იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში უკანონოდ გაკეთებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ 17 პირი დააკავა. კვალი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტამდე მიდის. ხელისუფლებამ შეიძლება თითი სწორედ ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვიროს და მათ ის კასრები შეახსენოს?
– ეს არის დანაშაული, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ერთიანად ანგრევს. ამ შემთხვევაში ყველა ერთად არის პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და მასზე მოდის, მაგრამ ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციაა თუ პოზიცია.
შეგახსენებთ იმ სკანდალს, რომელიც ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდებოდა ასევე პოლიტიკოს ქალბატონზე და მაშინ როგორ გამოვიდა აღშფოთებული პრემიერი და როგორ მისცა პირობა საზოგადოებას, რომ დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯებოდა და რომ მსგავსი ფაქტი აღარასოდეს მოხდებოდა, რომ ეს მისთვის ღირსების საქმე იყო, მაგრამ დღეს რას ვხედავთ?!
ზუსტად იგივე განმეორდა. განმეორდა იმიტომ, რომ იმ წინა საქმეზე არანაირი წინსვლა არ ყოფილა, ისეთი, რომელიც იქნებოდა თუნდაც ამ საქმის პრევენცია.
ამიტომ ამ ნაწილში პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ხოლო იმ ნაწილში, რომ მსგავსი ჩანაწერით შეიძლება ადამიანი დააშანტაჟო, აქ პასუხისმგებელი არის მთელი საზოგადოება. არ შეიძლება ადამიანი პირადი ცხოვრებით აშანტაჟო.
– პრევენცია რა შეიძლებოდა ყოფილიყო?
– თუნდაც წინა შემთხვევაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრს პერიოდულად გაეკეთებინა განცხადება, მეტი გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო პროცესის. ასევე, მაშინდელი პრემიერი რომ გამოსულიყო და საზოგადოებისთვის რომ ეთქვა, როგორც დაგპირდით, ეს საქმე მივიყვანე ბოლომდე და დამნაშავეები სამაგალითოდ დაისაჯნენ და ა.შ.
მეტი გულისყურით რომ მოკიდებოდნენ, დღეს შეიძლება ამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩენილიყავით. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლების ყოფილ წევრზე იყო საუბარი, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა. ახლაც საუბარია ხელისუფლების წევრ ქალბატონზე, რომელიც მათ აუმხედრდა და ა.შ.
– და თქვენ გამორიცხავთ პოლიტიკურ მოტივაციას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ოპოზიციის თუ ხელისუფლების? ვიღაც მომღერალს რაში სჭირდებოდა პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება?
– მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ დანაშაულს სამი პოტენციური დამნაშავე ჰყავს: ერთი, ვინც შეიჭრა ადამიანის პირად ცხოვრებაში. მეორე, ვინც გადაიღო-შეინახა და მესამე, ვინც გაავრცელა. ცხადია, მხოლოდ გამავრცელებელი არ არის დამნაშავე.
– მსგავს ფარულ ჩანაწერებს კიდევ ელოდებით, მით უფრო თუ ასეთი ფარული ჩანაწერები პოლიტიკაში იარაღი გახდა?
– დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ იქნება და ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი უკანონი ფარული ჩანაწერი ადამიანის პირადი ცხოვრების. თავის დროზე პრემიერმა ღარიბაშვილმა უკანონო ფარული ჩანაწერების ფაილები რომ გაანადგურა, ის არ უნდა განადგურებულიყო.
– საზოგადოებას ალბათ ახსოვს, მოდულის შენობაში პრემიერმა ღარიბაშვილმა იმ ცნობილი კასრებიდან ამოღებული ფარული ჩანაწერების ფაილები როგორ გაანადგურა. რა გამოდის, არ განადგურებულა?
– მე მაშინ ამ ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს იყო დანაშაულის მტკიცებულება და მისი განადგურება თავად იყო დანაშაული. ერთადერთი, ვინც ამას ხელი არ მოაწერა, მაშინ ეს იყო კახი კახიშვილი.
რაღაც კომისია შეიქმნა საზოგადოებისა და ხელისუფლების მონაწილეობით დასხდნენ, პორნოგრაფიულ კინოს უყურეს, მერე თქვეს, ეს გავანადგუროთ, არ მოგვწონსო და ეს დავტოვოთო – ამ დონეზე მოხდა მაშინ გადაწყვეტილების მიღება.
არადა, ეს იყო ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები, რომლებიც არ უნდა განადგურებულიყო. მე ვფიქრობ, ამას ვიმკით დღეს. თუ განადგურებულია, მაშინ როგორღა ვრცელდება, თუ ის ჩანაწერებია.
– ბესელიამ თქვა, რომ ძველი ჩანაწერებია.
– ვერ გეტყვით, ვიცით კი?! ხელისუფლებას უნდა ეზრუნა ამაზე. ჟვანიას საქმეზე გაკეთებული ფოტომასალა რომ გავრცელდა, ამაზე გვაქვს პასუხები?! იყო გამოძიება ჩატარებული თუ საიდან გავრცელდა?!
– მაშინ ითქვა, რომ პროკურატურის სეიფიდან გავრცელდა. თუმცა, ჩვენ არ ვიცით, რეალურად როგორ მოხვდა სოციალურ ქსელებში ის ფოტომასალა.
– დიახ და ამაშია საქმე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა