ვახტანგ ძაბირაძე – “ნაციონალების მომხრეთა რაოდენობა იზრდება, “ოცნების” იკლებს”

ვახტანგ ძაბირაძე - "ნაციონალების მომხრეთა რაოდენობა იზრდება, "ოცნების" იკლებს"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხმაურმა თითქოს გადაიარა. პროცესის პოლიტიკური ნაწილი დასრულდა?
– არა. გეთანხმებით, რომ ვნებები თითქოს ჩაცხრა, მაგრამ პოზიციური ბრძოლა გრძელდება. როგორც კი დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, დაიწყება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს პროცესიც გაცოცხლდება.
ამ ეტაპზე ვითარება ასე თუ ისე დასტაბილურდა, რადგან ბესელიას ჯგუფმა “ქართული ოცნება” არ დატოვა და უმრავლესობის შიგნიდან აგრძელებს საქმიანობას, რადგან მათთვის ეს პოლიტიკურად გაცილებით მომგებიანია.
რა იქნება ამ დაპირისპირების ფინალი, ცნობილი არ არის. ივანიშვილის განცხადებიდან გასაგებია, რომ ის უფრო ახალგაზრდულ ფრთას უჭერს მხარს, მაგრამ გადაჭრით მას ეს არ უთქვამს. ახლა ივანიშვილი დაპირისპირების ამ პროცესს თვალს ადევნებს, ასევე ზომავს საზოგადოების რეაქციას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ბესელია არ წავიდა რადიკალიზაციისკენ, მან ამით საშუალება მისცა ივანიშვილს არჩევანის არა ახლა, არამედ გარკვეული დროის შემდეგ.
– ბესელიას გარიცხვის საკითხი რაზე იყო დამოკიდებული?
– თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი, მაგრამ ბესელიამ ეს დაპირისპირება არ გაამწვავა და დატოვა ისე, როგორც არის. ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია. ბესელია მკვეთრ დაპირისპირებაზე რომ წასულიყო, ის უნდა დაპირისპირებოდა არა კობახიძეს, არამედ ივანიშვილს, რაც არ გააკეთა.
– ივანიშვილმა თავისი სათქმელი თქვა?
– არა, არც ის ყოფილა რადიკალური. თუმცა, ფაქტია, რომ მან ეს საკითხი ჯერ ღიად დატოვა. ვნახოთ, ახლა ორივე მხარე პროცესების განვითარების მოლოდინშია.
– ასეთი ინფორმაციაც არის, რომ სახეცვლილად მაინც გავა ეს სია. ელოდებით, რომ მართლაც გავიდეს?
– ალბათ ძალიან უნდა გაჭირდეს. თუ ეს სია გავიდა, მაშინ “ქართული ოცნების” მოქმედება ალოგიკური და აუხსნელი იქნება. მოსამართლეების საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსია, თვით უმრავლესობაშიც კი მათ, ვინც თავის დროზე ამ სიის გასვლას ფიქრობდა, დღეს პოზიცია შეცვალა. ახლა ისინი პროცედურებზე საუბრობენ.
– ივანიშვილის სურვილს გამორიცხავთ, რომ მას სურდეს ამ სიის გასვლა?
– სულაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც “ქართული ოცნების” შემთხვევაში იქნება ალოგიკური, ისევე იქნება ივანიშვილის შემთხვევაში. მას რატომ უნდა უნდოდეს?! იმის თქმა, რომ ეს ის ხალხია, ვინც ყველას ბრძანებას შეასრულებს და მათ შორის ივანიშვილის ბრძანებას, და ამიტომ, არც ეს არის ლოგიკური.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სხვა ხალხიც მოიძებნება ასეთი ბრძანების შესასრულებლად. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც მურუსიძემ შეასრულოს. ამიტომ, არ მესმის. ამიტომ ვამბობ, რომ იმდენად ალოგიკურია, რომ მაშინ ჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება, რათა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგოს.
– თუ ეს სია გავიდა, მაშინ 2020 წელს “ოცნება” არჩევნებს წააგებს?
– არჩევნების ბედი ახლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს ყველაფერი გამოაჩინა. დიდი ანალიზი არ არის საჭირო, რომ დაინახო, რომ თითქმის თანაბარი მხარდამჭერები ჰყავთ ნაციონალურ მოძრაობასა და “ქართულ ოცნებას” ამ ეტაპზე. დღეს ნაციონალურ მოძრაობას უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”.
როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობისადმი ანტიპათია დაიძლია. თუ მხარდამჭერთა გაზრდის მაჩვენებლს ჩახედავთ, ნახავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, მაშინ როდესაც “ქართული ოცნების” იკლებს.
დღეს მოსახლეობას პრეტენზიები აქვს ხელსიუფლებაში მყოფი “ქართული ოცნებისადმი” და არა – ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობისადმი. თუ ახლა ამ ყველაფერს მოსამართლეების ეს სიაც დაემატება, მაშინ “ქართული ოცნება” როგორ მოიგებს არჩევნებს?! მით უფრო, არჩევნები ვერ გაყალბდება ისე, რომ ეს არ იყოს შესამჩნევი და ვერც მაჟორიტარები იმაჟორიტარებენ ისე, როგორც აქამდე. საკმარისია, ბოლო 30 წლის ჩვენი პოლიტიკური ისტორია გაიხსენონ და ყველაფერს მიხვდებიან.
ახლა ამ სიის მიღების კი არა, მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღების დროა, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” ლოდინის თუ თვლემის რეჟიმშია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა