ალეკო ელისაშვილი – “ხაზარაძეს გვერდში დავუდგები ყველა ბრძოლაში, თიბისის ხელში ჩაგდება რუსულ ალფა ბანკს უნდა”

ალეკო ელისაშვილი - "ხაზარაძეს გვერდში დავუდგები ყველა ბრძოლაში, თიბისის ხელში ჩაგდება რუსულ ალფა ბანკს უნდა"“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს. ინტერვიუ ჩაწერილია მამუკა ხაზარაძის განცხადებამდე თიბისი ბანკიდან წასვლის შესახებ.
– ალეკო სულ უფრო ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში სიტუაცია ძალიან აირია, რომ მოიშალა სასამართლო სისტემა, რომ უტევენ და ატერორებენ ბიზნესს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერზე?
– პირველ რიგში მე მაინტერესებს, ნეტა ვინმე ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, თუ უსვამს ივანიშვილს კითხვას, რომ ნოემბერში რომ გვითხრა მეორე ტურის წინ, ერთი წელიც მაცადეთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, მეოთხე თვეა უკვე დაწყებული და მაინცდამაინც ბოლო თვეში მოიტოვა ამ ქვეყნის წინსვლა, აღორძინება თუ როგორ არის საქმე?!
რა თქმა უნდა, ეს არის ხუმრობით, მაგრამ საინტერესოა, ვინმე თუ ეკითხება, ხალხს რომ დაპირდი და კიდევ ერთხელ რომ გადააგდე, როგორ იქნება ეგ ამბავიო. თიბისი ბანკის ამბავმა აჩვენა ბევრი რამ.
– კერძოდ, რა აჩვენა?
– შეუძლებელია, რომ ბანკი გიყვარდეს ადამიანს. არ მეგულება არც ერთი ჯანმრთელი ადამიანი, ბანკი რომ უყვარდეს. ათი წელია, მეც ბანკის კრედიტი მაქვს სახდელი, მაგრამ თუ შევხედავთ, ყველაზე საძაგელი ბანკი არის ქართუ ბანკი, ან ოფისებს შეხედეთ, ან სერვისი ნახეთ, ან რა კრედიტებს გაცემენ, საერთოდ სამომხმარებლო კრედიტი არ აქვთ და იპოთეკური საერთოდ არა აქვთ. მარტო მთავრობის მოსასყიდი კრედიტები აქვთ და ასეთი ბანკის მფლობელი ივანიშვილი მიადგა თიბისის.
კიდევ ვიმეორებ, თიბისი ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ყველაზე გამართულ ბანკს მიადგა ამ ქვეყანაში და თან შარი მოსდო, 11 წლის წინ რაღაცა უცნაური გადარიცხვა იყო და საეჭვოო. ივანიშვილს რომ ვინმეს გადარიცხვა გაუკვირდება, თვითონ მილიარდები აქვს ნაშოვნი ამ რაღაცა მაქინაციებით და ფულის გათეთრებით. სინამდვილეში ეს კიდევ უფრო საშიში პროცესია.
– რა პროცესი?
– ეს მარტო თიბისიზე და ხაზარაძეზე შეტევა არ არის. თიბისი ბანკის ყიდვით დაინტერესებულია რუსული ალფა ბანკი და მათ ინტერესშიც შედის, რომ აქციების ფასი დაეცეს და ლონდონში დაეცა უკვე თიბისის აქციების ფასი
ასევე რუსებს უკავშირდება მეორე საკითხიც. თუ ვინმეს არ აწყობს ანაკლიის პორტის აშენება, ეს არის რუსები, იმიტომ, რომ რუსები ამ შემთხვევაში დაკარგავენ ტვირთების ნაწილს. იმის გამო, რომ ფოთი არ არის ღრმაწყლოვანი, იქ დიდი გემები ვერ შემოდიან და ეს ტვირთები ნაწილდება ნოვოროსიისკით და ახლა უკვე ყირიმითაც მიდის რუსული რკინიგზის გავლით ჩინეთში.
