში „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი დაინერგება. აღნიშნული განცხადება 25 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება მანდატურის სამსახურის გაძლიერება, მათ შორის მასთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.
არის თუ არა ეს ის, რასაც განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეშვიდე წელია ითხოვს და რა პრობლემებს ხედავს სკოლებში? – ამის შესახებ „ახალი თაობასთან“ ინტერვიუში დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
_ უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რაც განათლების სამინისტროში წარადგინეს, არის თუ არა ის, რასაც თქვენ ამდენი წელია ითხოვთ?
_ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი დარტყმა მათ განათლების სისტემას მიაყენეს. დაანგრიეს ყველაფერი, რისი დანგრევაც შეეძლოთ. წლების განმავლობაში ამას აკეთებდნენ. სამწუხაროდ, განათლების სხვადასხვა სფეროებში ამას მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები. დაწყებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, დამთავრებული სკოლის უსაფრთხოებით.
სამწუხაროდ, სკოლის უსაფრთხოების სისტემის მოშლას თან მოჰყვა მსხვერპლი. მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს. კარგია, რომ იმ რეფორმაზე დაბრუნება ხდება, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა. კარგია, რომ სისტემაში პროფესიონალები დააბრუნეს, მანდატურების სისტემას ვგულისხმობ. კარგია, რომ მათ გამოცდილებას ეყრდნობიან. მაგრამ ცუდია, რომ 7 წელი დავკარგეთ და ყველაზე ცუდია ის, რომ ამ მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა მსხვერპლი.
სამწუხაროდ, ამ ბავშვებს სიცოცხლის ჩვენ ვეღარ დავუბრუნებთ. კარგია, რომ მიხვდნენ, რომ რასაც აკეთებდნენ, ეს იყო ძალიან დიდი მავნებლობა და შეცდომა.
_ წარმოდგენილ კონცეფციას შეუძლია არსებული რეალობის შეცვლა? თუ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო?
_ უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მე დავიწყე 2010 წელს და ამის დანერგვა მოხდა მაშინ, როდესაც დავიწყეთ ძალადობის აღმოფხვრა და კონცეპტუალურად შევცვალეთ უსაფრთხოების სისტემა სკოლებში. ბევრს გვაკრიტიკებდნენ, ბევრს გვაგინებდნენ… ახლა რასაც საუბრობს განათლების სამინისტრო, ეს არის დაბრუნება იმ რეფორმის. პრობლემა არის ერთი, დრო გვაჩვენებს, რამდენად შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას.
_ რაში მდგომარეობს ეს პრობლემა?
_ უსაფრთხო სკოლის სისტემის ფუნდამენტი არის გამონაკლისების არდაშვება. ყველა თანაბარია, ყველა ჩართული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამონაკლისების დაშვება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი შვილია.
ჩვენი წარმატება, რაც 2010-12 წლებში მოვიპოვეთ, ზუსტად ამას ეფუძნებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვისი შვილი იყო. ყველა თანაბარი იყო შიდაგანაწესისის თანახმად და თანაბრად ევალებოდა დისციპლინის დაცვა და პრივილეგია არავის ჰქონდა. რამდენად შეძლებს ახლა განათლების სამინისტრო ამის გაკეთებას, ამაზე იქნება დამოკიდებული ამ რეფორმის დაბრუნების წარმატება.
სამწუხაროდ, ამ 7 წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ სკოლებში დაბრუნდა ყველაზე მახინჯი რამე _ პრივილიგირებული ბავშვების არსებობა და მშობლების გამო კონკრეტული ბავშვებისთვის რაღაცა ბენეფიტების მინიჭება.
_ ეს სარალიძის საქმეზე გამოძიების პროცესშიც გამოიკვეთა და ალბათ ამასაც გულისხმობთ.
_ თავისთავად.
_ გასაგებია, რომ სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხოება. პრობლემა არის ხოლმე სკოლის ფარგლებს გარეთ, ასე მოხდა ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროსაც. როგორ უნდა იყოს გაკონტროლებული ეს ადგილები?
_ უსაფრთხოება ზოგადად ქვეყანაში დიდწილად დამოკიდებულია ურთიერთობაზე და ინფორმაციის გაცვლაზე. ის უბედურება არ მოხდებოდა, 51-ე სკოლის მანდატურებს საქმის კურსში მშობლები რომ ჩაეყენებინათ.
მშობელი უსაფრთხო სკოლის კონცეფციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მშობელი სკოლაში არ იმყოფება და ის დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რომელსაც სკოლიდან იღებს. სკოლის უდიდესი პრობლემაა ის, რომ სკოლის დირექტორები და ხშირად მასწავლებლებიც ცდილობენ, დამალონ პრობლემა. თვლიან, რომ არიან დიდი ოჯახი და პრობლემის გარეთ გატანა ცუდია.
