ზვიად ხორგუაშვილი – „რა გათვლებს ემყარება 140 კგ-მდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის აკრძალვა?!“

ზვიად ხორგუაშვილი - „რა გათვლებს ემყარება 140 კგ-მდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის აკრძალვა?!“140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზანი, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულების შექმნაა, ასევე, საქონლის ბაზისა და ადგილზე ხორცის წარმოების განვითარება.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ბუნდოვანს უწოდებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი და „ახალ თაობასთან“ იმ შედეგებზე საუბრობს, რაც აღნიშული დადგენილების ამოქმედებას შესაძლოა მოჰყვეს.

_ რა შედეგი ექნება ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის, ფერმერებისთვის ან თუნდაც ექსპორტიორებისთვის?

_ ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა ვაჭრობაში დამაზიანებელია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე კონკრეტულად იმ ადამიანებისთის, ვისაც ეს პროდუქცია გააქვთ ანუ საუბარია ექსპორტიორებზე. აქ უკვე ვაწყდებით ორმაგ სტანდარტს, როდესაც მთავრობა ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ექსპორტი უნდა გაიზარდოს და წახალისდეს, მაგრამ ეს კონკრეტული ნაბიჯები სწორედ ექსპორტის შეზღუდვას გულისხმობს.

ის ადამიანები, რომლებიც მეტ ფულს შოულობდნენ და გაჰქონდათ კონკრეტული პროდუქცია, ისეთ სარგებელს ვეღარ მიიღებენ, როგორც აქამდე იღებდნენ. ნებისმიერი ტიპის ასეთი შეზღუდვები და ჩარევები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის იწვევს არააეფექტიანობას. ეს არის საბაზრო პროცესი და მთავრობამ არ იცის უკეთესად, რამდენი როგორ უნდა იწარმოებოდეს ან რამდენი სად და როგორ უნდა გადიოდეს.

შესაძლებელია, კითხვის ნიშნებიც გაჩნდეს იმაზე, რომ ვინმე კონკრეტული ადამიანების ინტერესი ხომ არ არის აქ, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და მაგალითად 140 კილოგრამს როცა ეხება საქმე, საკითხავია, საიდან მოვიდა კონკრეტულად ეს რიცხვი, რატომ არა სხვა რიცხვი, რა გათვლებს ემყარება, საერთოდ საიდან მოელანდათ, ამაზე არავინ გვესაუბრება.

არანაირი კვლევა ამასთან დაკავშირებით არ დევს, არანაირი რეგულაციური ანალიზი არ დაუდია მთავრობას, თუ რა გავლენას იქონიებს ან როგორ შეადგინეს ეს შეზღუდვები და უბრალოდ მიიღეს ბუნდოვნად, როგორც ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ და სამწუხაროდ, სწორედ ეგ არის, რომ ახსნას არ გვთავაზობენ კონკრეტულს, დათვლილს და ფინანსურად დასაბუთებულს.

_ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია და ამ დადგენილებით, ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, რაც ნიშნავს, რომ უშუალოდ საქონლის ბაზა და ადგილზე ხორცის წარმოება განვითარდება. თქვენ რას იტყვით ამაზე?

_ სამწუხარო ის არის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ეკონომიკა კარგად არ ესმის მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ შეზღუდვას უწესებენ ექსპორტზე, უბრალოდ ნაკლები წარმოება მოხდება ხორცის. ამ ეტაპზე შეიძლება ვიღაცებს შერჩეთ გაუტანელი პროდუქცია და აქ მოუწიოთ გასაღება იაფად, მაგრამ მომავალში ისინი ხომ ან სხვა საქმიანობით დაკავდებიან, ან ნაკლებს აწარმოებენ.

ეს არის ელემენტარული ეკონომიკა, როდესაც რაღაც პროდუქტის წარმოებას ვზღუდავთ, მწარმოებელი ან ნაკლებს აწარმოებს, ან არ აწარმოებს და სხვა პროდუქციაზე გადადის. ამ გადაწყვეტილების მიმღებებს ამდენი ეკონომიკა არ ესმით.

_ გამოდის, რომ ეკონომიკისთვის საფრთხეებთან იქნება ეს პროცესი დაკავშირებული?

_ ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა არის ბუნებრივი ზრდა. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა, ნებისმიერი რამის ექსპორტზე გატანა არის ცალსახად სარგებლის მომტანი და ამის შეზღუდვა უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცები ან ნაკლებს აწარმოებენ ამ პროდუქციას იმიტომ რომ აქამდე მეტ ფულს იღებდნენ და ახლა ნაკლებს იღებენ, ან რაღაც სხვა საქმეზე გადაერთვებიან. წარმოიდგინეთ, თქვენ აწარმოებთ შოკოლადს და მთავრობამ გაგიზარდათ გადასახადი, 20%-დან გაგიხადათ 40%. თქვენ ან ნაკლებს აწარმოებთ ამ პროდუქციას, იმიტომ რომ ნაკლები სტიმული გაქვთ, რომ ამ პროდუქციიდან მოგება მიიღოთ, ან სხვა საქმიანობაზე გადახვალთ, ან ორივე ერთად.

_ მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ხორცზე ფასის მატება შეინიშნება და ახალი დადგენილებით ეს პროცესიც შესაძლოა დასტაბილურდეს და ხორცზე ხელმისაწვდომობაც გაიზარდოსო. ესეც არარეალურია?

_ დიახ, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ამ კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში, როცა ვიღაცები ვეღარ გაიტანენ პროდუქციას, შესაძლებელია, ის გასაღდეს ადგილობრივ ბაზარზე კონკრეტულ ვადებში იაფად, მაგრამ მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაფერი არ შეიცვლება გარდა იმისა, რომ ექსპორტიორები იზარალებენ, კონკურენცია შემცირდება და უფრო ნაკლები მოგება დარჩებათ ადგილობრივ მეწარმეებს.

ლელა მდივანი, ახალი თაობა