სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
– ბატონო გია, თქვენ როგორ აფასებთ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს. შეიძლება უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის პროცესი გაგრძელდეს?
– მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას არა, მაგრამ უმრავლესობას შეინარჩუნებს. სხვადასხვა შეხედულებები არის დეპუტატებს შორის, მაგრამ ეს სადამდე მივა, როგორ ფორმას და სახეს მიიღებს და როგორ განვითარდება, ვერ გეტყვით.
– მართლა მოსამართლეების საკითხი იყო დეტონატორი ამ პროცესების თუ მოვლენები ისედაც ამ მიმართულებით განვითარდებოდა?
– ჩვენთვის მოსამართლეების საკითხი არ ყოფილა ერთადერთი ის საკითხი, რომელიც გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია მოსამართლეების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დიდი ხანია, ჩვენ წინააღმდეგობები გვაქვს უმრავლესობასთან პირველ რიგში სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
– უფრო კონკრეტულად?
– მათ შორის სამართლიანი საგადასახადო სისტემაა. სამართლიანი საგადასახადო სისტემის შესახებ ჯერ კიდევ კონსტიტუციის მიღების დროს არ იქნა სრულად გაზიარებული ჩვენი წინადადება, ნაწილობრივ იქნა გარდამავალ დებულებებში ასახული. ჩვენ სხვა კანონპროექტებიც გვაქვს, დღესაც კი ვაპირებთ, საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ პარლამენტს. ვნახოთ.
– თქვენი პარტიის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა და, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე აგრძელებს მუშაობას. პარტიაც დატოვა?
– ბექა ნაცვლიშვილმა ეს განცხადება დიდი ხანია გააკეთა, ახლა კი არ გააკეთა. მისთვის საპენსიო რეფორმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. კენჭისყრის დროს გამოვიდა, გააკეთა განცხადება და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა, რომ მისი განცხადების რეალიზება მოეხდინა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვნახავთ უახლოეს ხანში.
– ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებს ხვდება, თქვენ გქონდათ უკვე შეხვედრა?
– დიახ, გიდასტურებთ, რომ დღეს მქონდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. არაერთხელ მქონია მსგავსი შეხვედრა.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა საკითხები განიხილეთ?
– ის საკითხები, რაზეც ახლა გესაუბრებით.
– უფრო კონკრეტულად?
– გითხარით, რა საკითხებიც განვიხილეთ ამ შეხვედრაზე.
– მარტო იყავით ამ შეხვედრაზე თუ სხვა დეპუტატებთან ერთად?
– გითხარით, დაგიდასტურეთ, რომ ვიყავი ამ შეხვედრაზე. მეტი რა გითხრათ.
– მათ შორის მოსამართლეთა საკითხზეც ისაუბრეთ?
– დიახ, იმ საკითხებზე, რაზეც ახლა გესაუბრებით.
– 2020 წლისთვის “ქართული ოცნება” ამ ფორმით მივა არჩევნებზე თუ პარტია სხვანაირად გადალაგდება?
– მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, შემიძლია ჩვენს თავზე გითხრათ. 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას.
– კოალიციას ტოვებთ?
– უკვე გიპასუხეთ.
– ვაკონკრეტებ, რომ ეს თავისთავად ნიშნავს კოალიციიდან გასვლას?
– პარტია “სოციალ-დემოკრატები” დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ ვიღაცა მოვა და შეგვეხვეწება, არ ვიცი.
ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ, გავაგრძელოთ თუ არა უმრავლესობაში ჩვენი საქმიანობა. უმრავლესობას სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ. დღესაც ვაპირებთ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას. ჩვენი უმრავლესობაში ყოფნა განპირობებული იყო იმით, რომ გვინდოდა, რადიკალურად შეგვეცვალა ის პოლიტიკა, რომელიც ინერციულად გრძელდება ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრება. მეორე – ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, სადაც სახელმწიფო ასრულებს ლოკომოტივის როლს, მათ შორის სასამართლოს საკითხიც და განათლების პოლიტიკა, რომელიც მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ეკონომიკასთან.
2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ახლა კი არ გადავწყვიტეთ, ადრეც გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ვფიქრობდით, სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მოგვეხდინა და ეს საკითხები ახლავე ყოფილიყო მიღებული უმრავლესობის მიერ.
თუმცა, ამ მიმართულებით პერსპექტივას ვერ ვხედავთ. კიდევ შევიტანთ რამდენიმე კანონპროექტს და უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დაველოდებით განხილვას. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით, უფრო ფართო საზოგადოებაზე გავიდეთ და დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ. ეს იქნება ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილება. ვიღაცის შეიძლება დღეს იყოს, ვიღაცის ხვალ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ თიბისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?
– ვერაფერს გეტყვით, შესაბამისი ინსტიტუტები ამ საკითხს სწავლობენ და, რასაკვირველია, მე ვადევნებ თვალყურს ყურადღებით.
ნათია ხურცილავა, ახალ თაობა