პრობლემას დამალვით ვერ მოაგვარებ. პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ყველა დაინტერესებული მხარის ურთიერთკავშირით და თანამშრომლობით. თუ პრობლემის შესახებ არ შეატყობინე მშობლებს ან თუ დანაშაული ხდება და შსს-ს არ შეატყობინე, ამით პრობლემა არ მოგვარდება. ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის.
თქვენი შეკითხვა რასაც ეხება, გარეთ რაც ხდება, იმაზე გიპასუხებთ, რომ მე იურისტი ვარ და ჩემი ერთ-ერთი სპეციალიზაციაა კრიმონოლოგია ანუ დანაშაულის არსი. გარეთ დანაშაული რაც ხდება, მძიმე დანაშაული, ანუ რაც ხდება აფექტის მდგომარეობით, ამის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. არასრულწლოვნები დანაშაულამდე რაღაც გარკვეულ გზას გადიან. ანუ, არასრულწლოვნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
ჯერ შერჩა ვიღაცის ცემა, მერე ფულის წართმევა, მერე სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, მერე პედაგოგის შეურაცხყოფა. როცა ის ამ გზას გადის და ხედავს, რომ არაფერი არ მოჰყვა, მერე უკვე მძიმე დანაშაულს ჩადის. იმიტომ, რომ დაუსჯელობის სინდრომით ბავშვი ვითარდება და უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის.
იგივე იყო 51-ე სკოლაში. ვიღაცა იყო პრივილეგირებული. ერთი შერჩა, მეორე შერჩა, დაუსჯელობა განვითარდა და ასეთი მძიმე დანაშაული მოხდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა. მანდატურებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციები თუ პრობლემის დამალვას გააგრძელებენ, რაც მოხდა 51-ე სკოლაში და რაც მოხდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაშიც, ბუნებრივია, პრობლემა ვერ მოგვარდება.
_ ხომ არ არის საჭირო, რომ ასეთი ტიპის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, ვინც დანაშაულს მალავენ, პასუხისმგებლობა დაეკისროთ?
_ ყველა სკოლაში შიდაგანაწესია, რომელიც დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. ეს ამას, ბუნებრივია, გულისხმობს. მთავარია, რომ მისი განხორციელება უნდა მოხდეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობა დიდწილად იმაზე იყო დამოკიდებული, რომ სკოლის ადმინისტრაციამ პრობლემა დამალა. ყველამ იცოდა, რომ ეს კონფლიქტი ასე არ დამთავრდებოდა. ეს ბავშვები საკლასო ოთახში რომ დაეკავებინათ, გამოეძახებინათ მშობლები და მათთვის გადაეცათ ეს ბავშვები, ხომ არაფერი მოხდებოდა?! ეს არის სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივა.
მე მინდა შეგახსენოთ 162-ე სკოლის მაგალითი (თუ არ ვცდები). 2013 წელს, როდესაც მოხდა ამ სკოლაში 2 ბავშვის დაჭრა და მანდატურებმა გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟები, სკოლის დირექტორმა კამერების წინაშე უყვირა მანდატურებს, როგორ გაბედეთ, რომ ეს ამბავი სკოლიდან გაიტანეთ და საპატრულო პოლიცია გამოიძახეთო.
ამის შემდეგ ეს მანდატურები დაისაჯნენ და გაყარეს სამსახურიდან. იმის გამო, რომ დაჭრაზე პოლიცია გამოიძახეს. სკოლის დირექტორმა თქვა, რა მოხდა, ბავშვებმა იხუმრესო. ერთმანეთს 3 თუ 4 ჭრილობა მიაყენეს და თურმე ეს ხუმრობა ყოფილა. 2013 წელსაც ვთქვი, რომ ეს მძიმედ დასრულდებოდა.
განათლების დღევანდელმა მინისტრმა გულთან მიიტანა და ცდილობს, რომ ძველი რეფორმა დააბრუნოს. მაგრამ შეკითხვა მარტივია. ამ ყველაფერზე პასუხს ვინ აგებს? ამ მავნებლობაზე ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს?!
_ თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს პასუხი?
_ არ ვიცი. უფრო სწორად კი ვიცი, მაგრამ ეს ხომ ჩემი კომპეტენცია არ არის ახლა?! მანდატურების სისტემის დანგრევა ხომ მარგველაშვილმა დაიწყო?! განათლების მინისტრად მისი მოსვლის შემდეგ, პირველი რაც გააკეთა, იყო ამ სისტემის ნგრევა. ნაჯახით მიადგა და დაიწყო ამის ჩეხვა. არც მინისტრობის და არც პრეზიდენტობის პერიოდში ამ კაცმა არაფერი არ გააკეთა.
_ ასე ფიქრობთ, რომ პასუხი მარგველაშვილს უნდა მოეთხოვოს?
_ მე მაინტერესებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა გავანადგუროთ მანდატურების სამსახური, პროფესიონალები გავყაროთ სამსახურებიდან, მოვიყვანოთ აბსოლუტურად არადეკვატური ხალხიო, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
წინადადება ჰქონდათ, ჰიპნოზით ვუმკურნალოთ ჰიპერაქტიურ ბავშვებს, ფსიქოლოგიური ტესტები ვატაროთ სკოლებში, ფსიქოლოგები შევიყვანოთ და ჰიპნოზით შეისწავლიან ბავშვების საქციელსო. ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ყველას წინაშე იყო?! ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს, სამწუხაროდ, ეს მე არ ვიცი.
_ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დამძიმებულია, მაგრამ მოზარდებში განსაკუთრებით არის ეს. ხშირია მათ მიერ მაღაზიების გატეხვა, არის გარჩევები, ქურდული მენტალიტეტი და ა. შ. ხომ არ ხედავთ ძალიან სახიფათო ტენდენციებს ამ მხრივ?
_ ბუნებრივია, ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და ბუნებრივია, ეს არის შედეგი ქვეყანაში საერთო მდგომარეობის. არასრულწლოვნები ყველაზე ფაქიზი ჯგუფია, რომელზე ზეგავლენასაც ეს ყველაფერი ყველაზე მარტივად ახდენს. ეს ბუნებრივია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხდება სკოლებშიც და გარეთაც. პოლიციამ უნდა იმუშაოს გარეთ, ხოლო სკოლებში _ ადმინისტრაციამ და მანდატურებმა.
_ ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაშო მოსვლის დღიდანვე დაანგრია განათლების სისტემა. ამის გამოძახილი ხომ არ არის ის, რომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე ბევრი პედაგოგი ჩაიჭრა?
_ 2010 წელს დავიწყე პედაგოგების სერთიფიცირების პროცესი, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მექანიზმი. ბევრი კრიტიკა და გინება მოჰყვა, თუმცა ზუსტად 1 წელიწადში ჩვენ დაახლოებით 18.000 სერთიფიცირებული პედაგოგი გვყავდა. დაახლოებით ყოველი მესამე პედაგოგის მაღალი კვალიფიკაცია იყო დადასტურებული. „ოცნებამ“ ეს ყველაფერი გააუქმა.
„მასწავლებლის სახლის“ ბიუჯეტი იყო დაახლოებით 24 მილიონი, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაეხარჯათ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 24 მილიონი გაამრავლეთ 7-ზე და მიიღეთ, რა თანხაა ჰაერში გასროლილი.
„მასწავლებლის სახლი“ მოკლეს, გაანადგურეს, გააპარტახეს. შენობაზე ზედმეტია ლაპარაკი, კონცეფციას ვგულისხმობ. იმის ნაცვლად, რომ ეს 24 მილიონი ყოველწლიურად პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დაეხარჯათ, ეს ფული დახარჯეს უაზრო სისტემის შექმნაზე, თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის უაზრო და არასოდეს არ იმუშავებს. თუმცა, ამას ჯიუტად ახორციელებენ.
ახლა ამ მინისტრმა ეს გააუქმა. ახლა გაირკვა, რომ უვარგისი სისტემაა და არ მუშაობს. თქვენ რომ შეხვიდეთ „მასწავლებლის სახლის“ „ფეისბუქის“ გვერდებზე, დაინახავთ, რომ ყოველთვე დადიან კარგ მოგზაურობებში _ პარიზში, ლონდონში, ლისაბონში… ანუ ამ ფულს თავის თავზე ხარჯავენ, თავის პრემიებზე და დანამატებზე. იმის ნაცვლად, რომ პედაგოგებზე იყოს დახარჯული ფული.
ჩვენ ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს, მაგრამ მათ სჭირდებათ დახმარება. მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარებდა. მაგალითად, ფიზიკა ყოველთვიურად ვითარდება. პედაგოგმა, რომელმაც უნივერსიტეტი 80-იან წლებში დაამთავრა, არ შეიძლება იცოდეს გრავიტაციის ტალღების კანონის შესახებ, რომ ის დამტკიცდა 2 წლის წინ. თუ შენ არ დაეხმარე პედაგოგს ახალი მასალის ათვისებაში, ბუნებრივია, ჩვენი ბავშვებიც ჩამორჩებიან, რაც, სამწუხაროდ, ხდება.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა