გია ხუხაშვილი – “ოცნების“ დეგრადაცია გარდაუვალი იყო და ეს პროცესი გაგრძელდება“

გია ხუხაშვილი - “ოცნების“ დეგრადაცია გარდაუვალი იყო და ეს პროცესი გაგრძელდება“„ქართულ ოცნებაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვითარების მოგვარება ისევ ბიძინა ივანიშვილმა სცადა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველად გამოჩნდა. უფრო სწორად, საზოგადოების წინაშე ისევ არ გამოჩენილა, თუმცა „ქართული ოცნების“ სხდომა მისი მონაწილეობით წარიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან გედევან ფოფხაძე უკან გაიწვიეს.

რა პროცესებია „ქართულ ოცნებაში“ და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? – ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ იმაზე, რაც სალომე სამადაშვილმა ეკა ბესელიაზე დაწერა. თქვა, რომ ბესელია დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ივანიშვილმა სუს-ის დავალებების შემსრულებლად დატოვა.

_ ეს არის ჭორაობა. მე ასეთ რაღაცებზე ვერ ვილაპარაკებ. არც მგონია, რომ ეს ვინმესთვის საინტერესო იყოს. უფრო სწორად, შესაძლოა, საინტერესო იყოს, მაგრამ მე ასეთი რაღაცებით დაკავებული არ ვარ. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს უყენებ ბრალდებას, მაშინ საკმარისი საფუძველი უნდა გქონდეს. მე დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. როგორც ჩანს, სამადაშვილმა იცის.

_ ბესელიამ თქვა, რომ რაღაცების საუბარს დაიწყებს გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ელოდებით თუ არა ხმაურიან განცხადებებს?

_ „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი გარდაუვალი იყო და ჩანდა ყველა შემთხვევაში. მისი დეგრადაციის პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება. ივანიშვილი ცდილობს, შეუთავსებელი ერთმანეთთან შეათავსოს და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მას პოლიტიკურ ნაგავში უწევს ქექვა ძირითადად.

როდესაც საქმე მმართველ პარტიას ეხება, ამით სახელმწიფო ზიანდება. თავის გარჩევებს თვითონ მიხედონ და ეს სულ არ იქნებოდა საინტერესო, ეს პარტია ხელისუფლებაში რომ არ იყოს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას პოლიტიკურ ნაგავში ქექვით უწევს დაკავება. სახელმწიფოს განვითარებაზე ზრუნვა და სახელმწიფო გამოწვევები უკანა პლანზეა გადაწეული. ეს იქცა პრობლემატურად და ეს არის სამწუხარო.

_ თვითონ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩენილა და მას კვლავ მოუწია და პარტიულ საქმიანობაში ჩართვა და რაღაცების მოგვარება, რაზე მეტყველებს და აქვს თუ არა მას რაღაცების მოგვარების რესურსი?

_ მხოლოდ ტაქტიკური, აი, გადაგორების რეჟიმში. ის, რომ პრობლემა გადაწყვიტოს და რაღაც ერთიანი გუნდი შეკრას ერთიანი ხედვითა და მსოფლმხედველობით, მას არ შეუძლია.

ამიტომ, ის გადაგორების რეჟიმშია. წარმოიდგინეთ ნავი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ხვრელი. ივანიშვილი ცდილობს, რომ თითებით დაგმანოს ეს ყველაფერი და ამით შეაჩეროს ნავის ჩაძირვა. ხომ კარგად გვესმის, რომ ეს შეუძლებელი ამოცანაა. კარგად გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილს გენერალური რემონტის რესურსი აღარ აქვს, რათა ყველაფერი გენერალურად და სისტემურად გამოასწოროს. ჩაძირვის შენელება თითებით შეუძლებელია, მაგრამ ამით ცდილობს შენელებას.

_ ვადამდელ არჩევნებამდე ხომ არ მივა პროცესები? როგორია თქვენი პროგნოზი?

_ არ ვიცი. მე ამას არ ვისურვებდი. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ტოვებს ძალიან დიდ ვაკუუმს. ეს ვაკუუმი კი რაღაცამ უნდა შეავსოს. ეს რაღაცა ჯერ არ დაბადებულა. აქედან გამომდინარე ვადამდელი არჩევნები ჩვენი სახელმწიფოებრიობის პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

_ ვის აწყობს თქვენი შეფასებით ვადამდელი არჩევნები?

_ ისევ „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას. მათ აწყობთ ისევ, რომ რაღაც პოლიტიკური თამაში გაითამაშონ, ცნობილი ორპოლუსიანობის, შუას გაკრეფვის პრინციპით. მე არ მგონია, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს ის აწყობდეს.

_ სხვა პოლიტიკური ჯგუფები როგორ უნდა დაუპირისპირდნენ, რომ ეს რეალობა არ მივიღოთ?

_ პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების მთავარი საკითხი უნდა გახდეს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება 2020 წელს. ეს არის მთავარი თემა. არა ვადამდელი არჩევნები, არამედ პროპორციული არჩევნები, რათა აი ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ქართველი მაჟორიტარი, არა ზოგადად მაჟორიტარი, არამედ ქართველი მაჟორიტარი, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

_ ქართველი მაჟორიტარის სიმახინჯეში რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ეს არის სახელისუფლებო რესურსი ძირითადად. აქ არიან აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ საკუთარი ბიზნესის „კრიშით“ არიან დაკავებულები და სხვა არაფერი აინტერესებთ. ეს უნდა დავამთავროთ.

_ როცა „ქართული ოცნება“ არც დათმობებზე არ მიდის და არც _ თანამშრომლობაზე, ეს შედეგი როგორ უნდა დადგეს?

_ ეს არის ამოცანა. ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ამოცანა. უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ გადადგას ეს ნაბიჯი. ის არ მიდის თანამშრომლობაზე ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ თუ ის აღმოჩნდა იზოლაციაში, რაღაც ფორმით მას მოუწევს თანამშრომლობა. იმიტომ, რომ თუ ის ამას არ გააკეთებს და ამ მდგომარეობით მივა 2020 წლის არჩევნებამდე, ამას თავისი პოლიტიკური ფასი ექნება. შესაძლოა, მან კიდევ უფრო მწარედ წააგოს.

_ მათ შორის საჭიროა საპროტესტო აქციებიც?

_ ყველა პოლიტიკური მეთოდი, რაც კონსტიტუციის ფარგლებში ეტევა, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ფორმები ყველა უნდა იყოს გამოყენებული, რაც კანონის ჩარჩოებში ჯდება.

_ თქვენ გქონდათ დაანონსებული მესამე ძალის ფორმირება. ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა?

_ არა, მე მესამე ძალის ფორმირება არ დამიანონსებია. მე დავაანონსე ის, რომ მე ამაში მონაწილეობას მივიღებ.

_ ხომ არ დაგიწყიათ ამ პროცესში ჩართვა?

_ რაღაცას ვფიქრობ, რაღაცას ვსაუბრობ. ისეთი ჯერ არაფერია, რაც შესაძლოა სალაპარაკოდ ღირდეს, ან მასზე ლაპარაკი მინდოდეს.

_ თქვენს თავს პოლიტიკაში ვერ ხედავთ?

_ არა. მე არ ვარ კლასიკური ფორმით პოლიტიკოსი. მე არ მაქვს არანაირი კარიერული ამბიციები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობის, მათ შორის ჩემი ამოცანაც არის ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევძლოთ და ახალგაზრდები შემოვიყვანოთ თამაშში. მათ გადავაბაროთ ეს ქვეყანა და პირველ ეტაპზე დავეხმაროთ. ამის იქით საკუთარ თავს ვერ ვხედავ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა