საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ახლა სახლიდან გარეთ იშვიათად გადის, ახალი გატაცება აქვს – კულინარიის კურსები გაიარა და მცხეთაში, სადაც ახლა ცხოვრობს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გემრიელი კერძებით ანებივრებს.
მაია ფანჯიკიძე გერმანული ენის სპეციალისტია. წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე ეკავა.
იმ მიზეზებზე საუბარი არ სურს, რამაც დღეს ხელისუფლებაში მყოფ გუნდთან მისი დაპირისპირება გამოიწვია, სამაგიეროდ სიამოვნებს საუბარი კულინარიაზე, რომელიც თურმე ახალგაზრდობიდანვე მისი ჰობი იყო და ახლა თავისი უნარები უფრო დახვეწა.
მაია ფანჯიკიძე:
– 18 წლის ვიყავი, გერმანიაში რომ წავედი სასწავლებლად და მაშინ არაფრის გაკეთება ვიცოდი. იქ სხვა ქართველი სტუდენტებიც იყვნენ და ყველას გვენატრებოდა ქართული საჭმელი. ისედაც ხომ უნდა გამოგვეკვება საკუთარი თავი და ამიტომ მეც და ჩემი მეგობრებიც იძულებულები გავხდით, რაღაც გვესწავლა.
ასეთ დროს ეკითხები დედას, ბებიას, რომლებიც გიგზავნიან რეცეპტებს და მერე ცდილობ, რაღაც გააკეთო. მერე იმდენად დავიხვეწეთ, ხაჭაპური რომ გვენატრებოდა, ყველის ამოყვანაც კი დავიწყეთ. ვყიდულობდით რძეს და მასში ვასხამდით პეპსინს. ეს არის ნივთიერება, რომელიც რძეს ჭრის. ასე რომ, ამ სფეროთი დაინტერესება დიდი ხნის წინ დავიწყე.
დედაჩემის (ცნობილი მეცნიერი, მთარგმნელი, გერმანისტი დალი კოკაია-ფანჯიკიძე. ავტ.) ხელით ნაწერი ის რეცეპტები დღემდე შენახული მაქვს. ეს იყო ბაჟეს, ხარჩოს, სხვადასხვაგვარი ფხალეულის, ლობიოს, ჩაშუშულის, ჩაქაფულის რეცეპტები.
– დედათქვენი კულინარიაშიც ისეთივე დახელოვნებული იყო, როგორიც თარგმანში?
– დედა შესანიშნავი მზარეული იყო. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა უკვე ცნობილი მთარგმნელი იყო და თომას მანის და მაქს ფრიშის დიდი ნაწარმოებები უკვე ნათარგმნი ჰქონდა, გამოსცა სალათების პატარა კრებული, რომლის რეცეპტები უცხოური ჟურნალებიდან იყო ამოკრებილი. ამ კერძების გაკეთება ჩვენთანაც შეიძლებოდა, მათში არ შედიოდა ეგზოტიკური ინგრედიენტები.
ეს წიგნი საოცარი პოპულარობით სარგებლობდა მაშინ და დედა ხანდახან ხუმრობდა ხოლმე, მგონი, ამ წიგნმა უფრო მეტი პოპულარობა მომიტანა, ვიდრე თომას მანის თარგმანებმაო.
– მერე კი თქვენც თარგმნეთ ქართულიდან გერმანულად ჩვენი სამზარეულო.
– დიახ, ვთარგმნე 3 წიგნი, რომლებიც ფრანკფურტის ბაზრობაზეც გატანეს. ავსტრიულმა გამომცემლობამ მომწერა, ხომ არ გექნებათ ინტერესი, ეს წიგნები რომ თარგმნოთო. დაკავებული ვიყავი იმ პერიოდში, მაგრამ იმდენად მიყვარს სამზარეულო, ვთქვი, რატომაც არა, ვთარგმნი-მეთქი. ერთს მეორე მოჰყვა, მერე მესამე…
– თან კულინარიის სპეციალური კურსები გაიარეთ. ეს სურვილი, იდეა საიდან წამოვიდა?
– 2010 წელს ჩამოვედი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ. ერთ მშვენიერ დღესაც მივდივარ მანქანით და ვხედავ პლაკატს, სადაც გოგონაა გამოსახული და წერია: “მე ვიპოვე ჩემი პროფესია, შენ?” ვიფიქრე, ნეტავ, ეს რა არის-მეთქი. მერე მოვიძიე და გავიგე, რომ არის პროფესიული განათლების რეფორმა და პროფესიული სასწავლებლებია გახსნილი.
სულ მინდოდა, ეს ჩემი ჰობი კიდევ უფრო დამეხვეწა და კიდევ უფრო მეტი შემძლებოდა. დავიწყე ძებნა, ამათ შორის ხომ არ არის კულინარიული პროფესიული სასწავლებელი-მეთქი. აღმოვაჩინე, რომ იყო, მაგრამ თუ ჯგუფი შედგა, მაშინ შეიძლება დაიწყოს სწავლაო.
ერთი სიტყვით, მაშინ არ გამომივიდა. მერე სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული და ვეღარ მოვიცალე ამისთვის. შემდეგ გავიგე, რომ არსებობს ბენდუქიძის კულინარიის აკადემია. დავრეკე და მითხრეს, 2020 წლამდე ყველა ადგილი შევსებულია, ისეთი მოთხოვნააო. თან ძალიან ძვირია იქ სწავლა.
მერე კი პრესაში წავაწყდი ინფორმაციას, რომ კოლეჯი იღებდა კულინარიის შესწავლის მსურველებს და მას უძღვებოდა ცნობილი ესპანელი მზარეული მანუელი. მე და ჩემმა მეგობარმა ლელა გიორგობიანმა დავრეკეთ და სრულიად უპრობლემოდ მოვხვდით ამ კურსებზე.
– რა დონის ცოდნა მიიღეთ?
– გავიარე ორი კურსი მსოფლიო სამზარეულოსი, ვისწავლეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, აზიური, აფრიკული და სხვა ქვეყნების კულინარია. ეს არის მერიის უფასო პროგრამა და ყველას შეუძლია ამ სფეროს შესწავლა, თუმცა იქ სულ ქალები იყვნენ, არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი. დიდი, კარგად აღჭურვილი სამზარეულოა და ყველას ეძლევა საშუალება, ინდივიდუალურად იმუშაოს.
ყველა კერძი, რომელიც იმ დღის გაკვეთილზე გაკეთდება, ერთად ეწყობა და შემდეგ ხდება დეგუსტაცია, რაც ყველაზე სასიამოვნოა. დახოცილები ვიყავით, ისე ვიღლებოდით, რადგან მეცადინეობა 6 საათი გრძელდება. თან სულ ფეხზე დგახარ. თითო გაკვეთილზე 10-მდე კერძი კეთდება, რაც ძალიან დამღლელია და დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ უაღრესად საინტერესოა.
მანუელი არაჩვეულებრივი პიროვნებაა და თან მე არ შემხვედრია არც ერთი უცხოელი, რომელიც ისე ლაპარაკობდეს ქართულად, როგორც ის. აქვს ამოუწურავი ცოდნა. სერტიფიკატი ჯერ არ მოუციათ და დიდი ამბით ველოდები, რომ ჩარჩოში ჩავსვა, კედელზე დავკიდო და სტუმარი რომ მოვა, ვაჩვენო, ნახეთ, რა მაგარი ვარ-მეთქი.
– მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში, ოჯახში როგორ იყენებთ?
– პასტის, მაკარონის სხვადასხვა რეცეპტს ხშირად ვიყენებ, ასევე – ჩინური სამზარეულოს რეცეპტებს, რომლებშიც შედის საქონლის ხორცი, სხვადასხვა ბოსტნეული და გარნირად აქვთ ბრინჯი. ძალიან სასარგებლო საჭმელია. დესერტის მხოლოდ ორი რეცეპტი ვისწავლეთ, რადგან დესერტების კურსი ცალკეა და ჩვენთან არ შედიოდა. შოკოლადის მუსი ვისწავლე, რომელსაც ასევე ხშირად ვაკეთებ. მეორე დესერტი, რაც იქ ვისწავლე, ნუგაა.
– ყოველდღიურად თქვენ ამზადებთ ოჯახში საჭმელს?
– დიახ, რადგან პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ნაყიდი საჭმლის. მიყვარს ჩემი გაკეთებული. სულ ასე იყო, მუდამ მე ვამზადებდი ოჯახისთვის. ახლა ჩემი ოჯახი მხოლოდ ჩემგან და ჩემი მეუღლისგან შედგება, რადგან ჩვენი ერთი შვილი გერმანიაში ცხოვრობს და მეორეც ცალკე, მეუღლესთან ერთად. ამიტომ ყოველდღიურად არ მიწევს კერძის მომზადება. ხშირად გვყავს სტუმრები. რა თქმა უნდა, მათთვის მე ვამზადებ.
– ქმარს ყველაზე მეტად რა მოსწონს თქვენი მომზადებული?
– წონის კონტროლის გამო თავშეკავებულ კვებაზე ვართ გადასული და ნაკლებკალორიულ და ჯანსაღ საკვებს ვიღებთ, რომელშიც შედის ბევრი ბოსტნეული და უცხიმო ხორცი ან თევზი. ხორცისა და თევზის შეწვა ყველამ იცის, მაგრამ ამას რომ შეუხამო სხვადასხვა გემოს სოუსი, ესაა დიდი ხელოვნება და სწორედ ეს სოუსები ვისწავლეთ ბევრი.
მაგალითად, გუფთა ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ გუფთა, რომელსაც აქვს მანგოს სოუსი. ეს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების რეცეპტია. ფორთოხლისა და ლიმონისგან კეთდება კარგი სოუსები.
– კულინარიული ხელოვნება, გემრიელი კერძებით თავის მოწონება მოდაში შემოვიდა, არადა არცთუ დიდი ხნის წინ ბევრ ცნობილ სახეს ამაზე ლაპარაკი ეთაკილებოდა. როგორ ფიქრობთ, რამ დარაზმა მთელი ელიტა სამზარეულოს შესასწავლად?
– მე ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ჩემს გაკეთებულს აფასებდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. “არ ვიცი და როგორ მეკადრება ამის გაკეთება” – ეს ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ეს არ ეხება არც სახლის დალაგებას, არც ყვავილის მოვლას. სამწუხაროდ, არ ვიცი არანაირი ხელსაქმე. რომ ვიცოდე, ძალიანაც გამიხარდებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ეს ინტერესი, ამაში ალბათ დიდი წვლილი შეიტანა უცხოური კულინარიული გადაცემების პოპულარიზაციამ ქართულ მედიასივრცეში და შემდეგ ქართველი შესანიშნავი მზარეულების გადაცემებმა სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე. გარდა ამისა, ბევრი საშუალება გაჩნდა. სუპერმარკეტების ქსელში ისეთი პროდუქტიც იშოვება, რაც ადრე არ იყო და ამან ფანტაზიაც განავითარა, ქართული პროდუქტიც უფრო დაფასდა და ამან შეუწყო ხელი იმას, რომ დღეს მოდაშია კარგი კულინარობა.
ეს ყველაფერი საზღვარგარეთ დიდი ხანია არსებობს და ალბათ 10 წლის დაგვიანებით შემოვიდა საქართველოში.
– რაც პოლიტიკას ჩამოშორდით, რითი ხართ დაკავებული კულინარიის პარალელურად?
– ინტენსიურად ვთარგმნი და არამარტო კულინარიულ წიგნებს. წელს გამოვიდა ჩემ მიერ ნათარგმნი მაქს ფრიშის რომანი “შტილერი”, რომელსაც საკმაო წარმატება ხვდა წილად და მალე გამოვა კიდევ ერთი რომანი, თანამედროვე ავსტრიელი მწერლის, რობერტ მენასეს “დედაქალაქი”. ეს ძალიან საინტერესო რომანია. მოქმედება ხდება ბრიუსელში და კრიტიკული თვალით არის დანახული ევროკავშირის და ბრიუსელის სინამდვილე.
ახლა ცხოვრების ასეთი სტილი ავირჩიე, რომ ვმუშაობ სახლში. პერიოდულად მაქვს ლექციები როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში – ძირითადად პოლიტიკურ თემებსა და ლიტერატურაზე.
– თქვენმა ოჯახმა და საერთოდ, მთელმა ქართულმა ლიტერატურულმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა დედათქვენის, ქალბატონი დალის, გარდაცვალებით. როგორი იყო მისი უკანასკნელი დღეები?
– დედა ბოლო 2-3 წელი ძალიან ავადმყოფობდა. ის იყო უაღრესად საინტერესო, ნიჭიერი და კარგი საურთიერთო ადამიანი. მიუხედავად მისი ცუდად ყოფნისა, მაინც ვერ ვეგუებოდით იმ აზრს, რომ დასასრული ახლოვდებოდა…
დედის გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები ამ განშორების გადასამუშავებლად სხვადასხვა ხერხსა თუ გზას ირჩევენ. დედა აპრილში გარდაიცვალა და მე ერთ თვეში მომინდა, რომ მისი თარგმანები წამეკითხა. დავიწყე თომას მანის “ჯადოსნური მთის” კითხვა და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მისი ხმა მესმოდა. კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი მისი უსაზღვრო ოსტატობით და იმ საოცარი შესაძლებლობებით, რაც მან ქართულ ენას ამ თარგმანებით გაუჩინა.
დედა არაჩვეულებრივი კულინარი იყო. როცა დავურეკავდი, რომ მასთან მივდიოდი, პირველი, რასაც მეკითხებოდა, იყო, რა დაგახვედროო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, უცხოეთიდან მოვდიოდი თუ აქ ვიყავი. ყველა საქმეში იყო ჩახედული, რასაც ჩვენ, მისი შვილები, ვაკეთებდით.
სატელევიზიო თუ ბეჭდვითი ინტერვიუს შემფასებელი დედა იყო – “ასე გაიღიმე, ისე არ გაიღიმო, ამ სიტყვას ნუღარ იხმარ, ეს აღარ ჩაიცვა”… მეტყოდა ხოლმე, ეს ზედმეტად ფამილარული იყო ან ზედმეტად სერიოზული იყავიო.
დედა ბოლოს 22 აპრილს, მამაჩემის დაბადების დღეზე ვნახე. ყველა შევიკრიბეთ – შვილები, შვილიშვილები, ნათესავები… ორ დღეში გარდაიცვალა.
– როგორც ვიცი, ფანჯიკიძეებს რაჭაში დასვენება ძალიან გიყვართ.
– რაჭაში წელს 3-ჯერ ვიყავი. იქ უზარმაზარი სახლი გვაქვს და ყველა იქ ვიყავით. მათ ყოველდღე ვაოცებდი ჩემი კულინარული ხელოვნებით. ცხრანი ვიყავით და მათი კვება თავისი ჭურჭლის რეცხვით ჩემზე იყო. მინდოდა, ესიამოვნათ ერთად ყოფნით. როცა ნათიაც (მაია ფანჯიკიძის და, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე – ავტ.) იქ იყო, ჭურჭლის რეცხვას ვინაწილებდით.
ის სახლი რაჭაში მამაჩემის აშენებულია და სიყვარულს რაჭის მიმართ ჩვენი ყველა თაობა ინაწილებს. ამაში დიდი წვლილი დედაჩემს მიუძღვის, რომელიც მეგრელი იყო, მაგრამ თავს რაჭველად გრძნობდა. ყურადღებას აქცევდა, რომ ერთი ზაფხულიც არ ჩაგვეგდო და იქ წავსულიყავით. წელს პირველი ზაფხული იყო დედაჩემის გარეშე.
– თქვენი და, ნათია, როგორი მზარეულია?
– ნათია შესანიშნავი მზარეულია, მაგრამ მამაპაპური საჭმელები უყვარს – ხორცის დიდი ნაჭერი შეწვა, კარგ ხაჭაპურს აცხობს… მე უფრო დახვეწილი და ევროპული კერძები მომწონს. ნათია უფრო კარგი შემფასებელია, ვიდრე კარგი კულინარი. მოსწონს ჩემი გაკეთებული და იცის, ჩემთან თუ მოვა, კარგად ნაკვები წავა სახლში.