სწორედ ამ ტვირთების ნაწილს ჩავხსნიდით ჩვენ, თუკი ღრმაწყლოვან პორტს ავაშენებდით ანაკლიაში. თუ ვინმე არის დაინტერესებული ამ პროექტის შეჩერებით და ჩავარდნით, არიან მხოლოდ რუსები.
– ამბობენ, რომ ულტიმატუმი წაუყენეს ხაზარაძეს, რომ ან უნდა დათმოს ანაკლიის პროექტი ან დაკარგავს თიბისი ბანკს. ასეა?
– არ ვიცი მე, იქ კულუარული შეთვლები რა არის, მე ღია ინფორმაციით შემიძლია უბრალოდ ვარაუდი. აქ ჩანს და ხელისგულზეა, რომ ის, რაც ხდება თიბისის გარშემო და ანაკლიის პორტის გარშემო, რუსების გარდა არავის აწყობს და ამაში ეხმარება ივანიშვილი.
ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს და ჩვენ შეგვიძლია, თავი გამოვიშტეროთ და არ შევიმჩნიოთ და შეგვიძლია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და რეალური ანალიზი გამოვიტანოთ.
– და როგორია რეალობა?
– ვხედავთ, რომ ეს ასეა, ვხედავთ, რომ უნდათ ქართული ბანკის დანგრევა და ჩამოშლა. თან ვის, ყველაზე ბანძი ბანკის მფლობელსა და მეპატრონეს.
ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დანარჩენი ბიზნესი, დანარჩენი ბანკები არიან გატრუნულები, ვითომ მათ არ ეხებათ. აი, ზუსტად ის ამბავია, ერთი პოლონელი პასტორის ნათქვამი რომ არის: ჩემს მეზობელს რომ მიადგნენ, ხმას არ ვიღებდიო, კომუნისტებს რომ მიადგნენ, ხმას არ ვიღებდიო, მერე სოციალისტები დაიჭირეს, ხმა არ ამომიღიაო და მე რომ მომადგნენ, მერე ხმის ამომღები აღარავინ იყოო.
ზუსტად იგივე სჭირს ქართულ ბიზნესს. საქართველოს ბანკის და კიდევ რამდენიმე მსხვილი და თავმოყვარე კომპანიის ადგილას რომ ვიყო, პირველ რიგში მე დავიწყებდი ყვირილს.
– მათაც მიადგებიან?
– თიბისის თუ მარტივად გაუბედეს, მერე ყველა ჯიბეში ჰყავთ ჩასმული. მერე ყველას მიადგება ბიძინას დავალებით ფარცხალაძე და ძალიან კონკრეტულ რაღაცეებს მოითხოვს.
ნამდვილად საბრძოლველია. ხაზარაძის მაგივრად მე ვერ ვიჩხუბებ, მაგრამ ხაზარაძეს გვერდში დავუდგები ყველა ბრძოლაში აუცილებლად. იმიტომ, რომ აქ თიბისის სიყვარულში და სიძულვილში კი არ არის საქმე, ვიღაცეები რომ ძალიან ბედნიერები არიან, აი მეტის ღირსია ხაზარაძეო. ვინ რისი ღირსია, ვინ მეტის და ვინ ნაკლების, ეს სხვა ამბავია.
ამ შემთხვევაში ცოტა მასშტაბურად თუ არ შევხედეთ ამ პრობლემას, სხვაგვარად არ შეიძლება. რაღაცა ვიწრო ინტერესებიდან და ჩვენი კრედიტებიდან გამომდინარე კი არ უნდა შევხედოთ, თანაც ხაზარაძეს რაც უნდა პრობლემა შეექმნას, არავინ ჩვენს კრედიტს არ გვაპატიებს. რუსებმა თუ ჩაიგდეს ხელში, მითუმეტეს.
ასე რომ, ცოტა სიძულვილის ნაჭუჭიდან უნდა გამოვიდეთ და უფრო მასშტაბურ სურათს უნდა შევხედოთ და ეს მასშტაბური სურათი გვეუბნება, რომ ძალიან მძიმე დღეში ვართ. ეს კაცი უკვე თანდათან ყველა ზღვარს გადადის თავისი შურისძიებებით.
– ნაციონალების მმართველობის ბოლო წლებს გვაგონებს ეს პერიოდიო, ასეთი შეფასებებიც კეთდება უკვე. ამაზე რას იტყვით? გაავლებთ პარალელს?
– დიახ, ასეა, როდესაც არაადეკვატური გახდა სააკაშვილი და ყველას და ყველაფერს უტევდა, სწორედ იმ სიტუაციას წააგავს. ეცა და ეძგერა ყველაფერს, თვალზე ლიბრი ჰქონდა გადაკრული და ვერ არჩევდა ვერაფერს, არც შედეგებზე ფიქრობდა.
ზუსტად ეს სიტუაციაა დღესაც. ხომ წამოსცდა კიდეც ერთხელ ივანიშვილს, უმადური კაციაო. ივანიშვილი მაფიოზურად უყურებს ყველაფერს, ჩვენ კი გვინდა, რომ ნორმალური ქვეყანა გვერქვას და ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და არა – ბიძინა ივანიშვილის დუქანში, სადაც რაღაცა ქურდული გარჩევები მიდის.
მე ბიძინა ივანიშვილის დუქანში არ დავბადებულვარ და არ მინდა, ბიძინა ივანიშვილის დუქნის მოქალაქე ვიყო! მე მინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ვიყო.
– ანუ ვინც ბიძინაზე ზურგს უკან ცუდი თქვა, ყველას უნდა ეშინოდეს შურისძიების?
– ბიძინა ივანიშვილის ვისაც ეშინია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე არც ივანიშვილის მეშინია და არც არავისი. ამ კაცს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. ძალიან თავს გავიდა. ამ ქვეყანას მიათრევს ჭაობში, თორემ თავის სახლში რაც უნდა, ის აკეთოს, ყირაზე გადავიდეს, თუ უნდა. ეს ქვეყანა დაჭაობდა და მიდის სადღაც უკან და უკან.
– მივაღწევთ არჩევნებამდე, მოხდება დემოკრატიული გზით ცვლილებები თუ დაჩქარდება პროცესები?
– ჩვენს ხალხს ახასიათებს, რომ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი რაღაცა თავში დაგვარტყამს ხოლმე და ვიფეთქებთ. ეს ქვეყანა ვერ გატეხა შაჰ-აბასმა, თემურ ლენგმა და ჯალალედინმა და მსოფლიო მასშტაბის დამპყრობლებმა. სტალინმა ვერ გატეხა და…
ვითმენთ, ვითმენთ და მერე სადღაც ძალიან ცუდად გაწყდება ხოლმე. მე როგორც ვგრძნობ, ძალიან ცოტა ხანში გაწყდება. ივანიშვილი კი გაასწრებს, თვითმფრინავი ჰყავს, მაგრამ მის გარშემო დანარჩენი მავნებლები რას ფიქრობენ, აი ეგ არის საინტერესო. სად გაიქცევიან?
– ანუ არ ელოდებით სტაბილურ სიტუაციას? ისევ რევოლუციური გზით წავალთ?
– მე მინდა, რომ პროცესი მიდიოდეს კონსტიტუციურად და მომხრე ვიქნები, რომ ბოლომდე ყველაფერი კონსტიტუციური გზით განვითარდეს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია, წავიდა საქმის გარჩევები და ძალადობა გაგრძელდა, მერე აღარ იქნება მარტივი სიტუაციის შეკავება.
ჯერჯერობით ხაზარაძე ქედს არ უხრის ივანიშვილს და ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება რასაც აშენებდა და აკეთებდა, ახლა უცბად ამის დანგრევა მოინდომა ერთმა კაცმა, იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ან ვიღაცამ რაღაც უთხრა.
მე ხაზარაძის ადგილას ვიბრძოლებდი ბოლომდე. დავაკვირდები სიტუაციას და ბოლომდე ხაზარაძის მხარდამჭერი ვიქნები ამ საქმეში და კონკრეტულად ამ ბრძოლაში.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა