გია ხუხაშვილი – “საპრეზიდენტო არჩევნებმა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაამსხვრია”

გია ხუხაშვილი - "საპრეზიდენტო არჩევნებმა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაამსხვრია"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მმართველი პარტიის პოლიტიკურ პრესპექტივაზე საუბრობს.
– ბატონო გია, ეკა ბესელია ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპი დადგა. ივანიშვილი დაპირისპირებული მხარეების შერიგებას ცდილობდა. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?
– პროცესი სულ სხვაგან არის. იმ წერილის შემდეგ, რომელიც პოლიტსაბჭოს შემდეგ გამოქვეყნდა, ყველაფერი გასაგები გახდა. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. მას ჰქონდა საკმაოდ რთული დილემა, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მას ან რაღაც უნდა შეეცვალა, რადიკალიზაციის გზით წასულიყო ან მთლიანად სისტემის ტყვეობაში უნდა დარჩენილიყო.
როგორც ჩანს, ის სისტემის ტყვეობაში დარჩა. ივანიშვილმა ეს არჩევანი ღიად გააკეთა. “ქართულმა ოცნებამ” წითელი ხაზი გადალახა.
იმ აბსოლუტურად უტიფარ წერილში, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ყველა, ვისაც მურუსიძე არ მოსწონს, ნაციონალური მოძრაობაა.
ეს უკვე საზოგადოების ღია გამოწვევაა. ვნახავთ, როგორ მიიღებს ამ გამოწვევას საზოგადოება. არადა, სწორედ ამ წერილით “ქართული ოცნება” გახდა ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი სამართალმემკვიდრე.
სააკაშვილის ჯინი კი არ გვჭირდა – არ მოგვწონდა ის სისტემა, რომელიც მან ააშენა, ეს იყო მიზეზი. ამ წერილით დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო ლოზუნგით მოვიდა, მთლიანად გადაიბარა ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა, ანუ თავად გახდა ნაციონალური მოძრაობა.
თურმე 2000 წლის ინტერვალით კიდევ ერთხელ მოხდა სასწაული და კიდევ ერთხელ გადაიქცა სავლე პავლედ. ამას გვეუბნებიან მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მურუსიძე კარგი გახდა. ამას ეუბნება ქართველ საზოგადოებას, მაგალითად, კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვირწმუნოთ მურუსიძის მოციქულობის.
ეს მათი კონცეფცია, ფაქტობრივად, რელიგიის რანგშია აყვანილი. აბა სხვაგვარად როგორ გინდა გაიგო ის, რასაც კობახიძე გვეუბნება?! სხვაგვარად არ იკითხება მათი გზავნილები.
მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რელიგიის ირწმუნოს საზოგადოებამ, ამიტომ მათ მოუწევთ შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. სხვაგვარი მოვლენების განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია.
– ახალი ფრაქციის შესაქმნელად რამდენიმე დეპუტატი აკლდებათ. პარლამენტში შეიქმნება ახალი ფრაქცია?
– რა მნიშვნელობა აქვს, შეიქმნება ახალი ფრაქცია თუ არ შეიქმნება, ეს ხომ თამაშია. ეს ხომ ვერ შეცვლის იმ გლობალურ პროცესს, რომელიც დაწყებულია. მე კიდევ ვიმეორებ, ეს პროცესი სულ სხვაგან არის და არა, მაგალითად, პარლამენტში.
– რას გულისხმობთ?
– მოვლენათა იმ განვითარებას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს პროცესი გარდაუვალია. “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის სამართალმემკვიდრე გახდა.
სიმართლე გითხრათ, მე სულ არ მჯერა იმ ღირებულებებისა და იმ ფასეულობების, რომლებზეც ამ ბოლო დროს კეთდება აქცენტი. ეს არადამაჯერებელია.
– ვის გულისხმობთ?
– მაგალითად, ბესელიას. ჩინჩალაძე და მურუსიძე დღეს ხომ არ მიუყვანიათ, ისინი უკვე 6 წელია, იქ არიან. ეს არ არის ფასეულობათა და ღირებულებათა სისტემა, 6 წელი თუ ითმინე, მე-7 წელს თმენის ვალდებულება ამოიწურა თუ რა?!
– როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა?
– ბევრი მიზეზი იყო. მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის იმიჯი დაინგრა და ეს იმიჯი ამ არჩევნებზე დაიმსხვრა, როდესაც მას დასჭირდა დახმარება.
ეს კარგად დაინახა მისმა გუნდმაც.
ივანიშვილს ორი რაღაცით ეჭირა პროცესი: თავისი რესურსით და ავტორიტეტით. ამ ორიდან ერთი აღარ აქვს. ის დღესაც დარჩა რესურსების წყაროდ, მაგრამ მეორე, უძლეველობის იმიჯი აღარ აქვს.
ფაქტია, რომ მან არჩევნები წააგო, პირველი ტურის წაგება ნიშნავს არჩევნების წაგებას, რადგან მეორე ტურში სხვა ფაქტორი ამუშავდა.
– ხალხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა?
– რა თქმა უნდა! არჩევნები ირმა ინაშვილმა მოიგო. ივანიშვილის უძლეველობის იმიჯი დაიმსხვრა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შიდა რყევები. ახლა ძალაუფლების განაწილებას სთხოვენ.
ივანიშვილი დადგა ამ საფრთხის წინაშე და დაიწყო ჭანჭიკების მოჭერა, მაგრამ უკვე გვიანია. ფაქტობრივად, მისი მთავარი საზრუნავი დღეს ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამ მიზნით ის უკვე სახიფათო გზას დაადგა – ეს არის ყველა ალტერნატიული რესურსის აღკვეთა, არც ერთი კაპიკი გვერდით არ უნდა წავიდეს. ეს არის იგივე, რასაც სააკაშვილი აკეთებდა თავის დროზე.
– ბატონო გია, რაოდენ ეგზოტიკურად უნდა ჟღერდეს ჩემი კითხვა, მაინც უნდა გკითხოთ. გამორიცხავთ, რომ ეს პროცესი ხელოვნური იყოს და ივანიშვილი სწორედ ამ ფრთიდან ქმნიდეს ე.წ. მესამე ძალას?
– ძალიან არასერიოზულია. და ვისგან ქმნის ამ მესამე ძალას?!
– ბესელიასგან, გოგიჩაიშვილისგან.
– ბესელია არ არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური ავტორიტეტი. ის, რასაც ხალხისგან იმსახურებს, ყველაზე დიდი თანაგრძნობაა და ეს თანაგრძნობა მისდამი მეც მაქვს, რადგან ბინძური თამაშების მსხვერპლი აღმოჩნდა.
ლევან გოგიჩაიშვილს მეგობრად ვთვლი, კარგი ადამიანია, მაგრამ ამ ადამიანური რესურსით მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა არასერიოზულია.
– სრულად გამორიცხავთ?
– არა, როგორ გამოვრიცხავ, შეიძლება, ივანიშვილი ათას რაღაცაზე ფიქრობს ახლა, მაგრამ ამის გაკეთება ამ ადამიანური რესურსით შეუძლებელია, ამას ვამბობ.
ივანიშვილი შეიძლება მართლა ფიქრობდეს რაღაცას, მაგრამ პერსპექტივა არ აქვს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა