ვინ უპირისპირდება “ოცნებიდან” ეკლესიას, რა პროცესები მიდის მმართველ გუნდში, რა დაუჯდა “გირჩის” გადმობირება ივანიშვილს, რას უპირებს მას “ოცნების” ერთ-ერთი დაჯგუფება, რა კავშირი აქვს არეულობასთან სალომე ზურაბიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– რამდენიმე კვირის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილის ჯგუფი პარლამენტში გადატრიალებას გეგმავს. ეკა ბესელიას გადადგომა არის თუ არა კავშირში იმ პროცესებთან, რომლებზეც თქვენ საუბრობდით?
– ბიძინა ივანიშვილს პროცესების მართვის სადავეები ხელიდან გაექცა – “ქართული ოცნების” გუნდში სრული ქაოსია დაწყებული. ქაოსია როგორც საპარლამენტო გუნდში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტია უკვე ღია დაპირისპირებაში შევიდა ქართულ ეკლესიასთან.
ის ქაოსი, რომელმაც მთელი ხელისუფლება მოიცვა, გარდაუვალი იყო. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წამოყენება და შემდეგ მისი გაპრეზიდენტება უკვალოდ არ ჩაივლიდა და არც ჩაიარა. ეს ქალი “ოცნებაში” ყველასთვის მიუღებელი იყო.
– თუ მიუღებელი იყო, რატომ დასახელდა მისი კანდიდატურა?
– ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ახირება. ამ ახირებამ მმართველ გუნდში ქაოსი და დაძაბულობა მოიტანა. მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გამოსულია მამუკა ბახტაძის კონტროლიდან. გიორგი გახარიას მთავრობაში ცალკე ავტონომია აქვს შექმნილი.
– რას ნიშნავს ცალკე ავტონომია აქვს შექმნილი?
– ის არავის არ ემორჩილება და ქვეყნის ფაქტობრივი პრემიერიც გახარიაა. რაც შეეხება ოფიციალურ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს, ის ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტით არის დაკავებული. საკადრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მას აკრძალული აქვს.
გახარიას გარდა, მთავრობაში არის კიდევ ერთი, სოზარ სუბარის დაჯგუფება. ეს უკანასკნელი ისე აკონტროლებს გუბერნატორებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ბახტაძესთან კონსულტაციებსაც კი არ გადის.
რაც შეეხება “ოცნების” საპარლამენტო გუნდს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ აქ რამდენიმე დაჯგუფებაა. ისინი ერთმანეთს უფრო დაუნდობლად ებრძვიან, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.
ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი გაგრძელებაა კობახიძე-თალაკვაძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის დაჯგუფება. ისინი ადრეც ნაციონალებთან იყვნენ ბმაში და ეს ბმა დღემდე გრძელდება.
მე წინა ინტერვიუში ყკვე გითხარით, რომ თალაკვაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ვანო ზარდიაშვილი ის ადამიანია, ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ქართველების სისხლით მორწყულ რუსთაველზე დარბოდა და მიშა-მიშას ყვიროდა.
ნაციონალებთან დაკავშირებულ დაჯგუფებასა და “ოცნების” ძველ სახეებს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო და ეს მოხდა კიდეც. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების გადატრიალება. ქვეყანაში ყველანაირი პოლიტიკური პროცესი მოშლილია. თავშიც გითხარით და კიდევ გავიმეორებ – ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა.
ამაზე მეტყველებს ის საუბარიც, რაც ვანო ზარდიაშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის შედგა.
– არ გვეტყვით, რა საუბარზე საუბრობთ?
– ვანო ზარდიაშვილმა და მამუკა მდინარაძემ თქვეს, რომ თუ ივანიშვილი ჭკვიანად არ მოიქცევა, გაზაფხულზე მასაც იგივეს დავმართავთ, რაც ეკა ბესელიას დავმართეთო. ბესელიას გადადგომა ივანიშვილის ტახტიდან ჩამოგდების პირველი ნიშანია.
– ბესელია და ივანიშვილი სხვადასხვა კატეგორიები არიან. ის, რაც გაუვიდათ ბესელიასთან, არ გაუვათ ივანიშვილთან.
– ივანიშვილს დიდი გავლენა აქვს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ეკა ბესელია მისი ნდობით აღჭურვილი პირი და უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. ე.წ. ახალგაზრდების კლანმა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, ფაქტიურად პუტჩი მოუწყო. ეს იმის მანიშნებელია, რომ იგივე ბედი ელის “ოცნების” ლიდერს.
ეს დომხალი და აჯაფსანდალი, რაც დღეს მივიღეთ, აღარ ჩაცხრება და ის მანამდე გაგრძელდება, სანამ “ოცნება” ხელისუფლებაში იქნება.
ცალკე განხილვის თემაა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება და ასევე ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ჩემდა სამწუხაროდ, მღვდელმსახურების ერთი ნაწილი ნაციონალების მხარესაა, მეორე – “ოცნების” ძალოვანების. მესამე ნაწილი “ოცნების” საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთ ფრთას უჭერს მხარს.
– ეკლესიაში არსებული დაპირისპირება დრომ მოიტანა თუ ამ დაპირისპირებას ხელი ხელისუფლებამაც შეუწყო? ქართული ეკლესიის საუკუნის სკანდალი – ციანიდის საქმე – “ქართულ ოცნებას” უკავშირდება.
– ეკლესიაში რომ დაპირისპირებაა, ეს დრომ მოიტანა, მაგრამ ამაში თავისი წვლილი “ოცნებამაც” შეიტანა. “ოცნება” ერთგვაროვანი არაა და იქ ეკლესიის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ამ გუნდში ყველაზე ძლიერი კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძე-მდინარაძის დაჯგუფებაა. ისინი დაკავშირებული არიან სოროსთან. რომლის მთავარ სამიზნეს მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს.
“ოცნების” ეს დაჯგუფება ისევე ებრძვის ქართულ ეკლესიას, როგორც გიგა ბოკერია ებრძოდა.
“გირჩი” ხომ პირდაპირ იყიდა “ქართულმა ოცნებამ”. არავისთვის დამალული არაა, რომ მათ ივანიშვილმა პირდაპირ გადაუხადა ფული.
იმ დროს, როცა ზურაბ ჯაფარიძის, პალიკო კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძის გადაბირების პროცესი მიდიოდა მე ხელისუფლებაში ვიყავი. კარგად ვიცი, რაც ხდებოდა და ჩემთვის ისიც ცნობილია, რა თანხების გადახდაზე იყო საუბარი.
– რა თანხაზე იყო საუბარი?
– იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულიყვნენ, გირჩელებს 2.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ეს თანხა “გირჩს” უშუალოდ ივანიშვილმა გადაუხადა.
– რა ჯანდაბად უნდოდა ივანიშვილს “გირჩი”?
– “გირჩმა” დამოუკიდებლად თავისი მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოითხოვა. მათ კანონიც კი მოამზადეს. ამ კანონის მიღება იმისთვის სჭირდებოდათ, რომ შემდეგ უკვე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონის მისაღებად მოემზადებინათ ნიადაგი.
იგივე მოხდა გიგა ბოკერიას შემთხვევაშიც, ოღონდ, “გირჩისგან” განსხვავებით, ის ფულით არ უყიდიათ.
– აბა რითი იყიდეს?
– მისცეს გარანტია, რომ კეზერაშვილის ქონებას საფრთხე არ დაემუქრება. ამის სანაცვლოდ ეს უკანასკნელი გიგა ბოკერიას პარტიას დააფინანსებდა. იმისთვის, რომ ბოკერიას პარტიაში შესულიყო, “ოცნებამ” გიგი უგულავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის მითვისება აპატია. მმართველმა პარტიამ “ევროპულ საქართველოს” ფაქტიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი აჩუქა.
იმ ფაქტმა, რომ მეორე ტურში “ევროპულმა საქართველომ” გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. გიგა ბოკერიას არანაირი პარტია არ ჰყავს. “ევროპული საქართველო”, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, “ოცნების” წევრებისგან იყო დაკომპლექტებული.
ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოჩნდა ყველაზე კარგად – ხალხმა ბოკერიას პარტია პანტაპუნტით, მასობრივად დატოვა. ეტყობა, ბატონ ივანიშვილს ძალიან უყვარს ნაციონალები და მათგან დისტანცირებას ვერ ახერხებს. ამ სიყვარულის დაგვირგვინება იყო მურუსიძის ამბავი.
ის მოსამართლეები, რომლებიც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის თანამონაწილეები იყვნენ, “ოცნებამ” ყველა უვადო მოსამართლედ დანიშნა. ივანიშვილს ჰგონია, რომ რაკი ეს ადამიანები სააკაშვილს ემონებოდნენ, მის მონობასაც სიამოვნებით დათანხმდებიან.
“ოცნების” ლიდერს ავიწყდება ერთი რამ – მიხეილ სააკაშვილს მურუსიძე და სხვა მოსამართლეები ისეთი კომპრომატებით ჰყავს დაჭერილი, რომ ისინი ნაციონალების გავლენიდან ვერასდროს გამოვლენ.
ჩემთვის დაახლოებით ცნობილია, თუ რა სახის კომპრომატებია. ბატონ მურუსიძეზეც აქვთ ნაციონალებს სერიოზული კომპრომატები. მათ ფარულად აქვთ გადაღებული, თუ როგორ აწარმოებს ის მოლაპარაკებებს გირგვლიანის საქმის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით. მურუსიძე ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს ელაპარაკება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს გირგვლიანის საქმე.
– შემთხვევით მურუსიძესაც ხომ არა აქვს “ოცნების” ლიდერებზე რაიმე კომპრომატები? წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია ისეთი გადაფიჩინება, რაც მმართველ პარტიას ამ კაცზე დაემართა.
– არ ვიცი, მურუსიძეს ვისზე რა კომპრომატი აქვს, მაგრამ ის ,რომ ზარდიაშვილი “ოცნების” სიაში მოხვდა, იმაზე მეტყველებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ოცნებასა” და ნაციონალებს შორის გარიგება შედგა.
ბიძინა ივანიშვილმა თავად შექმნა ეს დომხალი და აჯაფსანდალი. ამის გამო ის შეიძლება მწარედ დაისაჯოს.
“ოცნების” ლიდერი ამ პროცესებში არანაირად არ ერევა, რითაც ხელს უწყობს გუნდში დაპირისპირების გაღრმავებას.
– დაპირისპირების გაღრმავება რაში აწყობს?
– უნდა, რომ ახალი წლების შემდეგ გამოჩნდეს და ეს ყველაფერი დაალაგოს. ამით ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია არეულის დალაგება.
– თქვენი აზრით, ვერ დაალაგებს?
– დალაგება მხოლოდ დროებითი იქნება.
– რატომ იქნება დროებითი?
– ხალხს სხვა პრობლემები აწუხებს და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, დაალაგებს თუ არა ივანიშვილი კობახიძესთან საქმეს. ეს ქვეყანაში არც გაჭირვებას მოსპობს და არც ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.
ვერაფრით გავიგე, რაში სჭირდება ივანიშვილს ამ დაპირისპირების გაღრმავება საიმისოდ, რომ მერე დამლაგებლად წარმოჩინდეს. თავის დროზე ასეთი პოლიტიკა ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა. ის კახა თარგამაძის და ზურაბ ჟვანიას კლანებს აჭმევინებდა ერთმანეთს.
კახა თარგამაძეს ეუბნებოდა, ზურაბ ჟვანია ჩამოაშორე პარლამენტის თავმჯდომარეობას და შენ დაგნიშნავ პრემიერადო. ჟვანიას ეუბნებოდა, მოაშორე თარგამაძე შს მინისტრობიდან და მთავრობის მეთაური შენ გახდებიო. დააჭმევინა ამ კლანებს ერთმანეთი და მერე ორივე ერთად მოიცილა.
– კახა თარგამაძეც და ზურაბ ჟვანიაც ერთ დღეს გადადგნენ.
– ერთად გადადგნენ და შევარდნაძემაც ამოისუნთქა. ეგონა, რომ მას ხელში ჰყავდა აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა, მაგრამ რა მოხდა? ასპარეზზე გამოვიდა სააკაშვილი. რომელმაც ვარდების რევოლუცია მოაწყო და დაამხო შევარდნაძე.
ივანიშვილს როცა ეგონება, რომ ყველაფერი დაალაგა და სასურველი შედეგი მიიღო, სწორედ მაშინ მოხდება მისი ჩამოგდება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა