ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე განიხილავს.
– ბატონო მამუკა, გასული კვირა დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით. გვესმის შეფასებები, რომ უკვე გარდაუვალია “ქართული ოცნების” დაშლა. რეალურად რა პროცესი დაიწყო?
– იცით რა, მე ამას დაშლას ვერ ვუწოდებდი, ისევე როგორც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დაშლა არ ყოფილა, ეს იყო ერთგვარი გადაჯგუფება. უბრალოდ მოდის ის დრო, როდესაც სახელისუფლებო პარტია ბეზრდება ხოლმე ხალხს. კარგია ის, ცუდია, ამას მნიშვნელობა არა აქვს. 8-10 წელი ეს მიღებული სტანდარტია და, როგორც ჩანს, აქ ერთგვარი დასწრება მოხდა მოვლენების.
– ეკა ბესელიამ მოვლენებს დაასწრო?
– ძალიან მომეწონა სერგი კაპანაძის ტერმინი – პროტოქოცებიო, ასე თქვა ეკა ბესელიაზე და ავიტაცე, ისე მომეწონა. ანუ პირველადი ქოცები, ვინც იყვნენ ამ “ოცნების” დამფუძნებლები, გარკვეულწილად ჩრდილში მოექცნენ და გადაწყვიტეს, სახეც შეენარჩუნებინათ და თან თავი შეეხსენებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის.
დღეს ერთადერთი დაფინანსების წყარო გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი ბიზნესმენები, სხვა პოლიტიკური დაფინანსება არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ბიუჯეტიდან დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეკა ბესელიამ კარგი მომენტი დაიჭირა, ხალხისთვის მიუღებელი მოსამართლეები და ეს გამოიყენა ერთგვარ რუპორად იმისთვის, რომ აი, მე აქ ვარ, ბატონო ბიძინა და ყურადღება მომაქციეთო.
– ჩააჩოჩეს ძველები და თავის შეხსენების მცდელობა ჰქონდათ?
– მომავალი არჩევნებისათვის ყველა ცდილობს სათავისოდ. ჩემი აზრი ასეთია, რომ ამ ძველებს ბიძინა ივანიშვილი ყველა ვარიანტში მოიშორებს. მიუხედავად იმისა, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკა ბესელია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე კობახიძე იქნება თუ დანარჩენი ახალი სახეები, აჯობა ამ ახალგაზრდების ჯგუფმა ძველებს.
ივანიშვილი ამ ახალგაზრდების ჯგუფს კიდევ ვიღაც ახლებს დაუმატებს და ამ ახალგაზრდებით შეცვლის “ქართულ ოცნებას”. არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ “ქართული ოცნებიდან” შექმნას ჯიბის ოპოზიცია, ძველებიდან, იმიტომ, რომ ირმა ინაშვილი მას აღარ აკმაყოფილებს, ოდიოზურია ძალიან. ხომ ნახეთ, რომ ინაშვილის კანონპროექტს მხარი “ქართულმა ოცნებამ” არ დაუჭირა. ყველა ძალიან კარგად მიხვდა რომ ეს სისულელე იქნებოდა. შესაბამისად, ინაშვილიც ჩააჩოჩეს.
– ხელოვნურ ოპოზიციას ქმნის ივანიშვილი ბესელიას და მისი თანამოაზრეების სახით?
– დააკვირდება, ნახავს, ვინ ჯობია, ვინ არ ჯობია, შესაძლოა, ახალი გადაჯგუფება გააკეთოს. ვიღაცას წამოწევს, ვიღაცას გვერდზე გასწევს. მას სურს, შეინარჩუნოს ის პოზიცია, რაც ახლა აქვს. თანხებიც, მაგას რომ აქვს, იმდენი უნდა. ამ ფონზე ჩვენ რასაც ვხედავთ, ოპოზიცია არის ძალიან პასიური და ამ მომენტს, როდესაც ოპოზიცია პასიურია, იყენებს სახელისუფლო პარტია.
ისიც იციან, რომ ამ სახით ვეღარ დარჩებიან, რადგან ხალხში გაღიზიანება ძალიან დიდია, ამიტომ მოახდენენ რაღაც რეკონსტრუქციას თავისი ორგანიზაციისას და ახლის გაკეთებას შეეცდებიან.
რამდენიმე მცდელობაც იყო უკვე. მე არ მჯერა ისეთი პარტიების, როგორიც არის, მაგალითად, მშენებლები გამოჩნდნენ თუ მაშენებლები. უსუფაშვილის პარტიას ვგულისხმობ, ასევე ალეკო ელისაშვილის. როდესაც ვიკითხე, საიდან არის ეს დაფინანსება? ვიღაცა ბიზნესმენებმა მხარი დამიჭირესო. ღმერთმა გაუმარჯოთ, რაც მეტი ოპოზიციური პარტია იქნება მით უკეთესი, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ვერც ერთი ბიზნესმენი ამ ქვეყანაში ოპოზიციის დაფინასებას ვერ ბედავს!
– ახალი ძალის გამოჩენის შანსი რამდენად არის? ითქვა ისიც, რომ გაბრაზებული მამუკა ხაზარაძე შესაძლოა პოლიტიკაში წავიდეს. ამაზე რას იტყვით?
– ვერ გაბედავს, გამორიცხულია! თუ გინდათ დაგენიძლავებით, ხაზარაძე ვერ გაბედავს პოლიტიკაში წასვლას, ვერავითარ შემთხვევაში. მას რომ ჰქონოდა ამისი უნარი, ის ამას აუცილებლად ამ სიტუაციამდე გააკეთებდა და დაასწრებდა ამ მოვლენებს. მაგრამ ვერ გააკეთა, რადგან ვერ გააკეთა, ის უბრალოდ შეეცდება, რომ კიდევ უარესი არ დაემართოს.
არიან უფრო ამბოხებული ბიზნესმენები, როგორიც, მაგალითად, ოქუაშვილია, რომელმაც შეიძლება დააფინასოს ოპოზიცია და არც არის საიდუმლო, რომ ის ინაშვილის პარტიას აფინასებდა, რადგან მისი მეუღლე ამ პარტიიდან იყო წარმოდგენილი დეპუტატად. თუმცა ის ძალიან შეზღუდულად ურთიერთობს პოლიტიკურ პარტიებთან.
– ანუ ბიზნესი დღეს შეშინებულია?
– ასეა. სანამ არ მოხდება სერიოზული ძვრა საზოგადოების მხრიდან, ხალხი უნდა გაბრაზდეს, ხალხი უნდა გამოვიდეს, ხალხმა პროტესტი უნდა გამოხატოს. სხვანაირად უბრალოდ ეშინიათ ბიზნესმენებს, რადგან რომ დაიწყო ვიღაცის დაფინანსება და მერე მათ ხალხისგან ვერ მიიღონ მხარდაჭერა, მერე ეს ბიზნესმენები ფულსაც დაკარგავენ და თავსაც. დაკარგავენ ყველაფერს.
– არ არის საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ახალი ტალღა აგორდეს?
– არა, არ არის. მე ვერ ვხედავ, დღეს სიტუაცია რომ აქეთ მიდიოდეს.
– 2020-მდე არის ამ სიტუაციის შეცვლის შანსი?
– მე მგონია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას და ასევე ევროპულ საქართველოს აქვს სერიოზული შესაძლებლობა, შეცვალონ არსებული რეალობა და პროცესებზე ზეგავლენა მოახდინონ. ამის დიდი გამოცდილებაც აქვს, ინფრასტრუქტურაც და უნარიც, ლიდერებიც ჰყავთ და ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. ერთადერთი ფინასების საკითხია პრობლემური, რამდენად აქტიურად შეძლებენ ისინი ამ პროცესში შესვლას.
მე მაინც მგონია, რომ სწორედ ეს ორი პარტია იქნება წარმმართველი ოპოზიციური ველისა. ასევე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გამსხვილება ისევ გაგრძელდება. თუ ეს ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებს ერთმანეთთან, 2020 წლისთვის მათ შეიძლება სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ.
– ფიქრობთ, რომ გაერთიანდებიან?
– არა, ასე არ ვფიქრობ, ისინი ვერ გაერთიანდებიან და არც უნდა გაერთიანდნენ, რადგან ორი მხრიდან შეტევა “ქართულ ოცნებაზე” ძალიან სერიოზული შედეგების მომცემი შეიძლება იყოს.
მე მრავალფეროვნებას მივესალმები პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაყალბება ისევ იქნება, “ქართული ოცნება” ამას არ მოეშვება და მაშინ საბოლოო სიტყვა უკვე საზოგადოებაზე იქნება. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ხახვი, კარტოფილი და ძველი ვალების გასტუმრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლების ცვლილება უკეთესობისკენ, მაშინ ეს მისი არჩევანი იქნება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა