კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა – მას საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე დაესწრო

კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა - მას საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე დაესწროკიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა, – ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. კერძოდ, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა მიტროპოლიტი ეპიფანე რიგრიგობით დასვეს სამღვდელმთავრო ტახტრევანზე შეძახილით „აქსიოს“.

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დღევანდელ ინტრონიზაციას ვერ დაესწრო. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ფილარეტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც მას ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მისი სახელით უკრაინის ახალ მიტროპოლიტს მისალოცი წერილი გაეგზავნა.

ინტრონიზაციის ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე დაესწრო. ის, ასევე, დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.

ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები.

ინტერპრესნიუსი