ტრანსგენდერი ანასტასია “საქართველოს ვარსკვლავიდან” გამოუშვეს

ტრანსგენდერი ანასტასია "საქართველოს ვარსკვლავიდან" გამოუშვეს“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, ანასტასია პირველი, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა და ჟიურის “ოქროს ბილეთი” მიიღო, პროექტის მეორე ტურში ვერ გადავიდა.

ანასტასია პირველმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე ტურში ვერ გადავიდა ტელევიზიიდან შეიტყო. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა პროდუსერს, რომელმაც უთხრა, რომ დაავიწყდათ მას დაკავშირებოდნენ.

“სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ მე მომიწია იმის მოძიება, რა მოხდა ჩემთან დაკავშირებით. მე დავავიწყდი პროექტს, თუნდაც, იმისთვის, რომ მცოდნოდა, გადავედი თუ არა მეორე ტურში, არ არის სწორი ჩემი გადმოსახედიდან. დავავიწყდი და მიზეზი ჯერ კიდევ არ ვიცი” – ამბობს ანასტასია.

ანასტასია პირველი ამბობს, რომ “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობა პროექტის ორგანიზატორებმა შესთავაზეს და იყო დაპირება, რომ მისი გამოსვლა არ იქნებოდა “რეკლამის სახით”.

“შევხვდი პროდიუსერს და იყო დაპირება, რომ მხოლოდამხოლოდ რეკლამის სახით არ ვიქნებოდი. ამიტომაც დავთანხმდი და დავთანხმდი ფორმატსაც, რომ მე მათი შერჩეული სიმღერა მემღერა, ეს ყოფილიყო საშუალო ნამღერი, იმიტომ, რომ მეორე ტურისთვის ჩემი ვოკალური, უფრო ძლიერი მონაცემებით ვოკალურად გამართული სიმღერა მემღერა” – ამბობს ანასტასია.

ანასტასია ამბობს, რომ როცა ჟიურისგან ოქროს ბილეთი მიიღო და დაპირება, რომ მეორე ტურში გადავიდოდა, დაიწყო ფიქრი და მომზადება მეორე ტურზე, თუმცა “მეორე ტურისთვის ყველა ოცნება მათივე შემოთავაზებული და დაგეგმილი, გაურკვეველი მიზეზის გამო” არ განხორციელდა.

ანასტასია მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც სითბო გამოხატა მის მიმართ. “საქართველოს ვარსკვლავის” ფეისბუკზე ატვირთულ ვიდეოს კომენტარების სახით არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ანასტასიას გამოჩენას.

“ეს იყო ჩემი მესამე დაბადება, ასე ვიტყოდი. დიდი მადლობა ამ ემოციისთვის” – ამბობს ანასტასია.

ნიუპოსტი