ევროპის ქვეყნებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს – მადურომ დახმარება რომის პაპს სთხოვა

ევროპის ქვეყნებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს - მადურომ დახმარება რომის პაპს სთხოვადღეს, 4 თებერვალს, ესპანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ავსტრიამ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ

ვინაიდან ვენესუელაში მართვის საპრეზიდენტო მოდელია, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით.

_ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა აქვს, აღნიშნული არჩევნები ჩაატაროს. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ხალხს ცვლილებები სურს, _ განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ვენესუელელი ხალხის ნებასა და არჩევანს გამოხატავს.

_ ეს დემოკრატიული მოთხოვნაა, _ დასძინა მან.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე პედრო სანჩესმა ვენესუელას თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ესპანეთის მთავრობა დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს სცნობს“.

პედრო სანჩესის განცხადებით, „ხუან გუაიდომ რაც შეიძლება მალე უნდა დანიშნოს თავისუფალი არჩევნები, რათა ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი მომავალი განსაზღვროს“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრიომმა „შვედურ რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი ვენესუელას ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს განიხილავს.

– ამ სიტუაციაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ხუან გუაიდოს და მას, როგორც კანონიერ დროებით პრეზიდენტად განვიხილავთ. ვენესუელა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, საკვები და მედიკამენტები არ აქვთ, ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია, ჰიპერინფლაცია უზარმაზარია, _ განაცხადა მან.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა ხუან გუაიდოს.

_ ნიკოლას მადუროს რეჟიმი უარს ამბობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ამის გამო ამიერიდან ჩვენ ხუან გუაიდოს ვენესუელას კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად ვაღიარებთ, – განაცხადა მან.

ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად ასევე აღიარა დიდმა ბრიტანეთმა.

_ ნიკოლას მადუროს არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც გაერთიანებული სამეფო ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ხუან გუაიდოს აღიარებს დროებით პრეზიდენტად იმ მომენტამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება, _ განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი მხარდაჭერა და აღიარება ხუან გუაიდოს პოლონეთმა და დანიამაც გამოუცხადა.

გუშინვე ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გერმანიამაც აღიარა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

_ რაც შეეხება გუაიდოს, გუშინდელ დღემდე არ იყო გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამიტომაც ახლა ხუან გუაიდო ის ადამიანია, რომლისგანაც ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოახდენს საარჩევნო პროცესის ინიცირებას. ამ ამოცანისთვის ის ლეგიტიმური დროებითი პრეზიდენტია, _ განაცხადა ანგელა მერკელმა.

თავად მადურომ რომის პაპს ფრანცისკეს მიმართა თხოვნით, ხელი შეუწყოს ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბებას.

ამის შესახებ მადურომ იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

_ წერილით მივმართე რომის პაპს, ფრანცისკეს. ამ წერილში მას ვეუბნები, რომ ქრისტეს საქმეს ვემსახურები. ამასთან დაკავშირებით მას ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბება და განმტკიცებაში დახმარება ვთხოვე, _ განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ნიკოლას მადურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რომის პაპს თხოვს, თავისი ძალები და ნება გამოიყენოს, რათა ვენესუელას დიალოგის გზაზე დაეხმაროს“.

_ ვიმედოვნებთ, რომ რომის პაპისგან დადებით პასუხს მივიღებთ, _ დასძინა მან.