კიევის ცენტრში ქუჩის კამერებმა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის მკვლელობა დააფიქსირეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ჩანაწერში ჩანს, როგორ ურტყამენ მას თავში. ის დაეცა და ვეღარ შეძლო ადგომა.
26 წლის ვასილი ხმელიუკი მუშაობდა უწყებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინელი მოკრივე პეტრ ოჩერეტიანია. ის თავად ჩაბარდა პოლიციას. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევა 2 იანვრის ღამით მოხდა. ხმელიუკმა კინაღამ გაიტანა მანქანით ორი ძაღლი, რომლებსაც ოჩერეტიანი ასეირნებდა. მოკრივესა და დაცვის წევრს შორის კონფლიქტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ხმელიუკის გადარჩენა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

