საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულთა რაოდენობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად სახელმწიფოს ამ ეტაპზე ბერკეტი არ გააჩნია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემიდან გარკვეული გამოსავალი არსებობს.
რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ ოკუპაციის დასაძლევად, რა შედეგებამდე მივალთ თუკი ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა და როგორია ამ დროისთვის ვითარება საოკუპაციო ზოლთან?
გაზეთ „ახალ თაობასთან“ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საუბრობს.
ირაკლი ალადაშვილი:
_ იცით, როგორი ტაქტიკა აქვთ?! ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ დაინახავენ, მაგალითად თავის ეზოში, რამდენიმე ათეული მეტრიდან ეძახიან, ავტომატს მიუშვერენ ხოლმე და ეუბნებიან, „მოდი აქ, თორემ გესვრი“. უბრალო მოქალაქე შეშინებულია და როგორც კი მათ მიუახლოვდება, არღვევს საოკუპაციო ზოლს და ასე იტაცებენ.
_ სამხედრო სამსახურში თუ არსებობს პრობლემები, რომლებისთვისაც სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. თუნდაც უსაფრთხოების კუთხით. ვგულისხმობ, მაგალითად საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და ჩვენს სამხედროებს.
_ საოკუპაციო ზოლთან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განთავსება შეუძლებელია, რადგან ევროკავშირის წარმომადგენლები ამის წინააღმდეგი არიან გასაგები მიზეზების გამო, მორიგეობას ახორციელებენ მხოლოდ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ამიტომ ამ შემთხვევაში სამხედროების უსაფრთხოება დაცულია.
_ იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც ზოლთან ცხოვრობენ და ხშირად ხდებიან გატაცების მსხვერპლი რუსი სამხედროების მხრიდან, რა ღონისძებების გატარებაა შესაძლებელი?
_ ეს დიდი პრობლემაა და შეიძლება ჩაითვალოს, რომ თანამედროვე ლეკიანობაა საქართველოში. ისინი თითქოს გვაიძულებენ, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ თანახმა, რომ გავავლოთ მესერი ან ღობე და მოტაცებაც აღარ გახდება საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ ნელნელა ისინი ეცდებიან „სახელმწიფო“ საზღვარი დააფიქსირონ. აი, ზუსტად ამისკენ გვიბიძგებენ. მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება.
ხალხის მოტაცებას საოკუპაციო ხაზიდან რუსი მესაზღვრეები აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მადლობები მიიღონ. იგივეს ცდილობენ ოსი ე.წ მესაზღვრეები, რომლებიც ყოველთვის გამოსასყიდის მიღებას ცდილობენ ხოლმე. ადრე იყო 2000 რუბლი, ახლა მოიმატა.
_ როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს და რა შედეგებამდე მივალთ საბოლოოდ?
_ სამწუხაროდ, ეს ისევ გაგრძელდება. ეს არის ერთგვარი პროვოკაცია. თუ ქართულმა სახელმწიფომ მიიღო გარკვეული ზომა და ამის გაკეთება მარტივია, ამას ელოდება მოსკოვი, რომ რაღაც საბაბი ჰქონდეს შემდეგ.
_ ჩვენი ხელისუფლებისთვის რა მხრივ არის მარტივი?
_ მარტივი იმ გაგებით არის, რომ სადაც ქართულ მოსახლეობას იტაცებენ, ჩვენი მხრიდანაც შესაძლებელია მათი დაკავება, ვინც ამას აკეთებს. არ არის ეს დიდი პრობლემა, მაგრამ ესენი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენგანაც თუ საპასუხო რეაქცია იქნება, მერე ამას პროცესის გართულება მოჰყვეს.
_ გამოდის, რომ ჯერჯერობით გამოსავალი არ არის.
_ გამოსავალი უნდა გამოიძებნოს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
_ კონსტიტუციაში გამოჩნდა ახალი ტერმინი „თავდაცვის ძალები“, რამაც შეცვალა ტერმინი „სამხედრო ძალები“.რატომ გახდა კონსტიტუციაში ეს ცვლილება საჭირო, რას გულისხმობს ის და რა დადებითი მხარე აქვს ქვეყნისთვის?
_ როდესაც ქართული არმია შეიქმნა, იყო „შეიარაღებული ძალები“, შემდეგ შემოვიდა ტერმინი „სამხედრო ძალები“, სადაც გაერთიანდა არამხოლოდ შეიარაღებული ძალები თავდაცვის სამინისტროსი, არამედ სხვა პარამილიტარული ძალები. შსს-საც ჰყავდა შეიარაღებული ფორმირებები, კიდევ სხვა ძალოვან სტრუქტურებს და ყველა ერთად იყო სამხედრო ძალების ეგიდით გაერთიანებული.
ახლა კი ახალი კონსტიტუციით შემოვიდა „თავდაცვის ძალები“. სანამ შემოვიდოდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ექსპერტებს გაგვაცნო ეს ცნება, რას ნიშნავს, როგორ შემოდის. დღეს ისე ხდება, რომ ყოფილი გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების უფროსად გვევლინება.
_ რაიმე დადებითი მხარე აქვს ამას ქვეყნისთვის?
_ ამით განსაკუთრებული არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა დახვეწა. ცხოვრება წინ მიდის და საჭიროა, კონტიტუციაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა ამ ტერმინის ცვლილებამ რომ განსაკუთრებულად გააძლიეროს ან შეასუსტოს ქართული არმია, ასე ხმამაღლა თქმა არ შეიძლება. ყველაფერი თავის ჩარჩოებში ექცევა უბრალოდ.
ეს ცვლილება თავისთავად გულისხმობს, რომ ფიცის ტექსტიც უნდა შეიცვალოს. თუ ადრე იყო ფიცის დადების წინ სამხედრო შეიარაღებულ ძალებს, ახსენებდა, ახლა თავდაცვის ძალებს იტყვის.
_ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ისე შსს-ში, სუს-ში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. ამასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ არმიაში უნდა იყოს შესაძლებელი, დანარჩენებს ყარაულისთვის სჭირდებათ და უფასო მუშახელია მათთვისო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ეს აზრი მე თვითონაც მაქვს გამოთქმული და ვეთანხმები. საერთოდ, მე მგონია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა მოხდეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ მხრიდან.
თავდაცვის სამინისტრო პირველი 3 თვე ამზადებს „ბისიდის“ (წვრთნის და აღჭურვის) პროგრამით, ანუ იმ 3 თვეში სავალდებულო მოსამსახურე იგივე სავალდებულო მომზადებას გადის, როგორც კონტრაქტით მომსახურე ახალი მისული, რაც ძალიან კარგია.
ამის შემდეგ უკვე შეიძლება მომზადებული ჯარისკაცების გაგზავნა იგივე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურში, კიდევ სხვა ძალოვან სტრუქტურებშიც, თუმცა სასჯელაღსრულებაში მე მიმაჩნია, რომ ჯარისკაცი არ უნდა იდგეს.
თუკი ასე მოხდება, სასჯელაღსრულებისს დაწესებულებამ კეთილი უნდა ინებოს და კონტრაქტით აიყვანოს ადამიანი, ფული გადაუხადოს და ისე დააყენოს ის. ვფიქრობ, ჯარისკაცი და ციხე შორსაა ერთმანეთისგან და ასე არ უნდა ხდებოდეს.
ლია მენაბდე, ახალი თაობა