პაატა დავითაია – “ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის “ოცნება” დამნაშავეთა სამყაროს ხარკს უხდის”

პაატა დავითაია - "ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის "ოცნება" დამნაშავეთა სამყაროს ხარკს უხდის"მართალი კაცია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლექსო ჭიკაიძე. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განაცხადა. რომ საქართველოში კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია. მინისტრობიდან მისი წასვლის შემდეგ კრიმინალი კიდევ უფრო გამოცოცხლდა, გასულ წელს კი კრიმინალებმა სულ აიშვეს.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია კრიმინალის არნახულ მატებას საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.
რა კავშირშია კრიმინალის მატება არჩევნებთან, რა ხარკს იხდის ხელისუფლება, რა შემთხვევაში აილაგმება კრიმინალების თარეში? – ამის შესახებ პაატა დავითაია “ახალ თაობას” ესაუბრება.
პაატა დავითაია:
– საქართველოში საგანგაშოდ გაიზარდა კრიმინალი. ერთია, როცა მედიით იგებ დანაშაულის შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, როცა სტატისტიკას, ციფრებს უყურებ. ციფრები ძალიან მძიმე სურათს გვიხატავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით დანაშაულმა 60%-ით მოიმატა.
საგანგაშოა დანაშაულის გახსნის სტატისტიკაც – 2017 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 53%-ია, გასულ წელს კი, მხოლოდ 35%.
ეს 60% ყველა სახის დანაშაულს მოიცავს. სტატისტიკურად ძალიან საინტერესოა, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს უფრო მეტი პრობლემები. საზოგადოება დანაშაულს ქურდობით, ძარცვით აღვიქვამთ.
ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა, რაც ადამიანებს დანაშაულისკენ უბიძგებს.
2017 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის 562 მცდელობა დაფიქსირდა. გასულ წელს 1518-ჯერ მოხდა ასეთი შემთხვევა. ამ სახის დანაშაული გაზრდილია 170%-ით. ჩემთვის ყველაზე საგანგაშოა ეს ციფრი. ეს ცხადყოფს, თუ რა მძიმე დღეშია საზოგადოება.
გაზრდილია თვითმკვლელობის მცდელობის რაოდენობაც. 2017 წელს 14 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს უკვე 30 ადამიანს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.
2017 წელთან შედარებით 89%-ით გაზრდილია ქურდობის ფაქტები. სამაგიეროდ, შემცირებულია გახსნის მაჩვენებელი. 2017 წელს ქურდობის ფაქტების გახსნა 44% იყო, შარშან 23% მატება გვაქვს ძარცვაშიც.
სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, 2017 წელს სამართალდამცავი სტრუქტურები გასულ წელთან შედარებით უფრო ეფექტურად მუშაობდნენ.
როდესაც დანაშაული იმატებს და გახსნის მაჩვენებელი კრებულობს, ბუნებრივია, იბადება კითხვა – რასთან გვაქვს საქმე.
– თქვენი აზრით, რაშია საქმე?
– როგორც ყოფილი სამართალდამცავი, გეუბნებით, რომ ასეთი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. არ ხდება ოპერატიული მუშაობა დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით. ამაზე უბნის ინსპექტორმა, კრიმინალურმა პოლიციამ უნდა იმუშაოს.
როცა ასეთი მუშაობა მიდის, კრიმინალს აღარ აქვს თავისუფლება. როცა კრიმინალს თავისუფლება არა აქვს, იქ დანაშაული კლებულობს.
2018 წელს სათანადო სამსახურები კრიმინალს პრევენციას აღარ უკეთებენ. და ამის გამო კრიმინალი გაიზარდა. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს აღარ ეშინიათ არც უბნის ინსსპექტორის, არც კრიმინალური პოლიციის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე.
გასულ წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ყველამ კარგად დავინახეთ, თუ როგორ იდგნენ ცესკოს ბეჭდიანი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან. მედიამ და დამკვირვებლებმა არაერთი ფაქტი დააფიქსირეს, თუ როგორ ხუჭავდა პოლიცია ამაზე თვალს.
სამართალდამცავებს არც ის შეუმჩნევიათ, როგორ აქტიურად ერეოდნენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებში. არც ის შეუმჩნევიათ, ე.წ. მაყურებლები არჩევნების დღეს როგორ გადასხდნენ ახალ ჯიპებზე.
ვადარებ 2017 და 2018 წლების მონაცემებს და მებადება კითხვა, ხომ არ მოხდა გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან? იქნებ შსს იხდის ხარკს.
– რისთვის უნდა გადაიხადოს ეს ხარკი?
– იმისთვის, რომ კრიმინალური სამყარო მათ არჩევნებში დაეხმარა. იქნებ თავიდანვე იყო ასეთი გარიგება, რომ დამნაშავეები არჩევნების მოგებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდ კრიმინალი თავისუფლად იმოქმედებდა.
ეს კითხვები და ეჭვები იმიტომ მიჩნდება, რომ წინ ოფიციალური დოკუმენტი მიდევს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დანაშაულმა 60%-ით მოიმატა.
– ამაზე შეიძლება შემოგედაოთ ვინმე. 2017 წელსაც ჩატარდა საქართველოში არჩევნები და მაშინ შარშანწინაც უნდა გაზრდილიყო მკვეთრად დანაშაული.
– ვერავინ შემომედავება. 2017 წელს დამნაშავეთა სამყარო ასე ღიად არ ჩარეულა არჩევნებში. შარშან ეს ძალიან თვალშისაცემი იყო. შემთხვევითი არც ის არის, რომ გასულ წელს დანაშაულის მატება იწყება ზაფხულის პერიოდიდან.
– დანაშაულის მატება საარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად დაიწყო?
– დიახ. ზაფხულში იწყო კრიმინალმა მატება, არჩევნების შემდეგ კი დანაშაული კიდევ უფრო გაიზარდა. აშკარაა, რომ რაღაცა გარიგებასთან გვაქვს საქმე.
– რაღაც ისეთი სურათი იხატება, ძველად ომში გამარჯვებულ მხარეს რაღაც პერიოდს რომ აძლევდნენ აღებული ქალაქის გასაძარცვად.
– დაახლოებით ასეთი სურათი გვაქვს. ზევით დანაშაულის წინააღმდეგ პრევენცია ვახსენე. როცა პრევენცია არ ხდება, კრიმინალებს აღარ ეშინიათ და ისინი თავისუფლად მოქმედებენ. ახლა დამნაშავეებმა იციან, რომ მათ ქუჩაში პასუხს არ მოსთხოვენ. კრიმინალური პოლიცია თვალს ხუჭავს რაღაცაზე.
აშკარაა, რომ კრიმინალებს დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფალი მოედანი შეექმნათ. განსაკუთრებით იმატა ძარცვამ და ქურდობამ, ანუ იმ დანაშაულმა, რაც მოსახლეობას ეხება.
ფინანსურმა დანაშაულმა იკლო. ეს დანაშაული უფრო სახელმწიფოს ეხება, ვიდრე მოსახლეობას.
ძარცვას, ქურდობას და ყაჩაღობას ძალიან განვიცდი, ბევრი ადამიანი ზარალდება ამით, მაგრამ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლის ზრდამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.
1.518 ადამიანი მიიყვანეს გასულ წელს თვითმკვლელობამდე. თვითმკვლელობამდე ძირითადად სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მივიდნენ.
მე ვისაუბრე რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის “ოცნება” კრიმინალებს ხარკს უხდის, მაგრამ კრიმინალის ასეთი ზრდა მარტო საარჩევნო გარიგებასთან არ არის კავშირში.
კრიმინალი იზრდება მაშინაც, როცა ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა. ასეთ დროს ისეთმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდონოს დანაშაული, რომელსაც კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი შეხება არ აქვს და ცხოვრებაში არაფერი დაუშავებია.
– სამწუხაროდ, არ არის იშვიათობა, როცა ადამიანები იმიტომ იპარავენ, რომ საჭმელი იყიდონ.
– მძიმე სოციალური ფონიც სერიოზულად ამძიმებს კრიმინოგენურ ვითარებას.
– დამნაშავეთა სამყაროსთვის ხარკის გადახდაზე გავაგრძელოთ საუბარი. როდემდე უნდა უხადოს “ოცნებამ” კრიმინალებს ხარკი? ამასობაში ხომ შეიძლება მართვის სადავეები საერთოდ გაექცეს ხელისუფლებას ხელიდან?
– თავისუფლად შეიძლება, ხელისუფლებას მართვის სადავეები ხელიდან გაექცეს. ასეთი რამეები ჩვეულებრივი ამბავია. ვისაც კრიმინალურ სამყაროსთან შეხება ჰქონია, მან კარგად იცის, როგორ სრულდება ასეთი თამაშები.
მე კარგად ვიცნობ კრიმინალურ სამყაროს და ვიცი მისი ბუნება. ეს სამყარო როგორც კი კომფორტულად იგრძნობს თავს, ყოველთვის შეეცდება, შენზე ზეწოლა განახორციელოს.
ამიტომაც არის, რომ კრიმინალს არსად არაფერს პატიობენ. კრიმინალებთან რაღაცის სანაცვლოდ გარიგებაზე მიდიან, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამით სხვა, უფრო მძიმე დანაშაული გაიხსნება.
ჩვენთან კრიმინალებს ხარკს უხდიან. ხარკის გადახდაზე საუბარი არც მე მსიამოვნებს, მაგრამ ოფიციალურ სტატისტიკას როცა ვუყურებ, სხვა დასკვნას უბრალოდ ვერ ვაკეთებ.
– იმედია, ხარკის გადახდის იქეთ არ წავლენ და კრიმინალებს პოლიტიკურ თანამდებობებზეც არ დაგვისვამენ.
– მედიას თუ დავუჯერებთ, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები ხელისუფლებაშიც არიან. სულ ახლახანს, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის სერიოზულ საქმის გარჩევას ჰქონდა ადგილი. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.
გაირკვა, რომ პოლიციის თანამშრომელი დანაშაულის ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდა, პროკურატურის წარმომადგენელმა ეს არ აპატია და ამას მოჰყვა ჩხუბი. თავად ეს ფაქტია ამაზრზენი.
– წლევანდელი დანაშაულის სტატისტიკა როგორი იქნება? 2019 წელს არჩევნები არ ტარდება და იქნება მოუჭირონ კრიმინალებს.
– ამ წლის სტატისტიკაზე მკითხაობა არ მინდა. აქ რამდენიმე ვარიანტია. თუ გარიგებასთან არის საქმე, რაღაც დროის მერე ეს ვითარება შეიძლება დაწყნარდეს. იგივე გარიგებიდან გამომდინარე, სიტუაცია, შესაძლოა, საერთოდ აფეთქდეს. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ამ არჩევნებზეც ალბათ დამნაშავეთა სამყაროს დაეყრდნობიან.
სახელმწიფოს მონდომების შემთხვევაში, მომატებული კრიმინალის მკვეთრად შემცირება შესაძლებელია.
– იქნებ არ შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს კრიმინალთან გამკლავება? ბოლო წლებში სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ძალიან ბევრი პროფესიონალი გაუშვეს.
– სახელმწიფოს ამის უნარი შესწევს. ამას, როგორც ყოფილი სამართალდამცავი, ისე გეუბნებით. პოლიტიკური ნება თუ იქნება, კრიმინალი თავისუფლად აილაგმება.
სამართალდამცავ სტრუქტურებში შევარდნაძის დროს ვიმუშავე. ნაციონალების პერიოდში ამ სისტემაში სულ 2-3 თვე გავატარე და ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება, როცა არსებობს დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკური ნება.
შევარდნაძის დროს ამის პოლიტიკური ნება არ იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ ეს ნება გამოხატა. საკმაოდ მკაცრი მიდგომა იყო დამნაშავეთა სამყაროს მიმართ. ამ მკაცრი მიდგომისას რაღაცებში გადაამეტეს და ამიტომაც არიან ახლა ისინი ოპოზიციაში.
ახალმა ხელისუფლებამ კრიმინალთან ბრძოლაში შერჩევითი სამართალი გამოიყენა. ვიღაცების მიმართ სიმკაცრეს იჩენენ, ვიღაცის მიმართ – აბსოლუტურ ლოიალობას.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ბევრი პროფესიონალი წავიდა, დანაშაულთან გამკლავება მაინც შესაძლებელია – მანდ კიდევ ბევრი პროფესიონალი დარჩა.
– პოლიტიკური ნება ახსენეთ და “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა განაცხადა – დანაშაული მოიმატებს და ამას გაგებით უნდა მოეკიდოთო.
– აქედანაც ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ეს ნება არც იქნება. 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია და “ოცნებამ” კრიმინალებს სერიოზული თარეშის ნება მისცა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა