“ბესელია ივანიშვილზე ჭკვიანურად იქცევა, ბიძინამ, შესაძლოა, კობახიძის გუნდი გაწიროს”

"ბესელია ივანიშვილზე ჭკვიანურად იქცევა, ბიძინამ, შესაძლოა, კობახიძის გუნდი გაწიროს"“ახალი თაობის” კითხვებს ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. როგორც ამბობენ, ბიძინა განრისხებულია ბესელიაზე და ყველაფერი ამიტომ მოხდა. როგორია თქვენი შეფასებები?
– ამ საკითხს შევხედოთ პოლიტიკური კუთხით, იმიტომ, რომ ადამიანური ურთიერთობის კუთხით ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ემოციები ცუდი მრჩევლები არიან პოლიტიკაში. ისედაც ცუდი მრჩეველია ემოცია და პოლიტიკაში – განსაკუთრებით. არადა, ივანიშვილს შეუძლია, ემოციები გვერდზე გადადოს.
– ამ შემთხვევაში ვინ აჰყვა ემოციებს, ბესელია თუ ივანიშვილი?
– ამ შემთხვევაში ივანიშვილი უშვებს შეცდომას. ერთი მხრივ, თუ ბესელიას მიმართ ემოციას აჰყვება, ისიც შეცდომაა, მოსამართლეების მიმართ ემოციას თუ აჰყვება, ისიც შეცდომაა. შეიძლება, მას მოსამართლეების მიმართ რაღაც სიმპათიები ჰქონდეს, ეგ სხვა საკითხია. პრაგმატულად, ემოციების გარეშე საკითხი დგას ასე: საზოგადოებას, სულ რომ ანგელოზები იყვნენ ეს მოსამართლეები, ამ მოსამართლეების არ სჯერა, რადგან საზოგადოებისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით და ეს მოსამართლეები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის გამპრავებლები.
პოლიტიკური კონტექსტიც აქვს ამ მოსამართლეების თემას და არ არის ეს მარტო სამართლის საკითხი. რადგან საზოგადოებას არ სჯერა, პოლიტიკოსი უნდა გაჰყვეს საზოგადოების თემას ან ძალიან მყარი არგუმენტებით დაუმტკიცოს მთელ საზოგადოებას მათი შეხედულების სისწორე.
კობახიძე როცა გამოდის და აცხადებს, ეს მოსამართლეები ადრე თუ ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიანო, ეს არასერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე.
– ვინ ლობირებს ამ მოსამართლეების თემას ბიძინა ივანიშვილთან, რომ მოახერხა მისი დარწმუნება?
– სავარაუდოა, რომ თვითონ კობახიძე – ის ფიგურირებს, როდესაც ლაპარაკია მათ დაცვაზე. მას დაეკისრა პასუხისმგებლობა. ბესელიამაც ასე განაცხადა, რომ კობახიძე და ეს ჯგუფი უჭერს მხარსო. ისე რომ, კობახიძე და მის გვერდით მდგომი იურისტები შეიძლება არიან ის ადამიანები, რომლებიც მფარველობენ ამ ჯგუფს ალბათ თავიანთი მოსაზრებების გამო, არ მინდა ვიგულისხმო, რომ დიდი ცოდვები აქვთ და იმიტომ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მფარველობაც შეცდომაა.
– საერთოდ ხომ არ გადაიყოლებს ეს თემა “ოცნებასა” და ამ ახალგაზრდულ ფრთას?
– დიახ, სწორედ მაგას მოგახსენებთ. 2020 წლისთვის ეს თემა ძალიან მძიმე ჟღერადობის იქნება. ამას დაემატება კიდევ ის, რომ ივანიშვილი დაგვპირდა რაღაცების გასწორებას და გასწორების მაგივრად მოსამართლეების პრობლემა ასე გადაწყვიტა.
– სულ გვესმოდა შეფასებები, რომ ივანიშვილი ჭკვიანი და გამჭრიახია. თუ ასეა, რატომ ვერ ხვდება, რომ ითრევს ეს ჯგუფი თავის მოსამართლეებიანად? ეს რომ მარცხს მოუტანს 2020-ში, ეს ვერ გათვალა თუ რა ხდება?
– ვერგათვლასაც არ გამოვრიცხავ. ადამიანი და ყველა ცოცხალი არსება ისეა მოწყობილი, ერთ საქმეში რომ ჭკვიანია, ეს არ ნიშნავს, რომ მეორეშიც ჭკვიანია. შეიძლება, ძალიან ჭკვიანი არის ივანიშვილი, მაგრამ პოლიტიკაში აქვს ისეთი შეცდომები, რომლებსაც შორსმჭვრეტელობით ვერ ახსნი.
არა მგონია, მისთვის სასიამოვნო ყოფილიყო ბოდიშის მოხდა, ანუ სიტუაციის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ მას ბოდიში მოეხადა. ისევ ანალოგიური სიტუაციისკენ შემოტრიალდება საქმე, ყველაფერი ისე მიდის.
– რას შეძლებენ ეკა ბესელია და მისი რამდენიმე თანამოაზრე დამოუკიდებლად?
– ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მკაფიო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს და ძალიან კარგ ალღოს ავლენს სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით. გათვალა, მომენტი შეარჩია, განსხვავებულ აზრს უგდებს ყურს. ეს დიდი პლუსებია პოლიტიკოსისთვის.
გააჩნია, მომავალში როგორ მოიქცევიან, თორემ პერსპექტივები აქვთ. ჩემი ბევრი კოლეგა მიიჩნევს, რომ მათ რესურსები არ ეყოფათ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა იყო მაშინდელი ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ვარდების რევოლუციის წინ, როდესაც ათკაციანმა ჯგუფმა ხელისუფლება შეცვალა.
საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტანი არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ძალიან დიდი ბერკეტია.
– რას მოიმკის “ოცნება” საბოლოოდ მოსამართლეების ასეთი მხარდაჭერით?
– “ოცნება” მოიმკის იმას, რაზეც თვითონ არ ოცნებობს. შეეჩვია ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა ჯგუფი და მათი მიზანი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლება დაკარგონ, მაგრამ მაგისკენ მიდიან. შეჩერებას მაინც უნდა დათანხმებოდნენ ამ დანიშვნებისას. კონსტიტუციის მომიზეზება საბაბია და არა – მიზეზი, როცა კონსტიტუციური უმრავლესობა გყავს.
– ანუ შეეძლოთ, ცვლილებები შეეტანათ?
– თუ ნახავ, რომ კონსტიტუციაში წერია ისეთი რაღაც, რაც ცუდ შედეგს აძლევს შენს ქვეყანას, შეცვალე კონსტიტუციის ფორმულირება ისე, რომ გაასწორო ქვეყნის ინტერესებზე და არა ქვეყანა გაასწორო კონსტიტუციაში ჩაწერილ პოსტულატზე, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის ბოლო რედაქცია კობახიძის გაკეთებულია და ამ ტიპის ფორმულირებებში ის გაითვალისწინებდა იმ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა დღეს.
– “ოცნება” კარგავს საკონსტიტუციო უმრავლესობას. გაიზრდება იმ დეპუტატთა რიცხვი, რომლებიც ბესელიას გაჰყვებიან?
– შეიძლება, ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოების განწყობილება გამოკვეთილია თუ არა და გრძნობს თუ არა ამას პოლიტიკოსების ჯგუფი.
როცა საზოგადოების განწყობილება არის კრიტიკული, პოლიტიკოსები იცვლიან პოზიციებს და გადადიან სხვა მხარეზე. იმიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბესელიას ჯგუფი რიცხობრივად გაიზარდოს.
– რას ელოდებით ივანიშვილისგან, რისი შეცვლა შეუძლია მას, რაიმე ახალს შემოგვთავაზებს?
– დღეს და ხვალ – არა, მაგრამ არჩევნებთან მიახლოებულ პერიოდში ველოდები, რომ მან შეიძლება სწორედ ეს ჯგუფი, ვინც დღეს ლობირებს მოსამართლეებს, გაწიროს, თქვას, რომ მათ შეჰყავდათ შეცდომაში და ის, რასაც დღეს საყვედურობს საზოგადოება ივანიშვილს, მთლიანად ამ ჯგუფზე გადაიტანოს და თვითონ გათავისუფლდეს ამ ხარვეზებიდან.
ამ შემთხვევაში მას აუმაღლდება რეიტინგი. თუმცა ამას ახლა არ გააკეთებს, რადგან არჩევნებამდე ჩაქრება ის დადებითი ემოცია, რომელიც შეიძლება, ამ საკითხიდან გამომდინარე გაჩნდეს, ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ის ბოლო მომენტს ელოდებოდეს და თავადვე რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა