მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი”

მამუკა გამყრელიძე - "სააკაშვილს 10 მილიარდი საიდან აქვს, არ ვიცი"რას აპირებს ოპოზიცია და რატომ გააქტიურდა სააკაშვილი? ამ საკითხებზე “ახალ თაობას” “ძალა ერთობაშია”-ს ერთ ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება.
– ბატონო მამუკა, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად იქცა მოსამართლეთა დანიშვნის წესი. რა ხდება რეალურად?
– განსაკუთრებული არაფერი ხდება, ის, რაც ხდებოდა გასული 25 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს ისე მოიწყოს ვითარება, რომ მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. Eეს გააკეთა ყველა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიაზე არ ვსაუბრობ.
– აღიარებთ, რომ წინა ხელისუფლებამაც?
– მე ამას არც უარვყოფდი არასდროს. სააკაშვილის ინტერვიუს ვუსმენდი გუშინ, ცხრაჯერ ჩაეკითხა წამყვანი, რომ ეხლა ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ თქვენ დროს იყოო? გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, თქვა, რომ ამ მხრივ შეცდომა დავუშვითო. მაინც კარგია, რომ აღიარა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ეს შეცდომა კი არა, დანაშაულის ტოლფასი შეცდომა იყო. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მერე მოდის ახალი ხელისუფლება, რომელიც ამ ტალღაზე, რომ აი ჩვენ სამართლიანობას დავამყარებთ, კანონს და სამართალს ავიყვანთ მაქსიმალურ დონეზე, იყენებს სწორედ იმ კადრებს, რომლებიც ყველაზე ცუდი იყო ნაციონალების დროს.
– ნაციონალების მოსამართლეებს გულისხობთ?
– რა თქმა უნდა. ამ სასამართლოზე, ამ პროკურატურაზე და ამ ძალადობაზე დაყრდნობით აპირებს, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა.
– იწურება “ოცნების” ვადა და ცდილობენ, გაიხანგრძლივონ ძალაუფლება?
– რა თქმა უნდა. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ისე გააკეთონ, რომ მშვიდად გადააბარონ ხელისუფლება. 2 ვადის შემდეგ, სულ რომ გადასარევი ხელისუფლება იყოს, ხალხს მაინც ბეზრდება და ეს ხელისუფლება მითუმეტეს.
ხალხის წინააღმდეგ ვერავინ წავა. დღეს ნაციონალები რომ გვაყვედრიან, მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლებაო. გადააბარეთ იმიტომ, რომ ხალხმა მოისურვა ასე. რომელ ხელისუფლებას უნდა, რომ დათმოს.
– სააკაშვილს ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონია.
– ასეა, რა თქმა უნდა. იმათ ტვინი მაინც ეყოთ და გამწვავებაზე არ წავიდნენ, ამათ, ნაციონალებისგან განსხვავებით, ტვინიც არ ჰყოფნით. ნაციონალებმა შეინარჩუნეს თავისი რენომე, როგორც დემოკრატიული ხელისუფლებისა და რომ მიხვდნენ, სხვა გზა არ იყო, გადააბარეს ხელისუფლება.
ესენი ამას არ იზამენ. ესენი ბოლომდე გაიჩაჩხებიან და ჩვენ მივიღებთ ძალიან არასასიამოვნო პროცესებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით კარგს არაფერს ველოდები.
– ესენი წავლენ ხალხის წინააღმდეგ?
– ესენი იქნებიან ბოლომდე, ძალოვანებზე დაყრდნობით, იმ უნამუსო, გაფუჭებულ, სასამართლოზე პროკურატურაზე დაყრდნობით, რომელიც წინა ხელისუფლებაზე დროს იყო. ამათ გააათმაგეს მათი თავხედობა და სწორედ მათზე დაყრდნობით მივიღებთ ძალისმიერ მეთოდებს და არეულობას. ძალიან არ მინდა, რომ ასე იყოს.
– ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილი. ვისი ან რისი იმედი აქვს? რას გეგმავენ და რეალურად რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში?
– არ ვიცი. ნაციონალური მოძრაობა არის ნაწილი ამ დიდი გაერთიანებისა. ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს გაერთიანების კუთხით. პარტიების დიდი უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს, რომ საარჩევნოდ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ.
რას იზამს სააკაშვილი, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. ცოტა გამიკვირდა მისი განცხადება, აი, მე ჩამოვალ, მაგრამ არ გეტყვით, როდის ჩამოვალ. თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ვინ უშლის? უცნაურად აპელირებდა ამ მილიარდებზე, საიდან, როგორ, არაფერი ვიცი.
– მას ხომ არ ჰგონია, რომ პროცესიდან მის ჩამოშორებას ცდილობთ და ამიტომ გახდა ასეთი აქტიური?
– არ ვიცი. ის რადგან მოშორებულია ამ პროცესს, მას დიდი მოთხოვნილება აქვს, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. სააკაშვილს არავინ აჩოჩებს, ის ნაციონალების ლიდერია და მას არავინ მიჯნავს.
დღეს ერთადერთი მთავარი მიზანი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, გავერთიანდეთ ამ არჩევნების წინ, რომ ეს მახინჯი ფორმა, რასაც არაფორმალური მმართველობა ჰქვია, აღარ არსებობდეს.
უნდა დავუბრუნდეთ სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის სისტემას. კარგი მთავრობა იქნება თუ ცუდი, ეს კიდევ მეორე საკითხია. თუ მთავრობა არ გამოდგება, ის უნდა გაუშვა და ახალი აირჩიო. ხოლო როდესაც ვიღაცა ხელში ჩაიგდებს მმართველობას, თანაც არაფორმალურად და მას დაეპატრონება რვაფეხასავით, ეს ძალიან ცუდია, ძალიან.
– რამდენად მარტივად გაუშვებს ამ ძალაუფლებას საცეცებს ივანიშვილი?
– არ მგონია, რომ მარტივად გაუშვას. ამას, შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. ისევ იქნება აპელირება იმაზე, რომ, აი, ნაციონალური მოძრაობა ბუაა. საზოგადოება ნელ-ნელა უნდა მიხვდეს იმას, რომ ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობა აღარაა საშიში.
– ბიზნესსაც მაქსიმალურად ავიწროვებენ, რათა არ მოხდეს ოპოზიციის დაფინანსებაო და თანხების გარეშე მარტივი იქნება მოგება? თუ მიშას იმედზეა ოპოზიცია?
– რა თქმა უნდა, თანხების გარეშე ძნელია და მეც მგონია, რომ სწორედ იმიტომ აპელირებს 10 მილიარდზე სააკაშვილი. თუმცა არ ვიცი, საიდან შეიძლება მას ეს ჰქონდეს. ჩვენ მასთან არ გვაქვს ხშირი კონტაქტი და ამიტომ არ ვიცით ამის თაობაზე არაფერი.
კი, უცხოეთში არიან ქართველები, რომლებსაც დიდი ფული აქვთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ არის გამოსავალი. ჯერ ერთი, ივანიშვილს უზარმაზარი თანხები აქვს, ამდენი არცერთ ქართველს არ აქვს, ერთად აღებულს და მეორე და მთავარი, ფულით არ უნდა წყდებოდეს არჩევნების ბედი.
ფული, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ არა – მთავარი. მთავარი არის იდეა, რომ სახელმწიფო გვქონდეს ნორმალური. ქვეყნის მართვის სისტემა უნდა იყოს ნორმალური. ოპოზიციაც ჩართული უნდა იყოს ქვეყნის მართვაში. ტრაგედია არ არის ოპოზიციაში ყოფნა და არც ოპოზიციაა სალანძღავი სიტყვა.
როდესაც ქალაქის არჩეული მერი თავს უფლებას აძლევს, ასეთი სიტყვებით გველაპარაკოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდ სიბინძურეში ვარ და სულ ხელის ბანა მინდა.
– “ოცნების” შიგნით დიდი განხეთქილება და დაშლა გადაიდო, რატომ დაალაგეს ურთიერთობები?
– ამას ყოველთვის მოახერხებს ივანიშვილი. მას აქვს დიდი ძალაუფლება. მას ხელში გადაეცა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული სისტემა ძალოვანების, რაც თავის დროზე ადეიშვილმა და მერებიშვილმა შექმნეს. E
ის შევარდნაძის არეულ-დარეული სისტემის მსგავსი კი არ იყო, ეს იყო ძალიან კარგად დალაგებული და ორგანიზებული სისტემა, რომლის საშუალებითაც მშვენივრად მართავს ივანიშვილი ამ ურჩებს და ისეთებს, ვინც შეიძლება გადახტეს და გადმოხტეს.
აქვს კვერი და მათრახი. კვერს მიაწვდის, არ მიიღებს კვერს? მიიღებს მათრახს, სარდაფს და ასე შემდეგ. ერთადერთი სფერო, რასაც ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, ეს გახლავთ ხალხი. ხალხის ყიდვა შეიძლება ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მუდმივად არ შეიძლება.
ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ არჩევნებით. არავითარი რევოლუციები, ეს დამღუპველია. მე სწორედ ეს მაშინებს, რომ ივანიშვილი მზად არის, ამ არეულობაზეც წავიდეს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა