სანდრო ბრეგაძე – “ივანიშვილი მიდის და ძალაუფლებას გახარიას უტოვებს”

სანდრო ბრეგაძე - "ივანიშვილი მიდის და ძალაუფლებას გახარიას უტოვებს"დარჩება თუ არა ძალაუფლება “ევროპულ საქართველოს”, ვის აბარებს ხელისუფლებას ივანიშვილი, ვინ არწმუნებს მას იმაში, რომ ჭარბი ნდობა აქვს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– ქვეყანაში ყველა მიმართულებით არეულობაა. აირია მონასტერი, აირია მთავრობა, აირია ჭიდაობის ფედერაცია. რას უკავშირდება ეს საყოველთაო არეულობა?
– ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა. ის ვეღარ მართავს სიტუაციას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავად ივანიშვილი ამას ვერ ხვდება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაღუპა გარემოცვამ ესა თუ ის მმართველი. ასლან აბაშიძეს და ედუარდ შევარდნაძეს გარემოცვა ბოლო წუთამდე უმტკიცებდა, რომ ისინი კვლავ თეთრ ცხენზე ისხდნენ და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდათ.
ვერც ერთი და ვერც მეორე მანამდე ვერ მიხვდა სინამდვილეში რა ხდებოდა, სანამ ხალხი არ მიადგა და კარებზე არ მიუკაკუნა. ტახტიდან ჩამოგდებული ბელადები პირველებმა მლიქვნელი გარემოცვის წევრებმა უარყვეს.
დღეს ივანიშვილი ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია – მის გარშემო შემოკრებილია მლიქვნელების გუნდი. ეს ხალხი მას რეალურ ვითარებას არ აცნობს. ეუბნებიან მხოლოდ იმას, რაც “ოცნების” ლიდერს ესიამოვნება. ამით ეს მლიქვნელები საკმაოდ სერიოზულ სარგებელს ნახულობენ.
– რა სარგებელს?
– სერიოზულ მატერიალურ სარგებელს. მათი წყალობით ივანიშვილი აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას. “ოცნების” ლიდერს დღესაც რომ კითხოთ, ხალხის როგორი მხარდაჭერა გაქვთ, იტყვის, რომ მას აქვს ჭარბი ნდობა. არადა არანაირი ნდობა აღარ აქვს.
– ნდობა რომ აღარ აქვს, ამაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უნდა დარწმუნებულიყო.
– ვერ დარწმუნდა. არჩევნების შემდეგ მასთან მივიდა მლიქვნელების ჯგუფი გოგა ხაინდრავას მეთაურობით. მლიქვნელთა ჯგუფს ეს ტიპი უდგას სათავეში და ყველაზე დიდ სარგებელსაც ნახულობს.
– ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება ჯგუფი, რომელსაც ხაინდრავა უხელმძღვანელებს.
– ამ ჯგუფში წითელი ინტელიგენციის ნარჩენები არიან გაერთიანებული. არჩევნების შემდეგ ისინი მივიდნენ ივანიშვილთან და არწმუნებდნენ, სალომე ზურაბიშვილი იყო სუსტი კანდიდატურა, თორემ თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გაქვთო.
– იმან დაიჯერა, რომ ჩავარდნა ზურაბიშვილის ბრალი იყო?
– მლიქვნელებმა ამაში დაარწმუნეს. მათი შთაგონებით, ივანიშვილს სჯერა, რომ ხალხში ჭარბი ნდობა აქვს.
– ამბობთ, რომ ივანიშვილმა დაიჯერა, რომ საარჩევნო ჩავარდნა სალომე ზურაბიშვილის ბრალი იყო. ეს “ოცნების” ლიდერის და პრეზიდენტის დაპირისპირების მიზეზი ხომ არ გახდება?
– დაპირისპირება არ იქნება. გარიგებით, რასაც სახელად სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ჰქვია, ორივე მხარე მოგებული დარჩა.
“ოცნების” ლიდერს ჰგონია, რომ საფრანგეთიდან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები. მას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერას მოუპოვებს. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, გამორიცხულია. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კომფორტული საპენსიო სიტუაცია მიიღო. ორივე მხარე კმაყოფილია და მათ შორის დაპირისპირება არ იქნება.
– იქნება სამთავრობო ცვლილებები?
– სამთავრობო ცვლილებებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ივანიშვილი გახარიას უმზადებს პლაცდარმს. მთელი ხელისუფლება ისედაც უკვე მის ხელშია.
– რანაირად არის მის ხელში?
– შსს მის ხელშია და სუსი. გახარია აკონტროლებს ეკონომიკურ გუნდს. ივანიშვილი მას აბარებს ხელისუფლებას.
– რასაც, როგორ ამბობენ, ეწინააღმდეგება კალაძე.
– ეგ არ ვიცი, ეს დაპირისპირება საჯაროდ არ გამოსულა. ღიად ის ჩანს, რომ მიმდინარეობს შს მინისტრისთვის ძალაუფლების გადაბარება. ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ის არის ქვეყნის გადამრჩენელი.
– რანაირი გადამრჩენელია, მისი შს მინისტრობისას წინა წელთან შედარებით დანაშაული 60%-ით გაიზარდა.
– რეალურად რა ხდება, ეს სხვა თემაა. მე იმაზე გესაუბრებით, რა ყალბ მითებსაც ქმნიან გახარიაზე.
სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მართლა აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და ძალაუფლებას შს მინისტრს უტოვებს. ეს არ და ვერ გამოვა.
– რატომ არ გამოვა?
– პირველ რიგში იმიტომ, რომ გახარია არ არის ის ფიგურა, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართვას შეძლებს.
“ქართული ოცნების” დღეები დათვლილია. მმართველ პარტიას ქართველი ერი ძალიან მალე შეუწყვეტს უფლებამოსილებას. ეს გარდაუვალი პროცესია. ყველაფერი აქეთ მიდის. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ შეცვლის მათ.
– “ოცნებაში” როცა ბესელიასთან დაკავშირებით დაიწყო არეულობა, თქვენ თქვით, რომ გქონდათ ინფორმაცია, რას აპირებენ ვანო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე. ამბობდით, ამ ტიპებმა თქვეს, ივანიშვილსაც იგივეს ვუზამთ, რაც ბესელიას დავმართეთო. გახარიას სანამ გადააბარებს ძალაიფლებას, მანამდე ხომ არაფერს გაუჩალიჩებენ “ოცნების” ლიდერს?
– “ოცნების” საპარლამენტო გუნდს აქვს იმის ილუზია, რომ ისინი არიან რეფორმატორები. დაახლოებით ისეთ იმიჯს იქმნიან, როგორიც ჟვანია-სააკაშვილს ჰქონდა შევარდნაძის მთავრობაში.
სააკაშვილის და ჟვანიას მიმართ დადებითად არასდროს ვყოფილვარ განწყობილი, მაგრამ სად ისინი და სად კობახიძის გუნდი.
– ჟვანია-სააკაშვილი მართლა სხვა დონე იყო.
– რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება მათ შევადაროთ ზარდიაშვილი და მდინარაძე. ესენი არიან ჩვეულებრივი ზონდერები, რომლებიც ნაცმოძრაობამ ააყვავა. ამის მიუხედავად, მათ აქვთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. ადრე თუ გვიან, ისინი ღიად დაუპირისპირდებიან ივანიშვილს.
– რას მიაღწევენ ამ დაპირისპირებით?
– თავიდან შეეცდებიან მისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას. რაღაც პრობლემებს კიდევაც შეუქმნიან, მაგრამ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ, როგორც დამოუკიდებელი ძალა. ეს გუნდი პოლიტიკურად იმდენად იმპოტენტია, რომ ხელისუფლებას სათავეში ვერ ჩაუდგება.
დღეს საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ჩვენ გვყავს უვარგისი ხელისუფლება. ხელისუფლების წიაღში აღმოცენებული ჯგუფები კიდევ უფრო უვარგისები არიან.
ყველაზე მთავარი და ცუდი ისაა, რომ “ოცნებას” უახლოეს მოკავშირედ ჰყავს გიგა ბოკერია და გიგი უგულავა. ეს გასაკვირი არ არის, “ევროპული საქართველო” “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.
ერთი რამ კარგად იცოდეს მკითხველმა, ბოკერიას უფრო მეტი შანსი აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელადნ ვიდრე გახარიას და ე.წ. რეფორმატორების გუნდს.
– საიდან ასეთი შანსები ბოკერიას გუნდს?
– მათ ხელისუფლების მხარდაჭერა და უდიდესი ფინანსები აქვთ. რაც მთავარია, მათ აქვთ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა.
– იქნებ სწორედ მათთვის მიდის ხელისუფლების გადაბარება და გახარიას ნაცვლად მათ დაასახელებს მემკვიდრედ ივანიშვილი. ამას გამორიცხავთ?
– ამ ეტაპზე ივანიშვილი გახარიასთვის აპირებს ძალაუფლების გადაბარებას, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
– რატომ არ ნიშნავს?
– ივანიშვილი ძალიან ხშირად იცვლის პოზიციებს. შეიძლება ადამიანი მისი ფავორიტი იყოს და მეორე დღეს საერთოდ მოიშოროს.
უშუალოდ ვარ მომსწრე, თუ როგორ არ იცოდა პრემიერმა გადადგომამდე ორი დღით ადრე, რომ ის უნდა გადამდგარიყო.
– ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობთ?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვისზე ვსაუბრობ. უკეთეს დღეში არც გიორგი კვირიკაშვილი იყო.
– იმას რაღა დაემართა?
– არც მან იცოდა, რომ უნდა გადამდგარიყო. ამის გარდა, როცა მეორედ ამტკიცებდნენ მთავრობის მეთაურად, ისაც კი არ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრი.
– რანაირად არ იცოდა?
– ჩვეულებრივად. როგორც მთავრობის ყოფილი წევრი გეუბნებით, რომ მთავრობის დამტკიცებამდე ორი დღით ადრე პრემიერმა არ იცოდა, ვინ იქნებოდა შს მინისტრი.
გიორგი კვირიკაშვილი ნერვიულად სცემდა ბოლთას და ელოდებოდა ზარს შუშის სასახლიდან – ვის გვარს დაასახელებდა ივანიშვილი.
წარმოიდგინეთ, სად ვცხოვრობთ და კიდევ სახელმწიფოზე და ქვეყანაზე გვაქვს პრეტენზია. არანაირი სახელმწიფო და ქვეყანა აღარ გვაქვს.
როგორ შეიძლება ჩვენ სახელმწიფო გვერქვას, როცა სახელმწიფოს მიერ მართული ტელევიზიები ლევან მურუსიძეს აპიარებენ. იმ მურუსიძეს წმენდენ ნამუსს, რომელიც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი იყო.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა