გაუმართავმა გაზგაყვანილობამ თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ვარკეთილში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ბინის მეპატრონე, 70 წლამდე მამაკაცია, ხოლო მეორე – მისი მეზობელი.
“იყო მარტოხელა კაცი, მასთან მეზობელი იყო შესული. მეგობრები იყვნენ. ეტყობა, სვამდნენ. რომ არ მივიდა სახლში, დილით გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მოვიდნენ და დახვდათ ასეთი სურათი, ორივე გარდაცვლილი იყო.
სახლთან გაზის სუნი იგრძნობოდა. ძველებური გამათბობელი ჰქონდა სახლში, ირანული და სავარაუდოდ ჩაქრა”, – ყვებიან მეზობლები.
იღებს თუ არა პასუხისმგებლობას კომპანია “ვარკეთილი აირი” გუშინდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე – კომპანიაში ჯერჯერობით განმარტებები არ გაკეთებულა.
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირით სწორედ ეს კომპანია ამარაგებს.
უბედური შემთხვევია ადგილზე კი გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. 2 მამაკაცის ცხედარი გუშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მეზობლები ამბობენ,რომ გაზმა სავარაუდოდ გამათბობლიდან გაჟონა. გარდაცვლილები, რომლებიც მეგობრები იყვნენ სახლში პატრულის თანამშრომლებმა ნახეს.
რუსთავი 2

