ლია მუხაშავრია – „მურვან ყრუს ვითარება დაგვიდგა“

ლია მუხაშავრია - „მურვან ყრუს ვითარება დაგვიდგა“პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით, რომელც ინიცირებული იყო ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრე რამდენიმე დეპუტატის მიერ. პარალელურად, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ამ თემაზე მორიგი განცხადება გაავრცელა. პოლიტსაბჭო კანონპროექტის ჩაგდებას იმით ხსნის, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. პოლიტსაბჭო იმაზეც საუბრობს, რომ სასამართლოებში მოსამართლეთა სიმცირეა, რაც პრობლემებს აჩენს.

რა გზავნილია პოლიტსაბჭოს მორიგი განცხადება იდენტური ტექსტით და რაში მდგომარეობს გამოსავალი? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლია მუხაშავრია საუბრობს.

_ პოლიტსაბჭომ გაავრცელა მორიგი განცხადება სასამართლოს თემაზე. ბესელიას ჯგუფის კანონპროექტზე თქვა, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პრობლემაა სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა. რამდენად დამაჯერებელია ეს ყველაფერი?

_ ეს პრობლემები რეალურად არსებობს სასამართლოებში, მაგრამ მას იყენებენ მანიპულაციისთვის. მეც ვიცი, რომ მოსამართლეთა დატვირთვა ძალიან დიდია და ამისთვის უნდა დაინიშნოს დამატებითი შტატები. ამით ყველა სასამართლოში უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. განსაკუთრებით ეს ეხება თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებს, მაგრამ ამას აჭიანურებენ.

ახლა ეს გამოყენებულია იმისთვის, რომ ამით როგორმე გაამართლონ მოსამართლეთა უვადო გამწესება. თუკი შეჩერდება უვადოდ გამწესება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით მოსამართლეების მიერ სამართალწარმოება შეფერხდება.

უზენაესი სასამართლოს წევრებად მარგველაშვილის მიერ წარდგენილი წევრები ხომ ჩააგდო თავის დროზე პარლამენტმა?! რატომ, მაშინ არ დარდობდნენ იმაზე, რომ უზენაესში შემადგენლობა არ ყოფნიდა სასამართლოს?! ამ შემთხევაში ჩვენ გვაქვს მანიპულაციის ძალიან კარგი მაგალითი. ეს არ არის მთავარი დამბრკოლებელი ისეთი საკითხის გადაწყვეტისას, რაზეც ახლა მსჯელობს პარლამენტი და რაზეც ბესელია ინიცირებას აყენებდა.

_ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის გაჭიანურებაზე ისაუბრეთ. ამაში მხოლოდ პარლამენტს გულისხმობთ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც?

_ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოსამართლეთა დაკომპლექტების საკითხი გადასულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში. ეს პირველ რიგში პარლამენტმა გააკეთა, თორემ ის მოსამართლეები თავის დროზე რომ დაენიშნათ, დღეს უზენაესი სასამართლო არ იქნებოდა ისეთი გადატვირთული, როგორიც არის. დღეს ასეთი იმიტომ არის, რომ ფიზიკურად არ ჰყოფნით მოსამართლეები სისხლის სამართლის პალატაში.

_ ის ფაქტი, რომ ეს ბერკეტი გადავიდა იუსტიციის საბჭოს ხელში, პარლამენტის არაკომპეტენტურობის ბრალია თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი გეგმის ნაწილი?

_ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ასეთ სქმებზე არ ფიქრობს. მან მისცა მარტივი დავალება ვიღაცას. შეიძლება ეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, შეიძლება იყოს სხვა პირი. ისინი არიან მისი ნების შემსრულებლები და ისინიც ასრულებენ.

ამ პრობლემის მთელი არსი ისაა, რომ ამ მცირე ჯგუფმა, რომელსაც ჩვენ მოსამართლეთა კლანს ვეძახით, ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლების ყველა სადავე და ახლა ხელისუფლებას ათამაშებს თავის ნებაზე. თუმცა, არა მგონია ხელისუფლებაში ყველა ხვდებოდეს.

ეტყობა, თავის დროზე გარკვეული გარიგება დაიდო, თუ ამათ ექნებოდათ სადავეები მიშვებული, მაშინ კონტროლს აიტანდნენ, მაგრამ ბოლო დროს საზოგადოების და პროფესიული წრეების კონტროლი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას უნდა უზრუნველყოფდეს, მათ არ აწყობთ და არ სურთ.

_ რაც თქვეს განცხადებაში, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის ყველა მხარესთან, ეს რეალურია თუ ესეც საბაბად მოაქვთ იმისთვის, რომ პროცესი გაწელონ?

_ რა თქმა უნდა, ეს არარეალურია და ეს არის საბაბი. კონსულტაციები რომ სდომოდათ, აქამდე შეისმენდნენ არასამთავრობოების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკას, რომელიც მიმდინარეობს ჯერ კიდევ 1997 წლიდან მოყოლებული.

შიგადაშიგ ისმენდნენ ხოლმე ხელისუფლებები, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ არ უნდათ, ყური დაუგდონ კრიტიკას და ყური დაუგდონ ძალიან კონსტრუქციულ წინადადებებს.

_ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრეს. მცდელობა ხომ არ არის, საერთაშორისო ორგანიზაციებს ამოეფარონ?

_ ჩვენ გვაქვს საქმე იმ კატეგორიის ადამიანებთან, რომლებიც ყველას და ყველაფერს იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. იმიტომ, რომ ეს მიზანი არის ძალიან ღირებული, აკონტროლო ხელისუფლება და აკონტროლო სრულად სასამართლო ხელისუფლება.

ასეთი შედეგის მისაღწევად ეს ადამიანები ყველაფერზე წავლენ. აქ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებაც ისევე მოხდება, რასაც ქვეყნის შიგნით იყენებენ.

_ როდესაც საუბრობთ გარკვეული ჯგუფის ლობირებაზე, არის თუ არა ეს პარლამენტის თავმჯდომარის ჯგუფი?

_ მე ვფიქრობ, რომ ეს დაკვეთა მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილისგან და იქ შეიძლება კონკურენციაც კი არის გამართული, ვინ შეასრულებს ამ დაკვეთას ყველაზე კარგად, რომ შემდეგ „დაუფასდეთ“. ამიტომ დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარიდან და დამთავრებული ფრაქციისა და უმრავლესობის ხელმძღვანელობით, ყველა ცდილობს ამ დავალების „პირნათლად“ შესრულებას.

უკვე არ ერიდებიან იმას, რომ საზოგადოების თვალში ეს ადამიანები ძალიან ცუდად გამოიყურებიან, იმდენად ჩაფლულები არიან ამ დავალების შესრულების პროცესში.

_ ანუ ივანიშვილის თვალში რაღაცა დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ. უპატაკონ, რომ შეასრულეს დავალება, თანაც „პირნათლად“. ისევე როგორც თავის დროზე „პირნათლად“ შეასრულა დავალება ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების შედეგად რაც მივიღეთ, აგერ ვხედავთ.

_ როცა არ თმობს მმართველი გუნდი, გამოსავალი რაში მდგომარეობს?

_ გამოსავალი არ არის იოლად საპოვნი. უბრალოდ, უნდა გავაგრძელოთ თქვენ _ მედიამ და ჩვენ _ სამოქალაქო საზოგადოებამ ბრძოლა. იმიტომ, რომ ეს ისეთი საკითხია, რომლისთვისაც ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ქვეყანას, სადაც არაფორმალურად წყდება ყველაფერი. მათ შორის სასამართლო დარბაზებში. ეს ძალიან საშიში ვითარებაა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში უკეთესობა, უნდა ვიბრძოლოთ მუხლჩაუხრელად და განუწყვეტლივ, ვიდრე არ მივაღწევთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება.

_ აქციებსაც ხომ არ განიხილავთ, რადგან ხელისუფლებები ასე თუ ისე ითვალისწინებენ ქუჩაში გამოსულ ხალხის ნებას?

_ როდესაც ყოველგვარი უკანონო და უსინდისო ხერხებით იბრძვიან ასეთი კონტროლის მოსაპოვებლად, აქეთა მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი კანონიერი ფორმა. საპროტესტო აქციები სწორედაც რომ კანონიერი ფორმაა, ამიტომ ისიც უნდა იყოს გამოყენებული. ვხედავთ, რომ მურვან ყრუს ვითარება დაგვიდგა და არავის არ უნდა შეისმინოს არაფერი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა