გია ხუხაშვილი – “ანაკლიის პორტმა შეიძლება ქალაქი ფოთი საერთოდ გააქროს”

გია ხუხაშვილი - "ანაკლიის პორტმა შეიძლება ქალაქი ფოთი საერთოდ გააქროს"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო გია, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თქვენი პოზიცია როგორია, თქვენ რა კითხვები გაქვთ?
– ბევრი კითხვა მაქვს პროცესთან დაკავშირებით. საქმის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ფულის გათეთრების კვალიფიკაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. ხომ არ დასჭირდა ვიღაცას, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადის პრობლემა გადაეწყვიტა ამ ბრალდებით?!
ბევრი კითხვა მაქვს, მათ შორის ერთ-ერთი: სადაც 11 წელი ეს საქმე არავის ახსოვდა, ერთი ორი-სამი თვე კიდევ რომ დაეცადათ – არა?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტთან დაკავშირებით, ახლა არის წინასახელშეკრულებო დრო და ამიტომ ვსაუბრობ ამაზე. ამ პროექტს დაფინანსება უნდა მოჰყვეს, მილიონებზეა საუბარი.
მინიმუმ სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, რომ სანამ ხელშეკრულებები არ გაფორმდებოდა, 11 წლის წინ მომხდარ ამბავზე არ უნდა დაწყებულიყო მთელი ეს ამბავი. ეს ყველაფერი კითხვებს მიჩენს. ამ ინვესტიციების შემოდინების საბოტაჟი ხომ არ არის, ამისთვის ხომ არ არის დაჩქარებული?!
– ვისი მხრიდან?
– მე სპეკულირებას ვერ დავიწყებ. არიან ინტერესჯგუფები, რომელთა საცეცები სახელმწიფო ინსტიტუტებს შიგნით მეტასტაზებივით არის მოდებული. მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და ხელისუფლებაც ჩაეთრიათ. ან შეცდომაში შეეყვანათ ან დაერწმუნებინათ, რომ ასე აჯობებს. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე.
ფულის გათეთრების დამტკიცება ძალიან გაუჭირდება ბრალდების მხარეს, ხოლო ეს ბრალდება თუ ჩაიხსნა, მაშინ ხანდაზმულობიდან გამომდინარე საქმე ისედაც უნდა დაიხუროს. ყოველწლიურად ბანკში საერთაშორისო აუდიტი ტარდება და გასაგებია, რომ იქ ფულის გათეთრებაზე საუბარი შეუძლებელია
– ხშირად ანაკლიის პორტის მნიშვნელობას პარალელს ავლებენ ბაქო-ჯეიჰანის პროექტთან.
– მე ამ პროექტის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი ყოველთვის მქონდა და ეს არასდროს დამიმალავს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს პროექტი სერიოზულ რისკებს შეიცავს. ფიზიკურად ამ რაოდენობის ტვირთების მოზიდვა და შემდეგ გატარება თეორიულადაც კი შეუძლებელია. ამ პორტის განვითარებას შეიძლება ქალაქი ფოთი შეეწიროს. ჩვენ რომც განვავითაროთ მთელი ინფრასტრუქტურა, ავაშენოთ პორტი ანაკლიაში, აზერბაიჯანი ვერ გაატარებს.
კი ბატონო, შეიძლება ეს პროექტი იყოს წარმატებული, მაგრამ რის ხარჯზე?! ორი პორტი გვაქვს – ბათუმისა და ფოთის, ამას მესამე პორტი რომ დაემატება, იმ ორს რა მოუვა?! ანაკლიის ამოქმედების შემდეგ მე ფოთთან დაკავშირებით სერიოზულ რისკებს ვხედავ. ქალაქი ფოთი შეიძლება საერთოდ გაქრეს.
– ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი ხომ არ გვაქვს, ანაკლიაში სწორედ ასეთი პორტი აშენდება.
– ტვირთების გადანაწილება მოხდება. ფოთის პორტის გაკოტრების საფრთხეზე ვსაუბრობ. ეს მაინც კომერციული პროექტია. მე დეტალებში არ შევალ, მით უფრო ახლა, როდესაც ასე დრამატულად ვითარდება პროცესები.
თვითონ პროექტისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელწმიფოებრივად აუცილებელი პროექტი იყო და მისი განხორციელება განსაკუთრებულ სიკეთეს მოგვიტანს.
– რატომ, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით? ფრთხილობთ?
– არა, რუსეთი რა შუაშია. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაცა რაღაცის ხარჯზე ვითარდება და რომ პროექტი რისკების შემცველია.
– ბატონო გია, ამერიკულ მხარეზე უნდა გკითხოთ. ეკონომიკის მინისტრმა ქობულიამ განაცხადა, რომ ეს პროექტი ერთ პიროვნებაზე არ დგას, ხაზარაძეზე მიანიშნა და მან კონსორციუმზე ისაუბრა. თუ ტვირთებს ვერ გაატარებს ეს პორტი, ამერიკული მხარე ხომ შეისწავლიდა, ისე ხომ არ ჩადებს ფულს?
– სწორედ ამაშია საქმე, რომ ჯერ ეს პროექტი არ არის ხელმოწერილი, ეს ყველაფერი ახლა იწყება. მე ამიტომ მიჩნდება კითხვები, რატომ მაინცდამაინც ახლა ედავებიან ბანკს ფულის გათეთრებას?! ასეთ პარტნიორს ვინ ენდობა და ვინ ჩადებს მილიონებს პროექტში, რომლის პარტნიორიც, სიტყვაზე რომ ვთქვათ, ფულს ათეთრებს?! ამაზე ხომ უნდა დაფიქრებულიყო ვიღაც?! რატომ ახლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა!
როდესაც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი რეპუტაციულ დარტყმას არ მიაყენებს ბანკს და ინვესტორებს არ დააფრთხობს, ეს ნიშნავს, რომ ან თავად არის ბრიყვი ან ჩვენ ვგონივართ ბრიყვები. ის ცდილობს, ამაში დაგვარწმუნოს.
– თქვენ კითხულობთ, რატომ ახლა. და ვის აწყობდა, როგორ ფიქრობთ?
– არ მინდა სპეკულაციები და ვერსიების დონეზე საუბარი. ყველაზე კარგად ვინც იცის, მან უნდა ილაპარაკოს.
– ვიზე მიანიშნებთ?
– ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე. რასაც ვუყურებ, ჯერ-ჯერობით საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებიან.
– უფრო მეტი უნდა ილაპარაკონ?
– საკმარისი ილაპარაკეს ამ ეტაპზე. გასაგებია, რომ უფრო მეტი აქვთ სათქმელი, მაგრამ ბევრი რამის გამო თავს იკავებენ და ალბათ ასეც ჯობია. დამატებითი ხმაური და პოლიტიზირება კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. თუმცა, პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭირვალე, ამას ალტერნატივა არ აქვს.
მისასალმებელია, რომ ხაზარაძე მზად არის, მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია. დიახ, ისინი უნდა მივიდნენ პარლამენტში და ისაუბრონ, ეს ყველაფერი კარგია. რატომაც არა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა