გია ხუხაშვილი – “ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველას ვალში ჩავარდა”

გია ხუხაშვილი - "ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველას ვალში ჩავარდა"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ელოდით მოვლენების ასე დასრულებას?
– “ქართული ოცნება” ერთი კაცია. იქ არავის აქვს საკუთარი თამაშის დაწყების პოლიტიკური კაპიტალი. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არც არავის უნდა. დამოუკიდებლად რა უნდა აკეთონ?! ერთი პრემიერი, მეორე პრემიერი, ახლა დეპუტატები ვის რაში სჭირდება?! ვიღაცა თუ წიხლით არ გააგდებს, არც არავინ წამოვა თავისი ნებით. “ქართული ოცნების” პოზიციაა – პრინციპები კარგია, მაგრამ არა – კეთილდღეობის ხარჯზე.
ჩინჩალაძე სად იყო აქამდე?! შემთხვევით ეს 6 წელი იქ ხომ არ იყო?! მეთოფიშვილი სად იყო აქამდე, ხომ არ იცით?!
– ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებით არის ამ ხალხის უვადო მოსამართლეობა გარანტირებული.
– დიახ, სწორედ ამას გეუბნებით. ამიტომ, შიდა პოლიტიკური გადანაწილების კატალიზატორი აღმოჩნდა “პრინციპები”. თავიანთი პატარა პოლიტიკური ჭია რომ გაახარონ, ამისთვის მიდის ბრძოლა, მეტი არაფერი.
– თუ ეს ადამიანები იტყვიან, ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა, რისთვისაც ვიბრძოდით, ის მივიღეთო?
– რა ბრძოლა?! მითხარით, რა იცვლება ამ სახელმწიფოსთვის, “ქართულ ოცნებას” დატოვებს ბესელია თუ არ დატოვებს?!
სასამართლოს გაჯანსაღებისთვის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, რომელიც ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ. ტერმინი “კოლექტიური მურუსიძე” თქვენი მონამორჩილის დამკვიდრებულია, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ჩემი დამსახურებაა რამე. ბევრად მეტი დამსახურება აქვს ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას, პირველ რიგში ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს. ეს ადამიანები არიან ამ საქმის მედროშეები. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვაიძულოთ ზეწოლით ხელისუფლება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ეს არ არის ბესელიას ბრძოლა, ეს ჩვენი, საზოგადოების ბრძოლაა, რომელსაც ტაქტიკური მოსაზრებების გამო შემოუერთდა ბესელია. კი ბატონო, ცუდი არ არის, მაგრამ არც ბესელია და არც ფოფხაძე არ არიან ამ საქმის მედროშეები. მთელი 6 წელი მშვენივრად იტანდნენ მურუსიძესაც და ჩინჩალაძესაც.
– ამ ეტაპისთვის ბიძინა ივანიშვილმა უკან დაიხია?
– დღეს ივანიშვილის ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ ის ფასადურ ერთიანობას ინარჩუნებს. “ქართული ოცნება” იმ ოჯახს ჰგავს, რომელშიც ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ იტანს, მაგრამ ერთად ცხოვრობენ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. ასეთი მოცემულობა გვაქვს.
ბიძინა ივანიშვილმა მანკიერი შენობა ააშენა, რომლის დანგრევის საფრთხე დღეს ყველაზე მეტად დგას. ამიტომ ის ახლა ცდილობს, ეს შენობა სადღაც გაამაგროს, სადღაც რაღაცა შეუდგას, მაგრამ ეს ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო, რადგან დღეს თუ ხვალ ეს შენობა აუცილებლად ჩამოინგრევა.
მე გულწრფელად გეტყვით, რომ ამისთვის ივანიშვილი არ მემეტება. როდესაც ადამიანებს არაფერი არ აერთიანებთ, ისინი ბოლოს და ბოლოს იშლებიან.
– წერილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, მან ახლების მხარე დაიჭირა. დღეს ივანიშვილი ამ პოზიციის შეცვლას ცდილობს?
– დიახ, დღეს ივანიშვილი მანევრირებს. ის ახალგაზრდებიც გარკვეული ინსტრუმენტია მისთვის, როგორც დანარჩენები. რა თქმა უნდა, მას აღიზიანებს, ძველი გვარდიის წინაშე ვალში რომ ჩავარდა არჩევნების დროს. მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ახალგაზდულ ფრთასთან მუშაობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან არიან ვალში და არა – პირიქით. ამიტომ, მათთან მუშაობა ბევრად უფრო კომფორტულია, მაგრამ ის მაინც მანევრირებს იმისთვის, რომ იქამდე არ დაიძაბოს სიტუაცია, რომ დროზე ადრე ჩამოიშალოს ყველაფერი. ეს არის და ეს.
იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ეს ახალგაზრდები საყვარელი შვილები არიან. როგორც კი დასჭირდება, მათაც ისე გასწირავს, როგორც ეს ძველები გაწირა. ისინი არიან ინსტრუმენტები ჩემთვის ძალიან გაუგებარ თამაშში.
ბიძინა ივანიშვილის მთელი ნარატივი არის ის, რომ ყველა მასთან ვალშია, მას კი არავის ვალი არ აქვს. ეს მისი ფილოსოფია საპრეზიდენტო არჩევნებმა დაანგრია და გეტყვით, რატომ: მას დასჭირდა დახმარება, დახმარება ძველი გვარდიის, საზოგადოების, ხალხის, ფაქტობრივად, ის ყველას ვალში ჩავარდა.
ამიტომ, ის მოცემულობა, რომ ყველა მასთან იყო ვალში, უცბად შეიცვალა, ახლა ის არის ვალში. ერთადერთი, ვისი ვალიც ივანიშვილს არ აქვს, ეს არის კობახიძე. ამიტომ, კობახიძესთან ურჩევნია ურთიერთობა, რადგან ეს ბევრად უფრო მარტივია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა