სალომე სამადაშვილი – „საქართველო უვიზო მიმოსვლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას“

სალომე სამადაშვილი - „საქართველო უვიზო მიმოსვლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას“საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გერმანია-საფრანგეთის დღეების ფარგლებში, კავკასიის ფრანგულ სკოლაში ვიზიტისას, მედიასთან ქართველების არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქართველებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რეალურად მოტივაცია არ აქვთ.:

_ მათი მოტივაცია ეკონომიკურია და ამიტომ ლტოლვილის სტატუსს არ იმსახურებენ. ეკონომიკური მიგრაცია არალეგალურია. ასეთ ხალხს ჩვენ უკან ვაბრუნებთ თვითმფრინავით. არ გვინდა, რომ ასეთი პრაქტიკა გაგრძელდეს, _ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

დადგება თუ არა ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხე, რა ბერკეტები გააჩნია მთავრობას უმუშევრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც სწორედ არალეგალური მიგრაციის წინაპირობაა და რა გამოსავალი არსებობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად _ ამაზე „ახალ თაობასთან“ ნაცმოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს.

_ საფრანგეთის ელჩი აცხადებს, რომ მიგრაციის პრობლემასთან ბრძოლისთვის, საქართველოს მთავრობასთან დამატებით ზომებს განიხილავს. რა ზომების შემუშავება შეგვიძლია?

_ სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქმნება, ეკონომიკური ვითარება მძიმდება ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ, რომ ცხოვრება საქართველოში არის ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, შემოსავლის დონე კი არ იზრდება, ეცემა. ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტი რაოდენობით ცდილობენ, რომ საკუთარი თავის და ოჯახების გადასარჩენად, მიაშურონ საზღვარგარეთის ქვეყნებს და ამ პრობლემას, სამწუხაროდ გაფრთხილება და მსგავსი ღონისძიებები ვერ აღმოფხვრის, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა არ არის.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იმ სრულიად არაკომპეტენტური, კორუმპირებული მთავრობის მმართველობა, რომელიც ჰყავს ჩვენს სახელწიფოს, ეს პრობლემები სულ უფრო გაღრმავდება და არ არის პროგნოზი არანაირი დამაიმედებელი იმისა, რომ ასეთი პრობლემები აღმოიფხვრება.

_ საფრანგეთის ელჩმაც ზუსტად ეს თქვა, რომ ქართველების არალეგალური მიგრაცია სწორედ ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება. რა ბერკეტებით არის შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს?

_ საქართველოს დღევანდელ მმართველ გუნდს, რომელიც ივანიშვილის პირადი ინტერესების მომსახურებით არის ქვეყანაში დაკავებული, ამოწურული აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ რაიმე შესთავაზოს ჩვენს მოქალაქეებს და ამიტომ არ მგონია, რაიმე ცვლილების განხორციელება შეძლოს. საფრთხე იმის, რომ ეს ასე გაგრძელდება და ჩვენ დავკარგავთ საბოლოოდ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რეალურია.

_ დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, არ შეიძლება დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს?

_ სახელმწიფოს ამის რესურსი არ აქვს, იმიტომ, რომ ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს, ხომ არ არის დღეს შექმნილი პრობლემები?! ქვეყანა ვითარდება სრულიად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით 6 წელიწადია და სახელწიფოს მართვას აქვს ასეთი თვისება, რომ შედეგი რაღაც პოლიტიკის განხორციელების შემდეგ, გარკვეულ პერიოდში დგება.

თუ სწორი რეფორმები გაატარეს, შედეგი დადგება. თუ არასწორად მიდის ქვეყანა, ამის შედეგიც დგება და დღეს დამდგარია ეს შედეგი, რომელიც 6 წლის მანძილზე გაკეთდა. რაც დათესა „ქართულმა ოცნებამ“, იმის შედეგები დადგა და სულ უფრო უკან წავა საქართველოს ხელისუფლება და ამას უნდა აცნობიერებდეს საქართველოს მოსახლეობა.

ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა. სხვა გამოსავალი ქვეყნის ჩიხიდან გამოსასვლელად არ არსებობს.

_ რამდენი პროცენტი არსებობს საფრთხე იმისა, რომ თუკი მიგრაციის პრობლემას არ შევცვლით, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას დავკარგავთ?

_ საფრთხე არის ძალიან რეალური, რადგან ევროკავშირში განწყობა არის საკმაოდ ნეგატიური საზღვრების გახსნის მიმართ და თუ შევაწუხებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამ პრობლემით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან მაღალი, ასეთი საფრთხე რა თქმა უნდა, არსებობს და ეს შედის სწორედ რუსეთის ინტერესებში.

სწორედ მის ინტერესშია, რომ ამ ქვეყნის შემდეგი კარი ევროპისკენ კი არ გახსნას, არამედ რაც გაიხსნა უკვე, ისიც დაიკეტოს და ეს არის სწორედ ის, რომ „ქართული ოცნება”, რომელიც გველაპარაკება დასავლეთზე, ევროინტეგრაციაზე და ა.შ, საკუთარი რეალური პოლიტიკით ართმევს ჩვენს მოქალაქეებს როგორც საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას, ასევე რეალურად ჩიხში შეჰყავს ჩვენი ევროპული მომავალი.

ამის ერთადერთი გამოსავალი კი ხელისუფლების შეცვლაა.

ლელა მდივანი, ახალი თაობა