ლადო სადღობელაშვილი – “კალაძე და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ”

ლადო სადღობელაშვილი - "კალაძე და სააკაშვილი ერთ თამაშს თამაშობენ"რა ხდება მმართველ პარტიაში, რას ვერ იყოფენ ბესელია და კალაძე, ვინ დატოვებს “ოცნებას”, ვისი დავალებით ხვდება მედიაში ხელისუფლების წევრებზე სკანდალური ინფორმაციები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ქვეყანაში და მმართველ პარტიაში ძალიან საინტერესო ამბები დაიწყო. მოსამართლეების გარშემო ატეხილ სკანდალს კიდევ ბევრი სკანდალი მოჰყვება. ახლა ყველაზე აქტუალური ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმის და მისი თანაშემწის ამბავია. არცერთ მედიასაშუალებას არ უხსენებია, რომ დეპუტატის ცოლისძმასთან ერთად დაკავებული გიორგი კიკნაძე ახლო წარსულში ზარდიაშვილის თანაშემწე იყო.
მედიას ყურადღება არც ვანო ზარდიაშვილის სიმამრის, ანზორ აბრალავას კომენტარზე გაუმახვილებია. ანზორმა ძალიან საინტერესო რამ თქვა, მან აღნიშნა, რომ მისი შვილი მეგობრებთან ერთად პოლონეთში იმყოფებოდა, რათა მიშა სააკაშვილისთვის კოსტუმი შეერჩიათ.
– ეს განცხადება რით არის საინტერესო?
– ამით აბრალავამ ის მიზეზი დაასახელა, თუ რატომ იყვნენ ეს ტიპები ევროპაში წასული. ისინი ევროპაში იმიტომ წავიდნენ, რომ ევროპის შუაგულში, სააკაშვილისთვის მხეცურად ჩაეშალათ შეკრება. რეალურად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები პარტიულ მივლინებაში იმყოფებოდნენ.
– ნორვეგიაში ჩასვლაც პარტიული მივლინების ნაწილი იყო? ეს ადამიანები ნორვეგიაში დააკავეს.
– “ოცნებამ” ბელგიაში დიდი დესანტი გადასხა და ეტყობა ამათი დახმარება აღარ დასჭირდათ და გამოუშვეს. საქართველოში დაბრუნების ნაცვლად ნორვეგიაში გაემგზავრნენ, სადაც ციხეში აღმოჩნდნენ.
წარმოიდგინეთ, რამხელა სირცხვილია, როცა ასეთი გავლენიანი დეპუტატის ნათესავს ევროპაში ქურდობის ბრალდებით აკავებენ.
– ზარდიაშვილის მიმართ დადებითად სულაც არ ვარ განწყობილია, მაგრამ მისმა ცოლისძმამ რამე თუ დააშავა, თავად რა შუაშია?
– გრიგოლ აბრალავასთან ერთად დაკავებულია გიორგი კიკნაძეც. რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ზარდიაშვილის თანაშემწე იყო.
ის, რაც ნორვეგიაში მოხდა არის საქართველოს სირცხვილი და ქართული პოლიტიკის სახე. ამ ფაქტითაც ნათელი გახდა, თუ როგორ ადამიანებს ასაქმებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ძალიან საინტერესოა ისიც, თუ როგორ მოხდა ამათი დაკავების გაბაზრება. ინფორმაცია ამ პირების დაკავების შესახებ პირველი ეცოდინებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიძლება სუსმა იცოდა. ამას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გაიგო ამის შესახებ რუსთავი 2-მა.
– სანდრო წყარომ აცნობა მათ ამის შესახებ.
– მე ვიტყოდი, რომ ეს ინფორმაცია საგანგებოდ მიაწოდეს რუსთავი 2-ს. ასე მოხდა მელორ ვაჩნაძის შემთხვევაშიც. გერმანიაში მასაც რაღაცის მოპარვას აბრალებდნენ.
ჩემი დაკვირვებით, ძალოვანი სტრუქტურები მედიას სკანდალურ ინფორმაციებს იმ ადამიანებზე აწვდიან, ვისი ჩაძირვაც და დისკრედიტაციაც უნდათ. ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ.
– ახლა ზარდიაშვილის გაფუჭებას ვიღაცა ცდილობს?
– სწორედ რომ ზარდიაშვილის ჩაძირვა მიმდინარეობს. მანამდე ეკა ბესელიაზე მიდიოდა შეტევა.
– ზარდიაშვილის ჩაძირვა ვის უნდა? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ირაკლი კობახიძის გუნდშია, იქნება თუ არა შემდეგი სამიზნე პარლამენტის სპიკერი?
– მე ვერ ვიტყოდი, რომ ზარდიაშვილი კობახიძის კლანს წარმოადგენს. ვერც იმას დავიჯერებ, რომ კობახიძის გუნდმა გაუვრცელა ეკა ბესელიას ის კადრები. ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს ამის გაკეთება არაფერში აწყობდა. ისინი ისედაც უგებდნენ ეკა ბესელიას და არაფერში სჭირდებოდა, რომ ანგარიში 11:0 გამხდარიყო. ჩემი აზრით, ეს კადრები სპეცსამსახურებმა გამოყარეს.
– რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა?
– ჩვენმა სპეცსამსახურებმა. სპეცსამსახურებში უტვინო ხალხი არ ზის და მათ კარგად იციან, რა მოხდება, ბესელიას ან ზარდიაშვილს თუ ჩაუვარდება ხელში დიდი ძალაუფლება.
– რა მოხდება?
– რა მოხდება და ქვეყანას გადადგამენ. ამიტომ ჯერ ერთს დაარტყეს და ჩაძირეს, ხოლო ცოტა ხანში იგივე გაუკეთეს მეორესაც.
ეს ყველაფერი რაღაც თამაშს ჰგავს. ამ თამაშმა ის ხალხი უნდა გამოაჩინოს, ვინც მმართველ პარტიას დატოვებს.
ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა უნდა დატოვონ.
– ბექა ნაცვლიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი რომ “ოცნებას” დატოვებდნენ, ამაზე თქვენ ერთი წლით ადრე საუბრობდით. მაშინ ბესელია ძალიან მყარად იჯდა თავის სკამზე და არც ზარდიაშვილს აყრიდა ქოქოლას.
– ბესელია იმიტომ გამწარდა, რომ კახა კალაძესთან მოუვიდა სერიოზული უთანხმოება. ისეთი დაპირისპირებული არიან, რომ ამას აღარც კი მალავენ. ერთმანეთს მენტორული ტონით ესაუბრებიან.
კალაძე დაუპირისპირდა სხვა ამბოხებულებსაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, კარი ღიაა და ვისაც პარტიიდან წასვლა გინდათ, მიბრძანდითო. ამ განცხადების შემდეგ მეეჭვება, ამბოხებულებმა კიდევ დიდხანს გაძლონ “ოცნებაში”.
დღევანდელი ამბოხებულები უკვე დიდი ხანია, რაც თბილისის მერთად არიან დაპირისპირებული, რომელიც ამავე დროს პარტიის გენერალური მდივანია.
მაქსიმუმ შემოდგომაზე “ოცნებიდან” წამოსულები ახალ პარტიას გააკეთებენ. მათი დამახასიათებელი იქნება გამოკვეთილი ანტინაციონალური განწყობა.
– “ოცნებაში” ნაცების მიმართ ლოიალურად განწყობილები დარჩებიან?
– არც უმაგისობა იქნება. მმართველ გუნდში ბევრია ისეთი ხალხი, ვინც თავის დროზე ნაცებთან კარგად ვასვასებდა და ბიზნესებს ალაგებდა.
ესენი არ არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან ჩვეულებრივი მედროვეები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ კი კარგად იყვნენ.
გინდათ გითხრათ, რატომ გააქტიურდა ლევან გოგიჩაიშვილი? მან იცის, რომ ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკური მზეც ჩაესვენება. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ რომ აერჩიათ, ხმასაც არ ამოუღებდა.
“ოცნების” ლიდერებს ასეთი სტრატეგია აქვთ შერჩეული – რაღაც ფიგურები უნდა დათმო, რომ მოიგო. ეს არის და ეს. ამიტომ წირავენ თანაგუნდელებს. ივანიშვილი თავის თავს ეთამაშება ჭადრაკს. რამდენიმე ფიგურა მოიცილა, ახლა სხვებს მიადგება.
– ზარდიაშვილიც მოიცილა თუ ვერა?
– ზარდიაშვილის მოცილება გამორიცხულია.
– არ უნდა თუ არ შეუძლია?
– ვერ მოიცილებს. ის არის მოსამართლეების კადრი. მას მოსამართლეები უჭერებ მხარს.
– ზემოთ თქვენ თქვით, რომ იმ ჩინოსანზე იწყება მედიით შეტევა, ვისი ჩაძირვაც გადაწყვეტილია. ახლა კალაძის წინააღმდეგ ვრცელდება სკანდალური ინფორმაციები. თბილისის მერსაც ძირავენ?
– ვიღაცებს აქვს მისი ჩაძირვის ინტერესი. ივანიშვილს არ უყვარს, როცა ვიღაცის რეიტინგი სხვებზე ბევრად მაღლა იწევს. ის მხოლოდ საკუთარ მაღალ რეიტინგს ეგუება. დანარჩენებს აუთოებს. გასაუთოებლად მედიას იყენებს. როგორც კი ვინმე თავს წამოწევს, მედიაში მის წინააღმდეგ ეგრევე ჩნდება რაღაც ინფორმაციები.
თქვენ მკითხეთ, მიდის თუ არა კალაძის ჩაძირვა. ეს პროცესი მიდის, მაგრამ, ამავე დროს, მისი წამოწევაც ხდება. თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილი მის გვარს ტყუილად ახსენებს? რამდენჯერაც გამოვარდება ტელევიზორით, იმდენჯერ კალაძეს ლანძღავს. ეს შემთხვევითი არ არის და არც კალაძის გაშავებას არ ემსახურება.
– აბა რას ემსახურება?
– რას ემსახურება და კახა კალაძისთვის რეიტინგის აწევას. მე მგონია, რომ მიშა და კალაძე ერთ თამაშში არიან.
– რას ნიშნავს ერთ თამაშში არიან?
– ეს ადამიანები წლების მანძილზე ბიზნესპარტნიორები იყვნენ და მათი საქმიანი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. არც ის დავიწყებია ხალხს, რომ თბილისის მერი ახლო წარსულში მიშას ფანკლუბში იყო.
ქვეყანაში ძალიან საინტერესო თამაშები მიდის და ამ თამაშობებში არსად ჩანს შს მინისტრი გახარია.
– გიორგი გახარია რაღაც საეჭვოდ არის გატრუნული. ბავშვები ასეთ დროს რაღაცის გაფუჭებას გეგმავენ. გახარიაც აპირებს რამის გაფუჭებას?
– ბიძინას ხელში გახარია ძალიან საინტერესო ფიგურაა. ის იმათაც და ამათაც ერთნაირად უყურებს.
– იმათაც და ამათაცში ნაცებს და ქოცებს გულისხმობთ?
– არა, “ოცნების” ორ ფლანგს – ამბოხებულებს და წყნარად მყოფებს. შს მინისტრი არცერთი მხარისკენ არ არის.
– არც “ოცნებაა” მაგის მხარეზეა.
– მაგისკენაც არავინ არ არის. ტიპი თავისთვის არის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ თავისი საქმე აკეთოს. ყველა ძალოვანი სტრუქრურა მან დაიმორჩილა. ერთი თავდაცვის სამინისტროღა დარჩა და მალე მაგასაც გააკონტროლებს.
ივანიშვილი მიხვდა, რომ არ შეიძლება მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანს ჩაუგდოს ხელში. ეს ძალაუფლება მან სამ ადამიანზე გადაანაწილა. ფინანსებს მაია ცქიტიშვილი და მამუკა ბახტაძე გააკონტროლებენ, ძალოვანებს – შს მინისტრი.
“ოცნების” ლიდერი ამ გადანაწილების ამბავში ძალიან სწორად მოიქცა. არაა აუცილებელი, ყოველ წელს ცვალოს პრემიერები. ამ ცვლილებებით უცხოელი ინვესტორები გადარეულები არიან.
ბახტაძე დარჩება პრემიერად, გახარია შს მინისტრად და არავინ მას არ შეეხება. ეს კაცი მშვენიერი თანამედროვე ბერია იქნება, რომელიც ივანიშვილის ყველა ბინძურ დავალებას შეასრულებს.
ამ დავალებებს აქამდე კარგად ასრულებდა, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება ძალიან გაუჭირდეს.
– რატომ გაუჭირდება?
– ნაციონალები სერიოზულად ემზადებიან.
– რისთვის ემზადებიან?
– აქციებისთვის. ხედავთ ალბათ, რომ თბილისში კარვების რაოდენობა იზრდება. მომავალში აქციების კიდევ ბევრი ლოკაცია გაჩნდება, რაც ერთ დიდ საპროტესტო მუხტში გადაიზრდება.
ამას დაემატება “ოცნების” შიგნით არეულობა. ამათი გაერთიანება უკვე გამორიცხულია. სულ ხაზს უსვამენ თავიანთ გუნდურობას. არადა, რაც “ოცნებაში” ხდება, ეგ გუნდურობა კი არა, გრუპავუხაა. ეგ ერთმანეთის გატანა კი არა, ერთმანეთის გაჟიმვაა, ოღონდ პოლიტიკურად.
მკითხველთან ბოდიშს ვიხდი, ასეთ რამეს რომ ვამბობ, მაგრამ ასეთია რეალობა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა