ხათუნა ხოფერია – “ეკა ბესელიას კადრების გამოქვეყნებით სხვებს დაემუქრნენ”

ხათუნა ხოფერია - "ეკა ბესელიას კადრების გამოქვეყნებით სხვებს დაემუქრნენ"პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ საუბრობს.
ხათუნა ხოფერია:
– აქ არ შეიძლება გამოიყოს მხოლოდ ეკა ბესელიას თემა, ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი, ბრძოლა სასამართლო ხელისუფლებისთვის. შანტაჟი და მუქარა ყველას მისამართით, ვინც მათ დაუპირისპირდება. უბრალოდ, საკითხი უნდა გავყოთ ორ ნაწილად.
– კერძოდ?
– პირველი ნაწილი ეს იყო, როდესაც ეკა ძალიან აქტიურად და საკმაოდ აგრესიულად, დაზუსტებული სახელებით, გარკვეულ ადამიანებს გაემიჯნა და გარდა იმისა, რომ თავად დატოვა თავისი გავლენის სფერო, ანუ კომიტეტი, კომიტეტს ჩამოაცილა ზარდიაშვილის ფიგურა.
მან პირდაპირ თქვა, რომ ზარდიაშვილს ვერ მისცემდა იმის უფლებას, დაეკავებინა მისი ადგილი და ეს საკითხი გადაეწყვიტა ისე, როგორც მას უნდოდა. ამას შემდგომ მოჰყვა გარკვეული პროცესები და შანტაჟის მცდელობა ვიდეო ჩანაწერით.
– მეორე ეტაპი რა იყო?
– აი. ამ ეტაპს თუ გავაანალიზებთ, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. მე კარგად ვიცნობ ეკას, ის ძალიან გონიერია, ძალიან განათლებულია. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება თავისი ხელით შექმნა.
ის იყო ძალიან კარგი ადვოკატი, წლების განმავლობაში იყო ამ სფეროში ჩართული, რასაც ჰქვია სასამართლო, უფლებების დაცვა. ანუ მან ძალიან კარგად იცის ის იერარქიული გავლენები, რომლებიც არსებობს შიდა სასამართლო სისტემაში.
ჩემთვის ეკას პოზიცია დამაფიქრებელი იყო და იმ ეტაპზე მე იმწუთშივე მას გამოვუცხადე მხარდაჭერა ამ პოლიტიკურ ნაბიჯში. როდესაც დაიწყო საუბარი იმ პირველ ვიდეოსთან დაკავშირებით, პირადად მე ვიფიქრე, რომ ვინაიდან ასეთი აგრესიული დაპირისპირება წამოვიდა ეკას მხრიდან, მას ანგარიში გაუსწორეს და დასაჯეს ამ საქციელისთვის, მაგრამ. რამდენიმე დღის შემდეგ ვთქვი, რომ აქ სხვა რაღაც ხდება.
იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეკამ, კიდევ საჭირო იყო მისი შანტაჟი? მან ხომ გამოკვეთა თავისი პოზიცია და ყველგან დააფიქსირა, პარლამენტში, უმრავლესობის შეხვედრაზე, პრაქტიკულად ყველამ გაიგო ეკას პოზიცია. თქვა, რომ არ შეცვლიდა და დამთავრდა. ამაზე მეტად ვეღარ დააშანტაჟებდნენ, მაგრამ მეორე ნიაღვარი, რომელიც წამოვიდა, ის სიბინძურე, რომელიც განახორციელეს, მაფიქრებინებს, რომ თუ ეკასთან ყველაფერი ამოწურულია, ის შანტაჟს აღარ ექვემდებარება, მაშინ რა საჭირო იყო ეს მეორე ტალღა?!
სისხლის სამართლის სამართლის პასუხისმგებლობაა ამ ქმედებაზე, ამ ვიდეოების გავრცელებაზე. ანუ ადამიანმა, რომელმაც ეს გააკეთა, იცის, რამხელა ნაბიჯს დგამს, ხომ?!
– დანაშაულს სჩადის და ციხე ემუქრება.
– დიახ, დანაშაულს სჩადის და მას ემუქრება ციხე. იცის, რომ საზოგადოება მას დაუპირისპირდა, დაუპირისპირდა ხელისუფლებაც, მიუხედავად ამისა, ამას მაინც აკეთებს. მოდით, დავსვამ შეკითხვას, რატომ აკეთებს?
– რატომ?
– ესე იგი ამითი ხდება სხვების გაფრთხილება, სხვების დაშანტაჟება და უბრალოდ შექმნა იმ განწყობის, რომ ვიღაცამ იცოდეს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ან წაიღებენ სასამართლო სისტემას და ამ ქვეყანაში იქნება მათი ე.წ. მესამე ხელისუფლება, რომელიც არის უძლიერესი შტო ჩვენი სახელმწიფოსი. ან წაიღებენ და მართავენ და ექნებათ სამიდღემჩიო გარანტიები, რადგან მთლიანად მათი გავლენის ქვეშ იქნება, ან წამსვლელები არიან ყველაფერზე.
ეს არის ძალიან მძიმე თემა, ამ თემიდან მე მინდა გვერდზე გავწიო ეკას საკითხი. ეკა ამ ბრძოლაში არის ძალიან ძლიერი და ის თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ მე მაინტერესებს, ვის ემუქრებიან და რატომ უპირისპირდებიან ასე სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას?! ასეთი გამალებული ბრძოლა სახელისუფლო შტოში დამკვიდრებისთვის არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს თემა უნდა გაიშალოს და ამ კითხვებზე პასუხები უნდა იქნეს გაცემული.
– ვინ დგას ამ სიბინძურის უკან?
– ჩვენც ეს გვაინტერესებს, ვინ არიან, რატომ აკეთებენ და რისი თქმა უნდათ?! ეს ჩემთვის უკვე არ არის პოლიტიკური დაპირისპირება. ეს არის კლანური დაპირისპირება.
არის კლანი, ამ კლანს თავისი საცეცები აქვს ხელისუფლებაში, ის ძალიან მყარად არის მორგებული საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მას მთელი 6 წელი გავლენა ჰქონდა სასამართლო სისტემაზე და ეს არის კლანი! ეს არის კლანური ბრძოლა.
მხოლოდ კლანები იბრძვიან ასეთი მეთოდებით. პოლიტიკაშიც კი, რომელიც ძალიან ბინძურია, ასეთი მეთოდებით ბრძოლა არ მიმდინარეობს. ეს არის კლანის მიერ გამოცხადებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ!
– როდესაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები აუტვირთეს, ისრები წავიდა ხელისუფლებისკენ. თქვენ საუბრობთ, რომ ეს არის კლანი და ებრძვის ხელისუფლებასაც. რა ძალა დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ არიან ისინი?
– მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არიან ხელისუფლებაში და რა ხდება რეალურად. ეს არ არის მარტო ხელისუფლება, ეს არის კლანის ქმედება და ეს კლანი არის გაშლილი როგორც აღმასრულებელში, ისე საკანონმდებლოში და სასამართლოში. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებული. ეს არის კლანი! ჩვენი ხელისუფლება კი არის ვალდებული, ამ კლანის შემადგენლობა გაშიფროს და უთხრას საზოგადოებას.
– დაკავებულია ამ საქმეზე 17 პირი, ელოდებით, რომ გაიხსნება ეს საქმე?
– დიახ, 17 პირი არის დაკავებული. ყველას სახელები და გვარები უნდა ვიცოდეთ! ყველამ უნდა გამოვაქვეყნოთ ეს ადამიანები. საზოგადოებამ და მათმა შთამომავლებმა უნდა იცოდნენ, რომ ესენი არიან ის ბინძური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სხვის ლოგინში იგორაონ, სხვისი საცვლები წამოიცვან!
მეორე მომენტია, ეს ძიება სად მიგვიყვანს და რამდენად შეძლებს ხელისუფლება, რომ გაშიფროს ეს კლანი.
– ანუ დღეს მიდის ბრძოლა სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებათ კონკრეტული ჯგუფის მიერ?
– კი, ასეა. დღეს საქართველოში არსებული კლანი იბრძვის უმთავრესი ხელისუფლების, მესამე ხელისუფლების, ანუ სიმართლის ხელში ჩასაგდებად!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა