დავით დარჩიაშვილი – “ახლა უნდა ბესელიას დაგვაჯეროს, რომ პრინციპული ადამიანი გახდა?!”

დავით დარჩიაშვილი - "ახლა უნდა ბესელიას დაგვაჯეროს, რომ პრინციპული ადამიანი გახდა?!"“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას? ის ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათთან ერთად აპირებს საქართველოში დაბრუნებას. მანამდე კი ევროპის შუაგულში ვნახეთ “ქართული ოცნებისა” და სააკაშვილის მომხრეების დაპირისპირება.
– ეს მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან იმ გეგმებზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ახალისებს თუ აორგანიზებს ასეთ პროვოკაციებს ევროპაში, სამარცხვინოა.
– ფიქრობთ, ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული?
– რა თქმა უნდა. ამაში ორი აზრი არ არის! არავინ თავისი ინიციატივით არ წავიდოდა საშარო საქმეზე ერთი ქალაქიდან თუ ერთი ქვეყნიდან მეორეში. ადამიანი ხვდება თავის მხარდამჭერებს, რატომ უნდა მიუვარდე და რატომ უნდა მოაწყო პროვოკაციები?! ეს იყო ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი. კერძო ბიზნესმენს მისცეს ეს დავალება თუ სუსის მიერ იყო დავალებული, ეს დეტალები ოდესმე ნათელი გახდება.
– კობახიძე ამას არ უარყოფს, მეტიც, ის ამბობს, რომ სააკაშვილს თავის წამოწევის საშუალებას არ მისცემენ.
– ის სიამოვნებას განიცდის ასეთი მარაზმატიკული განცხადებებით.
– საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია. შესაბამისად, თუ საზღვარს გადმოკვეთს, აიყვანენ.
– ამ ბრალდებას არავინ ცნობს არსად, მით უფრო ამ სასამართლო სისტემის ფონზე. ამას სერიოზულად არავინ რომ არ უყურებს, ეს ჩანს იქიდანაც, რომ ადამიანი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რუსეთის გარდა, სრულიად თავისუფლად გადაადგილდება.
– რატომ არ ჩამოდის? პასუხისმგებლობის ეშინია?
– მაპატიეთ, გულუბრყვილო კითხვაა. იმიტომ არ ჩამოდის, რომ აქ არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მას იმ წუთში დაიჭერს.
– გასაგებია, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, დაიჭერს და იმ წუთში სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს შეიძენს საქართველოში. ამად არ უღირს?
– ასე ჯობია თუ ისე ჯობია მისი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია. თუმცა, მე ვიცი, რომ ჩამოვა თუ არა, მას იმ წუთში დააკავებენ და ციხეში ჩასვამენ.
– 2020 წლისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორ ხედავთ მოვლენებს, როდესაც რეალური ალტერნატივა არ ჩანს? ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას.
– რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლების დათმობას და დატოვებას არ აპირებს. ამიტომ მოხდება ისევ ის, რაც ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მწვავედ იყოს უკვე მოვლენები, რადგან საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ხელისუფლების ცვლილების საკითხი დგას.
ხელისუფლება ისევ ადმინისტრაციულ რესურს გამოიყენებს, ის ისევ მოისყიდის და დააშინებს ამომრჩეველს, მასშტაბები კი უფრო დიდი იქნება.
რა გარდატეხს ამ რეალობას?! მხოლოდ ხალხის საერთო ნება. იქნება ხალხი აქტიური?! ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკური სპექტრის აქტიურობაზე, ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო-საზოგადოებრივ აქტიურობაზე. ვნახოთ, როგორი იქნება მაშინ განწყობები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– ოპოზიციის გაერთიანება შესაძლებელია?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ შექმნას კოალიცია, მაგრამ ერთობა გარკვეულ ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მაგალითად, დღეს ოპოზიცია ერთიანია საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხის ირგვლივ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არ შეიძლება, მომავალი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს არის სრულიად არასამართლიანი სისტემა. ხელისუფლებასთან უნდა მივაღწიოთ, რომ ისინი წამოვიდნენ ამ ცვლილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება. ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის ერთობა ნამდვილად არსებობს.
მთელ ამ პროცესში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება იყოს, ეს არის ნიჰილისტური განწყობები. ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში კვლავ მაღალია იმედგაცრუებული ამომრჩევლის მაჩვენებელი. ეს ძალიან ცუდია.
– “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამბოხებული დეპუტატებიდან ე.წ. მესამე ძალა შექმნას?
– ე.წ. მესამე ძალის შექმნა გაუჭირდება, რადგან ოდნავ მაინც კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის თვალში ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი ვერანაირად ვერ იქნება აღქმული ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად.
ეს მაინც არის ივანიშვილის ორი ხელი თუ ორი საცეცი, რომელიც ერთმანეთს დაეჯახა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო სისტემაზე გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაში. თორემ ამ ადამიანებს მაინცდამაინც სამართლიანი სასამართლო სისტემა და მისი ბედი რომ არ აღელვებთ, ეს ჩანდა მთელი ამ 6 წლის მანძილზე, რადგან არც ერთ მათგანისთვის მთელი ამ ხნის მანძილზე მურუსიძე არ ყოფილა პრობლემა.
“ახლები” იქნებიან თუ “ძველები”, მაინც “ოცნებაა”. ივანიშვილი როგორ გაათამაშებს ამ ყველაფერს, არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას თუ საერთოდ დაიკარგება ბესელია, თუ შიგნიდან ხელოვნურად მოხდება პარტიის ფორმირება, ამას ვნახავთ.
– თავის დროზე ასე გაიყო მოქალაქეთა კავშირი.
– სულ სხვა პროცესი იყო მოქალაქეთა კავშირში. კი იყო ეკლექტური, როგორც 2012 წელს კოალიცია “ქართული ოცნება”, მაგრამ იქ ყოველთვის იყო ორი ფრთა: ერთი ნათელი, მომავალზე ორიენტირებული, რეფორმატორების ფრთა და მეორე კომუნისტური, ნომეკლატურული ფრთა, რომელიც უკან იყურებოდა.
ამ ორ ძალას შორის თავიდანვე იყო სისტემური განსხვავება.
აქ პიროვნების ირგვლივ დარაზმული ადამიანები ჩანან, რომელთა შორის პრინციპულ განსხვავებას დღემდე ადგილი არ ჰქონია და ახლა უნდა ბესელიას დაგვაჯეროს, რომ პრინციპული ადამიანი გახდა?!
ამიტომ, მე ვერ ვხედავ აქ რაიმე რეფორმატორულ, სერიოზულ, განსხვავებულ ძალას, მით უფრო ბესელიას სახით.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა