ხათუნა ლაგაზიძე – ”ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა არც ”ოცნებას” სჭირდება და არც ნაციონალებს”

ხათუნა ლაგაზიძე - ”ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა არც ”ოცნებას” სჭირდება და არც ნაციონალებს”თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიდის როგორც სამეთვალყურეო საბჭოდან ისე ბანკიდან. ბანკს მასთან ერთად ტოვებს „თიბისის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც. ისინი არ აპირებენ აქციების დათმობას. ბადრი ჯაფარიძე გეგმავს, პერსონალურად დაამტკიცოს სიმართლე. კერძოდ ის, რომ 10 წლის წინ ფულის გათეთრებაში მონაწილეობა არ მიუძღვით. ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქმიანობას გააგრძელებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონსორციუმში.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, მოხდა თუ არა გარიგება ხელისუფლებასთან, დაატოვებინებენ თუ არა ანაკლიის კონსორციუმსა და რამდენად რეალურია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში ჩართვა _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს:

_ შეაფასეთ ის განცხადება, რაც გაავრცელა მამუკა ხაზარაძემ. რა იყო მთავარი გზავნილი ბიზნესმენის განცხადებაში?

_ მისი მხრიდან ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რითიც მან დაიცვა არამარტო თავისი ბანკი, არამედ საქართველოს საბანკო სისტემა და საქართველოს საფინანსო სისტემა სერიოზული რყევებისგან.

ეს მისი ინიციატივით გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. ეს არის საერთაშორისო აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ გზით დაიცვან ბანკის სტაბილურობა. რამ მიიყვანა მამუკა ხაზარაძე აქამდე? არ ველოდები, რომ ამ კითხვას ამ ეტაპზე მისი მხრიდან ღია და ნათელი პასუხი გაეცემა. ამავე განცხადების დასასრულს ის ამბობს, რომ გააგრძელებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონსორციუმში მუშაობას, თუმცა თუ დამთავრდაო.

_ ანუ გამოდის, რომ ამ პროექტს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

_ დიახ, რა თქმა უნდა. სანამ იმედი აქვს, რომ ამ კონსორციუმში მაინც შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, მისგან ხელის კონკრეტულ გაშვერას ხელისუფლების მისამართით არ უნდა ველოდოთ, თუმცა კარგად აცნობიერებს და ხვდება, რომ ანაკლიის კონსორციუმთანაც მისი მომავალი ხანგრძლივი არ იყოს.

არ გამოვრიცხავ, რომ მას ანაკლიის კონსორციუმის დატოვებაც მოუწიოს. ანაკლიის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე თიბისის. თიბისის 27 წლიანი გამოცდილება აქვს თავისი უცხოელი აქციონერებით და მასში წარმოდგენილი მოთამაშეებით. ანაკლია კი ჯერ ახალფეხადგმული პროექტია, რომელშიც აქციონერები გაზაფხული-ზაფხულში უნდა ჩაბმულიყვნენ. რამდენად გაუჩენს ხაზარაძე ინვესტორებს სტაბილურობის განცდას, დამეთანხმებით, რომ ბევრი კითხის ნიშანი დგას.

თუ ამოსავლად მივიღებთ იმას, რომ ხაზარაძე თავისი ნებით არ წასულა და ეს მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო, ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორებსაც შეიძლება შეექმნათ ზუსტად იგივე დამოკიდებულება, როგორც თიბისის აქციონერებს. ხაზარაძის განცხადებაში ჩანს, რომ სწორედ აქციონერებმა ურჩიეს მას ამ ნაბიჯის გადადგმა.

_ ხაზარაძის იძულებითი ნაბიჯი შეიძლება უცხოელი პარტნიორების რჩევის შედეგი იყოს თუ ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმების შედეგიც?

_ ეს არის შეთანხმება ხელისუფლებასთან. რა დგას ამის უკან და რაზე გაიმართა მოლაპარაკება, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით.

როგორც ჩანს, გაიმიჯნა ორი უმსხვილესი აქტივი _ ანაკლიის პორტი და თიბისი ბანკი. როგორც ჩანს, თიბისიმ მიიღო გარკვეული გარანტია, რასაც ვერ ვიტყოდი ანაკლიის კონსოციუმზე, იმიტომ, რომ ხაზარაძეს ეჭვი ეპარება ანაკლიის პორტის განხორციელებაში.

_ ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ხაზარაძემ თიბისიდან წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბანკო-საფინანსო სექტორი გადაერჩინა. ამ რისკის წინაშე რომ დგას ქვეყნის საფინანსო სექტორი, ამას ხელისუფლება ვერ ხედავს თუ მხედველობაში არ მიიღო?

_ ხელისუფლების ჩარევა გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს ხელისუფლებას გათვლილი ექნებოდა. როდესაც ამ საქმის ამოწევა დაიწყო მან, როგორც ჩანს, პარალელურ რეჟიმში ალაგებდა ურთიერთობას ხელისუფლება თიბისი ბანკის აქციონერებთანაც. ამის გამოძახილიც არის ხაზარიძის გადაწყვეტილება.

2-3 დღის წინ იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის პრესკონფერენცია, სადაც მათ წასვლის არაფერი ეტყობოდათ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ღია პროცესების პარალელურადაც ალაგებდა თიბისი ბანკის აქციონერებთან.

_ ანუ ამ ნაწილში ივანიშვილმა დაალაგა სიტუაცია? ის დაგვპირდა რაღაცების დალაგებას და ასე ხომ არ უნდა აღვიქვათ?

_ ვერ ვიტყოდი ასე, რომ იმ ტიპის დალაგებასთან გვაქვს საქმე, რა განცხადებაც მაშინ ივანიშვილისგან მოვისმინეთ. მე როცა აქციონერებთან დალაგებაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმ რისკებზე, რაც თიბისი ბანკის არასტაბილურობას შეიძლებოდა ქვეყანაში გამოეწვია.

ძალიან საინტერესოა, 1 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ რას და როგორ დაალაგებს. იმიტომ, რომ თიბისის“და ხაზარაძის მიღმაც „ქართულ ოცნებაში“ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს.

საინტერესო სახეები წარმოჩინდა, რისი დეტონატორიც მოსამართლეების საკითხი გამოდგა. მაგალითად, მედიისა და საზოგადოებისთვის აღმოჩენა იყო ლევან კობერიძის თუ რომან კაკულიას პერსონები, როგორც პარლამენტის ღირსეული სახეების, რომლებიც გაცილებით მასშტაბურად აზროვნებენ და გრძნობენ საზოგადოების განწყობებს, ვიდრე სპიკერატი.

_ წავა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში? ხელისუფლების ნაბიჯი, როცა გამოძიება დაიწყო 10 წლის შემდეგ, ხომ არ იყო მცდელობა, რომ მისი პოლიტიკაში წასვლა გაენეიტრალებინა თუ პირიქით, იძულებული გახადა, ეს ნაბიჯი გადადგას?

_ რა მიზანი ჰქონდა ამ გამოძიების 10 წლის შემდეგ დაწყებას, ამ კითხვის პასუხი ვერ იქნება ის, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლის ნეიტრალიზაცია მოეხდინა, უფრო პირიქით. შეიძლება ხაზარაძის, როგორც მსხვილი კაპიტალის ნეიტრალიზაციაზე ვისაუბროთ, მაგრამ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მისი პოლიტიკაში წასვლის პრევენცია მოხდა, უფრო პირიქით.

ბანკირი ხაზარაძე ვერასდროს წავიდოდა პოლიტიკაში ვერც ღიად და ვერც ირიბად. როცა ბანკის აქციონერი ავლენს ინტერესს პოლიტიკაში ჩართვის თვალსაზრისით, მაშინვე ამ ბანკის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

თავისთავად ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა ძალიან არასტაბილური რამ გახლავთ და ამიტომ ამ სტაბილურობის ბანკზე გადატანა ბანკის მდგრადობას, რეპუტაციასა და მომავალს სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებდა. ამიტომაც ბანკირი ხაზარაძე პოლიტიკაში ღიად არ ჩაერთვებოდა. რამდენად წავა ანაკლიის პორტის კონსორციუმის ხელმძღვანელი ხაზარაძე, ასევე გიპასუხებთ, რომ არც ანაკლიის პორტის ხელმძღვანელი ხაზარაძე წავა პოლიტიკაში. იმდენად დიდი აქტივია ანაკლიის პორტი, რომ პოლიტიკაში წასვლას გადაწონის.

ანუ გამოდის, რომ ბანკირობაც და ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობაც პირიქით პრევენცია იყო ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლის. თუ მას ამავე ლოგიკით მოუწევს ანაკლიის პორტის პროექტიდან წასვლაც, წავა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში, ამას ვერ გეტყვით. თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე, თუნდაც ბანკის და ანაკლიის პორტის მიღმა, პოლიტიკაში არ წავიდეს.

აქციონერებს, როგორც ბერკეტს გამოიყენებენ ამ თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ხაზარაძე რჩება აქციების სერიოზული პაკეტის მფლობელად და თუ ის მოინდომებს პოლიტიკაში გააქტიურებას, სხვა აქციონერებს აიძულებენ, რომ ხაზარაძეს ან პოლიტიკაში წასვლა გადააფიქრებინონ, ან დარჩენილი აქციები დაათმობინონ.

ბანკი და პოლიტიკა ერთმანეთთან შეუსაბამოა. პოლიტიკური რყევები პირდაპირ ბანკს გადაეცემა. ამიტომაც, არ არის რეკომენდირებული ხოლმე ბანკირის თუ ბანკის აქციონერის პოლიტიკაში წასვლა. გარდა ამისა, მთელი პიარ-მანქანა ჩაირთვება იმისთვის, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში არ წავიდეს.

_ ხელისუფლების პიარ-მანქანა?

_ არა მხოლოდ ხელისუფლებას არ ესიამოვნება, არამედ ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილსაც. ასე რომ, ხაზარაძისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება.

_ მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის რამდენად მომგებიანი იქნება ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა და „ოცნებისთვის“ დამაზიანებელი ხომ არ იქნება?

_ დღეს არის მოცემულობა, როცა დასავლეთს სჭირდება ოპოზიციის ლიდერი. ეს არის ძალიან ნათელი მოცემულობა. სააკაშვილი დასავლეთისთვის ძალიან უხერხული ლიდერი გახლავთ, იქიდან გამომდინარე, რომ აცნობიერებენ იმას, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა შეიძლება იყოს სერიოზული რყევების, რევანშის და ა. შ. საფუძველი.

დღევანდელი დასავლეთი ნამდვილად არ არის იმისთვის მზად, რომ საქართველო ასეთი გამოწვევების წინაშე დააყენოს. ვგულისხმობ რევოლუციას და ა. შ. ეს არ არის ისეთი ძლიერი დასავლეთი, რომელიც მზად არის, შეეგუოს საქართველოში რევოლუციას. იმიტომ, რომ დღეს გაცილებით ძლიერია რუსეთი და როგორ გამოიყენებს ნებისმიერ დესტაბილიზაციას საქართველოში, ეს არავინ იცის და დასავლეთს ამ რისკის საკუთარ თავზე აღება არ უნდა. ამიტომაც ის ეძებს ახალ ლიდერს. შეიძლება პირდაპირ არ ეძებდეს, მაგრამ მიესალმება. როგორიც თეორიულად შეიძლება იყოს მამუკა ხაზარაძე. ეს მოცემულობა არსებობს.

მაგრამ ამავდროულად არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც, რაც ხაზარაძეს დახვდება პოლიტიკის გზაზე თუკი ის პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს. ამიტომაც ათასჯერ დაფიქრდება, ვიდრე ამ გადაწყვეტილებაზე წავა.

ნაციონალურ მოძრაობას დღეს სჭირდება ერთი მხრივ ფინანსები, ხოლო მეორე მხრივ პარტნიორი ხაზარაძის სახით. მაგრამ მას უნდა პარტნიორი, რომელიც მისდამი დაქვემდებარებული იქნება. ხაზარაძე თან პოლიტიკაში წავიდეს, რაც მისთვის დიდად სასურველი სივრცე არ არის და თან კიდევ ნაცმოძრაობისადმი დაქვემდებარებულ როლში განიხლოს თავი, ეს უკვე მართლა არაფერში აღარ წერია და ეს მისთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს. სხვა როლში, ანუ ოპოზიციის ლიდერის როლში, სადაც ნაცმოძრაობა მეორე პარტიის როლს შეასრულებს, ნაციონალებს ხაზარაძე კი არა და არავინ არ აწყობთ.

ხელისუფლებასაც რაში უნდა ძლიერი მოთამაშის შემოსვლა ოპოზიციურ ველზე. ამიტომაც თანამედროვე პიარტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მარტივია ადამიანის „გაშავება“. სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძეს პოლიტიკაში შემოსვლის პრევენცია მოხდეს. ანუ, პიარულად გაანადგურონ ხაზარაძე, სანამ ის პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს. ეს სრულიად რეალისტური ვერსიაა. ამიტომაც რთული იქნება მისი შემოსვლა პოლიტიკურ ველზე და შეიძლება აქციონერები მასზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ.

ბანკის აქციონერი ადამიანი ამავდროულად პოლიტიკაში ჩართული ვერ იქნება აქტიურად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა