ლია მუხაშავრია – “მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, ძალიან ცდება”

ლია მუხაშავრია - "მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, ძალიან ცდება"ადამიანის უფლებადამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია, მოსამართლეები არ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. მაგალითად, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ის არა როგორც მოსამართლე, არამედ როგორც თანამდებობის პირი საუბრობს, რომ სისტემა დაიცვას. სად გადის ეს ზღვარი?
– გვრიტიშვილი ალბათ მოვლენაა მსოფლიო სამოსამართლეო ისტორიაში. როგორც წესი, ეთიკური მოსამართლეები თავს უფლებას არ აძლევენ, რომ ილაპარაკონ ხანდახან როგორც მოსამართლეებმა და ხანდახან, როგორც მოქალაქეებმა. მოსამართლეობა და მით უფრო სამისდღემჩიო მოსამართლედ გამწესება მოსამართლეს უკრძალავს, გამოხატოს თავისი შეხედულება, მოსაზრება რაიმე სახის მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ზოგადად ქვეყანაში აქტუალურ პროცესზე, იმიტომ რომ მის მიერ გამოთქმული აზრის გამო შეიძლება მან საქმე ვეღარ განიხილოს.
გვრიტიშვილმა ეს რომ არ იცის, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ ის რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ეს მეორე უბედურებაა. ამბობს, ჩემზე მოსამართლის ეთიკა არ ვრცელდება, რადგან საბჭოს წევრი ვარო, მაგრამ მოსამართლე წევრი რომ არის, ეს ავიწყდება. ამიტომ არის განსხვავება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრებს შორის. მას აქვს სხვა უამრავი ბერკეტი, რომ დაიცვას მოსამართლეები.
მას თუ ჰგონია, რომ სამი გვრიტიშვილია ერთ იპოსტასში, მოსამართლე, მოქალაქე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ძალიან ცდება. როდესაც სახელმწიფო უშვებს ასეთი უცოდინარი და არაეთიკური მოსამართლის სამიდღემჩიო გამწესებას, მას მართლმსაჯულება არ აქვს.
– მოსამართლეებს, რომლებიც იმავდროულად თანამდებობაზე არიან, არც ერთი საქმე არ აქვთ განხილული. გამოდის, სამოსამართლეო პრაქტიკაზე, მათ პირდაპირ მოვალეობაზე უარს ამბობენ. ამ საკითხს როგორ არეგულირებს კანონი?
– ეს ადამიანები ჯერ არიან მოსამართლეები და შემდეგ – თანამდებობის პირები, მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ა.შ. პირველ რიგში ისინი მოსამართლეები არიან. სწორედ ამ მოვალეობაზე, მათ პროფესიაზე ამბობენ უარს, როდესაც ამ ხნის მანძილზე არც ერთი საქმე არ აქვთ განხილული და არც ერთი დასკვნა არ აქვთ დაწერილი.
თუკი სადმე ეს კანონში არ წერია პირდაპირ კანონმდებელმა არ დაუშვა, რომ შეიძლებოდა, ასეთი უვიცი მოსამართლეები გვყოლოდა, რომ პირდაპირ ჩაეწერა, მოსამართლემ თავის მოვალეობაზე უარი არ უნდა თქვას და რომ მოვალეობა უნდა აღასრულოს. მეტიც, წარმატებული მართლმსაჯულების ქვეყნებში მოსამართლეები თავად ქმნიან კანონს და კანონის განმარტებას აკეთებენ.
– ამბობენ, რომ 280 მოსამართლე ერთ აზრზეა და ყველა იზიარებს მათი ლიდერების პოზიციას. მართლაც ასეა თუ განსხვავებული აზრი არის, მაგრამ მისი გამოთქმის ეშინიათ?
– არა, მე ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ერთი-ორჯერ ვიყავი მოსამართლეთა კონფერენციაზე მიწვეული და შესვენებაზე მოსამართლეები ვერც კი მეკარებოდნენ დერეფანში, ცხადია, მათ ეშინიათ.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ეზოში, მანქანასთან თუ გვქონდა კომუნიკაცია. ეს ადამიანები ძალიან დაშინებული არიან და კარგად ხვდებიან, თუ რას ნიშნავს სამიდღემჩიო მოსამართლეობა, სამუდამო მოსამართლის იმუნიტეტით აღჭურვა, ეს მათ კარგად ესმით და იციან.
ყველამ იცის, რომ მეამბოხედ ყოფნა სასამართლოს მიღმა დარჩენას ნიშნავს, თუ ჩუმად იქნები და დუმილის უფლებას გამოიყენებ, მაშინ ყველაფერს მიიღებ. ამიტომ ამ ადამიანებს ჩუმად ყოფნა უღირთ.
– თუნდაც კარიერული წინსვლის სანაცვლოდ?
– რა თქმა უნდა! თუ ხმას ამოიღებ, მაშინ კაშკაშა ვარსკვლავი უნდა იყო, როგორც იურისტი და საზოგადოების თვალში აბსოლუტურად შეუბღალავი ბიოგრაფია უნდა გქონდეს.
ჩვენდა ჭირად, ასეთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები არ გვყავს. ამიტომაც გასაგებია ის, რაც ხდება. ამ მოსამართლეებს ერთი ისეთი საქმე მაინც აქვთ განხილული, რომელზეც მათ ეშინიათ, რომ ვინმე პასუხს მოსთხოვს.
– ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება ამ მოსამართლეებისთვის. მას მოჰყავს ინგლისის, იტალიის მოსამართლეების გადაწყვეტილებები, რომლებზეც არის სტრასბურის გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ იქ თავში აზრად არავის მოუვა, რომ ამ მოსამართლის კეთილსინდისიერება კითხვის ქვეშ დააყენოსო. ეს რამდენად არის არგუმენტი?
– ჩვენ თავი რომ შევადაროთ სხვა პლანეტისა და სხვა გალაქტიკის ჰუმანოიდებს, დაახლოებით ისეთი ამბავია.
როდესაც მურუსიძეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პირდაპირ უთითებს, მაგალითად, მოლაშვილის საქმეზე დარღვევას, ამაზე რა უნდა ვთქვათ?! კოხრეიძე-რამიშვილის საქმეზე სტრასბური პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლე ვერ უზრუნველყოფდა წესრიგს სხდომათა დარბაზში, როდესაც ასეთ დარღვევებზე უთითებს სასამართლო ამაზე პასუხი რა უნდა იყოს?!
ასეთი მოსამართლე მინიმუმ რაღაცით ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი, როდესაც საქმეს აგებს სახელმწიფო?! გამოძიებაში, პროკურატურაში შეიძლება იყოს დარღვევები, მაგრამ სასამართლოში?! აქ სამი ინსტანცია არსებობს, რომ არ გაძვრეს, არ გაიპაროს რაიმე სახის დარღვევა.
უამრავი საქმეა გასაჩივრებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც ჯერ განაჩენი არ დამდგარა. ესენი ახლა ამ დამოკიდებულებით პრევენციასაც ახდენენ იმის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებებზეც გამოვა ევროსასამრთლოს გადაწყვეტილება.
არადა სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური საფრთხე. ეს შეიძლებოდა კანონში ჩაგვეწერა. არის ქვეყნები, სადაც თუ დაადგენს ევროსასამართლო დარღვევას, საქმის მოსამართლე ფინანსურად ანაზღაურებს ამას.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა