ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნიკა, “ქართულ ოცნებაში” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თქვენ როგორ ხსნით?
– პირდაპირ გეტყვით, ეს არის რღვევის პროცესი. ეს პროცესი დაწყებულია და ახლა რა შეფასებებიც არ უნდა გააკეთონ, ამას ვერ გაექცევიან. “ქართული ოცნება” დაშლის პირას არის და ეს პროცესი გარდაუვალია. მმართველი პარტია დაკარგავს არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას, არამედ მალე ჩვენ ვნახავთ, რომ უმრავლესობასაც დაკარგავს და ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს.
– და რითი ხსნით?
– განსაკუთრებით უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დამისახელეთ ერთი ისეთი პროექტი, რომელიც მართლაც ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე იყო ორიენტირებული! ვერ დამისახელებთ, რადგან ასეთი პროექტი არ ჰქონია ხელისუფლებას. ბოლო ერთი წელია, ჩვენ ვაკვირდებით შიდა ბრძოლებს, მხოლოდ ამაზე არიან გადასულები. ბესელია დაუპირისპირდება კობახიძეს, მერე კობახიძე დაუპირისპირდება ბესელიას ან პირიქით და სულ ეს არის.
მითხარით, რომელიმე ეკონომიკური გეგმა იყო წარმოდგენილი შექმნილი ვითარების დასაძლევად ან უმუშევრობის დასაძლევად?! ან პენსიონერზე ვინ იზრუნა ან რომელიმე ერთი სტატუს შეჩერებული სტუდენტი დამისახელეთ, ვისაც ხელისუფლებამ სტატუსი აღუდგინა და ის ფინანსური ტვირთი, რომელიც ოჯახს აწვა გადასახადის სახით, ამ ოჯახს მოეხსნა. ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ ვერც დამისახელებთ.
2012 წლის შემდეგ, რაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნიდან 700 ათასზე მეტი ადამიანი არის წასული უცხოეთში ემიგრაციაში, ამას რა ახსნას უძებნიან?!
– რომ დავუბრუნდეთ “ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს…
– ამ ყველაფრის მერე როგორ გიკვირთ ის, რაც ხდება “ქართულ ოცნებაში”?! ხდება ის, რაც ამ დროს ყველაზე ბუნებრივია, ეს არის დაშლის პროცესი, რომელიც გარდაუვალია. თავისთავად ამ სტაგნაციამ, ამ უკუსვლამ ასახვა ჰპოვა “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით და დაიწყო ის პროცესი, რომლის მოწმენიც ვართ დღეს პარლამენტის კედლებში, რაც ბუნებრივად გარეთ გადმოვა.
– სასამართლოში მიმდინარე პროცესებზეც მინდა გკითხოთ, რასაც მოჰყვა ეს ამბები. საზოგადოებამ კარგად იცის. ნაციონალური მოძრაობის დროს რას წარმოდგენდნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე. დღეს ივანიშვილს რაში აწყობს მათთან ასოცირება?
– მურუსიძეების, ჩინჩალაძეების არსებობა სწორედ სასამართლო სისტემაში ივანიშვილისთვის არის შვება. როგორ თუ რაში აწყობს, ეს დიდი შვებაა მისთვის. 2012 წლის არჩევნებში როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა, პირველი იცით. რა გააკეთა?! თავის სასახლეში სტუმრად მიიღო ბატონი მურუსიძე, რომელზეც დანანებით გვითხრა, რომ ეს ანგელოზი როგორ იყო სისტემის მსხვერპლი. ჰოდა, მას შემდეგ მურუსიძე ემსახურება არა კანონმდებლობას და კონსტიტუციას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, მაშინ როდესაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ბატონი ივანიშვილი და მთელი მისი გუნდი როგორ აკრიტიკებდნენ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს.
რა რეფორმა, რისი რეფორმა, მთელ სასამართლო სისტემას, რომლის რეფორმირება მართლაც აუცილებელია, დღეს ივანიშვილი და ეს ხალხი ამბრაზურასავით არიან გადაფარებულები. მეტიც, ამბობენ, რომ ქართული მართლმსაჯულების მომავალი დღეს სწორედ მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე დგას, ამაშია მთელი უბედურება.
ივანიშვილის ეს დამოკიდებულება ისე, უკვალოდ არ ჩაივლის, ეს იქნება ერთი დიდი დარტყმა, რომელიც მას ყველაფერს წააგებინებს.
– ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველა ხელისუფლებისთვის ტვირთია და მათ ეს არაფერში სჭირდებათ.
– საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავენ დღეს, ხელისუფლებას დაკარგავენ ხვალ.
– ამ პროცესს დომინოს ეფექტი შეიძლება ჰქონდეს?
– ახლა გუნდის შიგნით ისეთი ვითარებაა, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. არაფერი პოზიტიური არ ხდება. ხელისუფლებას პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს, პირიქით. ერთი საწარმო არ გაუხსნია პრემიერ-მინისტრს. ერთი დადებითი მოვლენა არ მომხდარა ქვეყანაში, რომლითაც ხელისუფლება იამაყებდა.
ეს უარყოფითი პროცესები, რა თქმა უნდა, თავის კვალს ტოვებს თავად გუნდზეც, ამაში ორი აზრი არ არის.
– მესამე ძალაზე რას იტყვით? შეიძლება ეს იყოს მამუკა ხაზარაძე? პოლიტიკაში წავა ის?
– ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარძე უკიდურესად ცინიკურად აიძულა, რომ ჯერ არჩევნებზე მხარი დაეჭირა და შემდეგ ბანკიდან გააგდო. მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახლიდან გაასახლა. მამუკა ხაზარაძემ ეს ბანკი საკუთარი ხელებით შექმნა და ეს ფაქტია, ის არის ნამდვილად თვითმყოფადი წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ ივანიშვილს ყველა წარმატებული ადამიანი ბიოლოგიურად ეზიზღება.
ყველა ეს პროცესი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ადგილი აქვს, ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის თავზე შავი ღრუბლები გროვდება. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ტურბულენტური ეფექტი არ ჰქონდეს ივანიშვილისთვის.
ივანიშვილი ყოველდღიურად გვეუბნება, უკვე დაუფარავად, რომ ეს სახელმწიფო კი არ არის, მისი დუქანია. საზოგადოების ყველა ჯგუფში დღითიდღე უკმაყოფილება ზღვრას აღწევს.
ეს ყველაფერი როგორ მთავრდება, კარგად ვიცით, ამის არაერთი მაგალითი ყოფილა თუნდაც საქართველოს უახლეს ისტორიაში და თუნდაც სხვა სახელმწიფოებში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა