5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ სასამართლოს თემაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ყველა ის ადამიანი, არასამთავრობო სექტორი თუ პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან არის გაიგივებული, ვინც სისტემის გაჯანსაღებისთვის იბრძვის და სასამართლო სისტემაში კლანზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს განცხადებები ნაცმოძრაობის ნარატივს წარმოადგენს.
რას ნიშნავს ეს განცხადება, ბრძოლის რა გზას აირჩევენ და ელოდება თუ არა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაუშვან? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საუბრობს.
_ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება შეაფასეთ. რა გახდა ამ განცხადების შემდეგ თქვენთვის ნათელი?
_ პოლიტსაბჭოს და ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადება მსგავსი შინაარსის იყო. ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ ლიდერობამ პირდაპირ მხარი დაუჭირა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს. ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს კლანი მან ნაციონალური მოძრაობისგან გადმოიბარა. ის გადაეფარა ადეიშვილის ნარჩენებს.
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო ის ტაქტიკა, რომელიც მათ არჩევნებზე გამოიყენეს. როგორც ჩანს ეს მათ ურჩია „გენიალურმა“ პიარ-სამსახურმა, რომ სადაც არ უნდა წამოიჭრას პრობლემა, იქნება ეს სასამართლო სისტემა თუ სხვა, ყველგან უნდა თქვან, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა.
ამისგან ხალხი ძალიან დაიღალა. იმიტომ, რომ ეს მოსაწყენია. იმიტომ, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებს არის ჩაბღაუჭებული თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე. თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ რეალურ პრობლემებს თვალებში შეხედოს, მაშინ პრობლემები შეხედავენ მას.
_ თავად ბიძინა ივანიშვილის როლი თუ დაინახეთ ამ განცხადებაში?
_ ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანურად იქცევა. ამ თემის ასახსნელად მარიონეტი კობახიძე გამოდის. ანუ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ძალიან ბევრი ნეგატივი ახლავს ამ თემას. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მარიონეტები გამოდიან, მათ შორის კობახიძე და ის საუბრობს ამ თემაზე. ამ თემასთან დაკავშირებული ყველა ნეგატივი აისახება პირადად ირაკლი კობახიძეზე. ეს ჩემთვის იმედის მომცემია.
_ იმედის მომცემი რატომ?
_ ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ადეიშვილის ნარჩენებს პირადად რომ გადაეფაროს, ეს მას არ აწყობს.
_ პოლიტსაბჭოს განცხადებაში მოყვანილი იყო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები. რეალობაა ეს მონაცემები?
_ კი, უდავო რეალობაა. ვინ ამბობს ამას, რომ ჩვენ ვაიგივებთ ძველ სისტემასთან. თან მე ვაიგივებ?! მე როდესაც ნაციონალურ მოძრაობას დავუპირისპირდი, მაშინ ირაკლი კობახიძე მეცადინეობდა. სად იყვნენ საერთოდ?! 8 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ სიაში, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი და დამფუძნებელი. ვისზე ლაპარაკობენ?!
რა თქმა უნდა, სასამართლო წავიდა ლიბერალობისკენ, მაგრამ მთავარი პრობლემა იცით რაშია? ისეთი ქსელი აქვს გადმობარებული „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც მოუნდება, მაშინ გაატარებს იმ პოლიტიკას, როგორის გატარებაც მოუნდება. ამაშია მთელი საქმე და მთელი პრობლემის არსი.
_ ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დაწერილი განცხადება იყო?
_ კი, ნამდვილად ეს შთაბეჭდილება დამრჩა. თავიდანვე ვთქვი, რომ ირაკლი კობახიძე საუბრობს ლევან მურუსიძის მესიჯებით-მეთქი. ამ მესიჯებს ერთი და იგივე ადამიანი წერს. მურუსიძე წერს ორივეს მესიჯებს თუ ვიღაც მათი წარმომადგენელი წერს, ეს არ ვიცი. მაგრამ, ფაქტია, რომ ერთი და იგივე მესიჯებს იმეორებენ.
უბრალოდ, კომპეტენცია მანდაც არ ჰყოფნით და მაგაშია პრობლემა. მათი ეს სტრატეგია ყელში ამოუვიდა ხალხს. იმის მაგივრად, რომ მართლა საქმე აკეთონ და პრობლემები მოაგვარონ, 9 წელს გაიძახიან.
_ ახლა რას აპირებთ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ თქვა, რომ ამ თემის დათმობას არ აპირებს?
_ წყალგამყოფის წინაშე ვართ. ჩვენ ეს თავიდანვე ვიცოდით. მაშინაც, როდესაც უზენაესის სია ჩავაგდეთ და მაგ თემას დავუპირისპირდით. არასდროს გვქონია იმედი და მაგაზე გათვლით არასოდეს არაფერი გაგვიკეთებია რაიმე აქტი.
ახლა გახდა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ერთი წელია, ვიბრძვით იუსტიციის საბჭოში ტელევიზიების მეშვეობით. „ქართულ ოცნებას“ ვიღაცა სჭირდება, რომ გამოფხიზლდეს, რადგან სწორ პოზიციას დაიკავებს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მატარებელი დაძრულია! ჩვენ ამ თემაში ვართ ჩართულები.
წინა წლის თებერვალში ვთქვი, რომ ესენი არიან ადეიშვილის ნარჩენები, ყური არ შეუბერტყია არავის. ერთადერთი კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება მაშინ. ეს უნდა აღინიშნოს. ანუ ეს პროცესი, მოძრაობა სამართლიანი სასამართლოსთვის გაგრძელდება. თუ ვინმე ამას შემოუერთდება, ძალიან კარგი იქნება.
_ საზოგადოების იმედი გაქვთ, რომ ჩაერთვება ამ პროცესში?
_ დიახ, მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება ხედავს, როგორ ცემენტდება კლანები. არამარტო სასამართლოში, არამედ სხვა ინსტიტუციებშიც. კლანები ცემენტდება სასამართლოებშიც, ჭიდაობაშიც, გამოძიებაშიც, პროკურატურაში… ყველა სფეროში! რა, ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლიები არ არის?! ყველგან არის და ამას ხალხი ძალიან კარგად ხედავს. მგონია, რომ როგორც ხედავს ხალხი, ისე დაგვიჭერს მხარს.
_ გვესმის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებები – გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის და სხვების. საუბრობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით გეკრძალებათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. რა პასუხი გაქვთ?
_ ეგენი მაგას ამბობდნენ, სანამ მარგველაშვილი მე დამნიშნავდა საბჭოს წევრად. თქვეს, რომ ანა დოლიძე აქ მოდის, რომ ააფეთქოს საბჭოო. თავიდანვე ეშინოდათ მათ ჩემი იქ შესვლის. იმიტომ, რომ იცოდნენ, არ გავატარებდი და ჩუმად არ ვიჯდებოდი. იცოდნენ, რომ არ შევეგუებოდი მურუსიძის და მსგავსი მოსამართლეების დანიშვნას.
_ არ არის ის, რასაც ამბობენ?
_ ჩემთვის ეს არის კომპლიმენტი. სერგო მეთოფიშვილის და დიმიტრი გვრიტიშვილის მსგავსი მოსამართლეების მიერ გაკეთებული უარყოფითი განცხადებები ჩემზე ეს არის ინდიკატორი იმის, რომ სწორ რაღაცას ვაკეთებ.
_ როდესაც ამბობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება თქვენი განცხადებები, ეს ტყუილია?
_ ეს თითიდან გამოწოვილია. მე გავაკეთე განცხადება თავიდან ბოლომდე კონკურსის შესახებ, რომელიც ჩატარდა. ჩვენი კანონმდებლობით მე, როგორც საბჭოს წევრს, მეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. პარტიული საქმიანობა ნამდვილად მეკრძალება. კანონი რომ სხვა რამეს ამბობდეს, ესენი ერთი წელი ამას მოითმენდნენ?!
_ ხომ არ ელოდებით, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა საბჭოდან გამოგიშვან?
_ დიახ, ველოდები. ველოდები, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ველოდები, რომ საშინელებებს გააკეთებენ, ეს რა არის?! ყველანაირ მეთოდს გამოიყენებენ, კანონიერსა და უკანონოს.
ეთიკაც რომ არ აქვთ, ვნახეთ. ტყუილებსაც კადრულობენ. ესენი ყველაფერზე წამსვლელი ხალხია. მათ ჩავუშალეთ ძალიან დიდი კარიერული ნაბიჯი მე და ნაზი ჯანეზაშვილმა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მე ველოდები სხვადასხვა ფორმებით თავდასხმებს, მაგრამ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ პირველ რიგში ეს მათ დააზარალებს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა