გიორგი ბარამიძე – „როგორც ჟირინოვსკია პუტინისთვის, ისეა ივანიშვილისთვის „პატრიოტთა ალიანსი“

გიორგი ბარამიძე - „როგორც ჟირინოვსკია პუტინისთვის, ისეა ივანიშვილისთვის „პატრიოტთა ალიანსი“უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ მხარდაჭერა ამ დრომდე არც საქართველოს საპატრიარქოს გამოუცხადებია და პოზიცია არც საქართველოს ხელისუფლებას დაუფიქსირებია. სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართავს საპატრიარქოს, რომ მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას.

რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რას გააკეთებენ ამის საპირწონედ და რა გეგმა აქვთ იმისთვის, რომ ოპოზიცია იყოს მუდმივად დღის წესრიგში? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

_ უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე საკმაოდ გაწელა პროცესი საქართველოს საპატრიარქომ. როგორია თქვენი შეფასება ზოგადად ამ საკითხზე და მიმდინარე პროცესის ირგვლივ?

_ გასაგებია, რომ საპატრიარქო ფრთხილობს თავისი გადმოსახედიდან სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მათ განმარტებებიც გააკეთეს, მათ შორის მეუფე ნიკოლოზმაც.

_ თქვენთვის ეს განმარტებები დამაჯერებელი იყო?

_ პოლიტიკოსებისთვის, ჩვენი და უკრაინის მჭიდრო გადაბმისა და კავშირების მიხედვით, სრულიად ცალსახაა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ. ამ ავტოკეფალიის აღიარებას ბევრად მეტი არგუმენტი აქვს. სასწორზე რომ დადებ, არცერთი საკითხი არ არის მხოლოდ შავი ან თეთრი. ყველაფერს რომ ავწონ-დავწონით, რას ვიღებთ და რას ვკარგავთ ან პოტენციურად რა შეიძლება დავკარგოთ, ერთმნიშვნელოვნად ჭარბობს ის არგუმენტები, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია. მით უმეტეს საქართველომ და სხვაზე აღარ ვლაპარაკობ. ეს მხოლოდ ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ყველაზე დიდი ხდება, რუსეთზე დიდიც კი, ეკლესიების რაოდენობით. არის პოლიტიკური მოვლენაც. უკრაინა გამოდის რუსეთის გავლენის სფეროდან. როცა დიდი ილია ამბობდა მამული, ენა სარწმუნეოებაო, სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც გამოდის უკრაინა რუსეთის გავლენისგან. ამიტომ, როგორ შეიძლება ამას პოლიტიკური შედეგი და მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მით უმეტეს საქართველოსთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ამხელa ევროპული სახელმწიფო რუსეთის ნაწილი არ იყოს.

ეს იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიალიაზმის სფერო კიდევ უფრო არ გაძლიერდეს. რუსეთს ჩვენ ხომ არ ვერჩით?! ის გვერჩის ჩვენ. რაც მეტი სახელმწიფო იქნება, რომლებიც ამ აგრესიას უპირისპირდება და აგრესიას ანელებს, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინამ ამ ნაბიჯს მიაღწია და როგორ შეიძლება საქართველო განზე დადგეს და გვერდზე იყუროს, მიზეზებს ეძებდეს ამის არადასანახად. პოლიტიკური თვალსაზრისით ამას გამართლება არ აქვს.

_ „პატრიოტთა ალიანსი“ სთხოვს საპატრიარქოს, არ დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ ეს ადამიანები არიან რუსეთზე ორიენტირებულები და პირდაპირ ის ხალხი ჰყავთ ფრაქციაშიც კი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ებრძოდნენ და რუსეთის ნაწილები იყვნენ, რაც თვითონვე აღიარეს. ნებსით თუ უნებლიედ. თავიდან ბოლომდე რუსული ხაზის გამტარებლები არიან. ეს არის „ქართული ოცნების“ ხილული ნაწილი, ნიღაბჩამოხსნილი და შედარებით უფრო მეტად, ვიდრე თავად „ოცნება“.

_ ეს იდეა, რაც „პატრიოტთა ალიანსმა“ გააჟღერა, „ქართული ოცნების“ პოზიციის გაჟღერებად უნდა აღვიქვათ?

_ “პატრიოტთა ალიანსი” “ოცნების” ნაწილია. ეს არის იმ დალაგების სქემის ხილული ნაწილი (როგორც ამას ივანიშვილი იტყოდა), თორემ ის თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად და პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. არცერთი პრინციპული საკითხი არ ყოფილა, რომ „ოცნებას“ სამაშველო რგოლი სჭირდებოდა და „პატრიოტთა ალიანსი“ მათ გვერდით არ ყოფილიყო. ისევე, როგორც რეჟიმის დამსახურებაა ის, რომ დღეს „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტშია. გაყალბების გზით შეათრიეს პარლამენტში და ალაპარაკებენ იმას, რაც მათ უნდათ.

როგორც რუსეთში ჟირინოვსკი ჰყავს პუტინს, ისეა „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნებისთვის“. პუტინი მსოფლიოს აჩვენებს, რომ მე ჟირინოვსკიზე უკეთესი ვარ. აი, ზუსტად ისეთივე სქემა აქვს ივანიშვილს, რომ მე „პატრიოტთა ალიანსზე“ უკეთესი ვარ და სადღაც შუაში ვდგავარ. თავიდან ბოლომდე ეს პარტია ხელისუფლების ნაწილია. ღიად პრორუსული ნაწილია ამ ხელისუფლების.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მიულოცია უკრაინისთვის ავტოკეფალია, კიდევ ერთი დემონსტრირებაა ამ ხელისუფლების უსუსურობისა და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარების და რუსეთის ინტერესების მკაფიოდ და ნათლად მოქმედება.

_ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი რას აპირებთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამის საპირისპიროდ?

_ პოლიტიკურ და სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე და აუცილებელი ნაბიჯია. ჩვენ რა ბერკეტებიც გაგვაჩნია, შემდგომშიც აუცილებლად გამოვიყeნებთ.

არაერთხელ გვითქვამს და მოგვიწოდებია ხელისუფლებისთვის. მარტო ეს საკითხი რომ იდგას ჩვენ წინაშე, კიდევ არა გვიშავს. ვმუშაობთ პუტინის საქმის მკეთებელი ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველა მიმართულებით გვექნება პრესინგი ხელისუფლებაზე, რომ ეს მავნებლური ძალა რაც შეიძლება მალე წავიდეს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი დაიძრას და სწორი მიმართულებით წავიდეს ქვეყანა.

_ „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირება შესაძლოა, კარგია ოპოზიციიისთვის, მაგრამ თითქოს ოპოზიცია აღარ ჩანხართ აქტიურად. რას აპირებთ, რომ მუდმივად დღის წესრიგში იყოთ?

_ „ოცნებაში“ არსებული შიდაკლანური გადანაწილებისთვის ბრძოლა იპყრობს მედიის ყურადღებას და შიდა სკანდალები აინტერესებს მედიას. მხოლოდ აქედან გამომდინარეა „ოცნება“ წინა პლანზე.

ოპოზიციას შეზღუდული რესურსები გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შევეცადოთ მთელი ოპოზიციური სპექტრი გავერთიანდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციისა და სისტემის შეცვლა და ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. შევეცდებით, რომ ყველა ვიყოთ ერთიანი „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკლებით.

პარალელურად იცით, რასაც აკეთებს მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი მომხრეები, ვინც ქვეყნის გარეთაა. ეს ორმხრივი პროცესია. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარია და მიგრაციული პროცესები მატულობს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამას.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი მოქმედება ხელს გიშლით? 27 იანვარსაც საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა მან.

_ მგონია, რომ ეს კითხვა არაკორექტულია. თითოეული ჩვენგანის განცხადება შეიძლება მოსწონდეს ვინმეს ან არ მოსწონდეს. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, ყველას გვაქვს მინუსებიც და პლუსებიც. გამოყოფა, რომ შენი მინუსი არ მომწონს და მხოლოდ პლუსი მომწონს, ასე არ შეიძლება. საკითხის ასე მიდგომა არასწორია. იდეალური არავინ არ ვართ და არც არავინ თვლის იდეალურად თავს.

_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მხარდაჭერა გამოგიცხადეს რესპუბლიკელებმა, თუმცა, შემდეგ დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა პროცესი დააზიანა თავისი განცხადებებით. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

_ მე და დავით ბერძენიშვილს ერთიანი შეხედულებები რომ გვქონდეს ყველა საკითხზე, ალბათ ერთ პარტიაში ვიქნებოდით. არ გვაქვს ყველაფერზე ერთიანი პოზიცია და იმიტომ არის დავით ბერძენიშვილი რესპუბლიკურ პარტიაში და მე _ ნაციონალურ მოძრაობაში.

მიხეილ სააკაშვილი იყო და არის ნაცმოძრაობის ლიდერი და სულისჩამდგმელი, რასაც 9 წელი ჰქვია, რასაც მოჰყვა საქართველოს განვითარება. არ ვარ ბრმა, რომ ნეგატივი და შეცდომებიც არ დავინახო, მაგრამ ვლაპარაკობ სახელმწიფო   მშენებლობაზე, ინსტიტუტების მშენებლობაზე, ეკონომიკის წინსვლაზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე.

დარწმუნებული ვარ, ის ითამაშებს ძალიან მნიშვნელოვან როლს განახლებული ნაციონალური მოძრაობისა და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაში და იმ პოზიტიურ პროცესებში, რომელიც აუცილებლად უნდა წარიმართოს ქვეყანაში.

ასე რომ. იმედი მაქვს, რესპუბლიკური პარტია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თითოეულ ჩვენგანში მინუსის გარდა უფრო მეტ პლუსებს დაინახავს და შევძლებთ, რომ ერთიანი ფრონტი გვქონდეს ამ მავნებელი და ქვეყნისთვის სახიფათო მაფიოზური, კლანური და პუტინის საქმის მკეთებელი რეჟიმის მოსაცილებლად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა