სოსო ცინცაძე – “ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ”

სოსო ცინცაძე - "ბესელიას უსამართლოდ მოექცნენ"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” ორად გაიყოს.
– ბატონო სოსო, “ქართული ოცნების” გუნდი შეიძლება ორად გაიყოს და გაზაფხულისთვის ხმაურიანი პოლიტიკური პროცესების მოწმენი გავხდეთ?
– “ქართული ოცნება” დიდი ხანია, ორად არის გაყოფილი თავისი შინაგანი განწყობილებებით. თუმცა, ერთია შინაგანი განწყობილებები და მეორეა ამის გარეგნული დემონსტრირება.
ახლა მეორე ეტაპი დაიწყო. მომხდარი ფაქტი უკვე არის ამის გარეგნული ასახვა. ამის ნათელი მაგალითი იყო ბესელია-ფოფხაძის განცხადება, რომ ისინი ზნეობრივი ღირებულებებით ცალკე არიან და ცალკე არის ზარდიაშვილი. თუმცა, ორ წელზე მეტია, რაც ზარდიაშვილი ბესელიას პირველი მოადგილე იყო. ამ პერიოდში არ აწუხებდათ ბესელიას და მის კომპანიას ზარდიაშვილის იდეები?! განა ახლა გაიგეს, რომ ზარდიაშვილი ჩარეული იყო იუსტიციის საბჭოს მაქინაციებში, რომ უვადოდ ხდებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა ნულის ტოლია?!
თუმცა, თუ იმ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაშინ მივესალმები.
– ბესელიას გადადგომის შესახებ ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ წერდა პრესა და ამას ამბობს კობახიძეც.
– ამაშია საქმე, რომ ბესელიამ ეს ისე გამოიყენა, რომ კარგ გამოცდილ პოლიტიკოსსაც კი შეშურდებოდა. ბესელია პოლიტიკოსი არ არის, ის უფრო იურისტია, მაგრამ როგორც ძველი გამოცდილი პოლიტიკოსი, ისე მოიქცა, რამაც ბევრი გააბრაზა, მათ შორის ქალბატონი კილაძე, რომელიც საოცრად არაჯენტლმენურად მოიქცა. კილაძის გაბრაზებას რა უჭირს, ბესელიას მანევრმა კობახიძეც გააბრაზა.
ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად პრინციპული იქნება ბესელია?! ფოფხაძე ადრეც არის ასეთ “გაბრაზებებში” შემჩნეული და მერე ისევ მოულბებოდა გული. ასე მოულბება გული ბესელიასაც თუ უფრო პრინციპული იქნება?! ვნახოთ!
ახლა მთავარია, ივანიშვილთან შეხვედრაზე ვის რა არგუმენტები ექნება და როგორ დალაგდება სიტუაცია. შემდგომი მოქმედებები სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. ახლა ყველაფერი იქნება იმაზე, თუ ვის უფრო ეთქმის და მიესვლება ბიძინა ივანიშვილთან – კილაძეს და ზარდიაშვილს თუ ბესელიას და ფოფხაძეს. ერთი დიდი გარჩევა აუცილებლად იქნება. შეიძლება ეს პარტიული გარჩევა ბევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
ბევრი ფაქტორი იმუშავებს, მათ შორის მე არ გამოვრიცხავ, რბილ შანტაჟს ან პირიქით, უფრო ძლიერ შანტაჟსაც ჰქონდეს ადგილი.
– შეიძლება “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემის წინაშეც დადგეს?
– ბიძინა ივანიშვილი ერთ რამეში შეცდა, როდესაც იფიქრა, ამ სადავეებს, ზედმეტ ტვირთს ხელიდან გავუშვებ და როდესაც დამჭირდება, იმ წუთში ხელში ავიღებო.
ეს პოლიტიკაა და ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ივანიშვილი პოლიტიკოსად არ ჩამოყალიბდა, განა ვერ ჩამოყალიბდა, არ ჩამოყალიბდა, არ აინტერესებს ეს პოლიტიკა და იმიტომ. რომ დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც კვირიკაშვილი გაუშვა, იფიქრა, რომ პარტია თავის რელსებზე დააყენა, მაგრამ დიდი ხნით ვერ დააყენა, ისევ გადმოვარდა.
საკმარისი იქნება მისი ძალისხმევა თუ უფრო სერიოზული ქირურგიული ჩარევები დასჭირდება მას?! ქირურგიული ჩარევა არის ბესელიას წასვლა. ბესელიას გუნდი უსამართლოდ მოექცა. ბესელია იყო “ოცნების” სამსახურში, მან იფიქრა, რომ ეს დამსახურება დაუფასებელი არ დარჩებოდა.
ამ პრინციპით მოქმედებს ბევრი: მთავარია, ღმერთი მწყალობდეს და ეშმაკი რას დამაკლებს. ღმერთი ვინც არის, გასაგებია. ამ დროს ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ აწყობთ ადამიანი, რომელიც, მართალია, მათ სამსახურშია, მაგრამ საზოგადოების სიმპატია დაკარგა.
– ეს პროცესი გაგრძელდება თუ შეიძლება მხოლოდ ბესელიათი შემოიფარგლონ?
– არა, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. თუმცა, არ მიეწყობა ერთმანეთს. ცოტა დრო გავა, ხალხი დაივიწყებს ამ ამბავს და ჩვენ ახალ, მორიგ ასეთ ფაქტს ვიხილავთ.
ივანიშვილი კიდევ შეეცდება, რომ ამ პროცესებში ძალიან ღრმად არ გამოჩნდეს, თითქოს ეს ყველაფერი მის მიღმა ხდება და ის არაფერ შუაშია, მაგრამ, რასაკვირველია, ყველამ ყველაფერი იცის.
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გამოვიდეს და ყველაფერი ღიად ილაპარაკოს. ის გულწრფელი კაცია და თუ შეყვება ლაპარაკს, შეიძლება გულწრფელად ილაპარაკოს. თუმცა, მე ამის მაინც ნაკლებად მჯერა.
ჯერ პროცესი წინ არის, “ქართულ ოცნებაში” ძალიან საინტერესო მოვლენები წინ არის.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა