ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მონაცემები გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მონაცემები გამოაქვეყნესჰაკერებმა ინტერნეტში ასობით გერმანელი პოლიტიკოსის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს.

„ტვიტერში“ გამოქვეყნებულია გერმანელი პოლიტიკოსების მობილური ტელეფონის ნომრები, მისამართები, ასევე შიდაპარტიული დოკუმენტაცია.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის პასპორტის ასლი, მათი ოჯახის წევრების საკრედიტო ბარათების მონაცემები და მიმოწერა.

ამ ჰაკერული შეტევის სამიზნე გერმანიის პარლამენტის ყველა პარტია გახდა, გარდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისა“.

”გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყებიდან მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა”, _ ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მარტინა ფიცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ გერმანელი პოლიტიკოსების პირადი მონაცემები გავრცელდა. ამ ეტაპზე მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

_ გერმანიის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ ინციდენტს. ინტერნეტში ყველა დონის პოლიტიკოსების პირადი მონაცემები გავრცელდა: ევროპარლამენტის დეპუტატები, ბუნდესტაგის, ლანდტაგების [რეგიონული პარლამენტები] წევრები. ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ეს ინციდენტი გამოიძიონ. რაც შეეხება ფედერალური კანცლერის უწყებას, საიდუმლო მონაცემების გაჟონვა არ არის დაფიქსირებული, _ განაცხადა მან.

მარტინა ფიცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ამ ინციდენტის უკან.

ინტერპრესნიუსი