პაატა შეშელიძე – „ხაზარაძე სასათბურე პირობებში მუშაობდა, ახლა კი შედეგებს იმკის”

პაატა შეშელიძე - „ხაზარაძე სასათბურე პირობებში მუშაობდა, ახლა კი შედეგებს იმკის”საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. სებ-მა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა დაასახელა. საუბარია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე.

საგამოძიებო უწყება ბანკის დამფუძნებლებს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. თუმცა არის მსჯელობა იმაზე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილი ხაზარაძეს წილების დათმობასაც სთხოვდა.

რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ ასრულებს ეროვნული ბანკი მთავრობის დავალებას და პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს.

_ რა შთაბეჭდილება გრჩებათ იმ გადაწყვეტილებაზე, რაც ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიიღო?

_ მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეროვნული ბანკი თავისი სტრუქტურით და თავისი დანიშნულებით სრულიად ზედმეტი და არაფრის მომცემი ორგანიზაციაა, რომელიც როგორც წესი ეკონომიკის შეფერხებით არის დაკავებული და არა მისი განვითარებით. ის, როგორც წესი, ასრულებს მთავრობის დავალებას და მთავრობის დავალება უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკისთვის საზიანოა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეკონომიკის ნაწილში თუ მონეტარულ ნაწილში. ორივე შემთხვევაში ის ძალიან მავნებლურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

ამიტომ, ეროვნული ბანკი თავისი არსით და თავისი სტრუქტურით არის არასაბაზრო წარმონაქმნი და ცუდი ბერკეტი მთავრობის ხელში. ის ბაზრის კონტროლის, ბაზრის სუბიექტების დაშინებისა და მათზე გავლენის მოხდენისთვის იყენებს.

_ ანუ პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს მთავრობა ეროვნულ ბანკს?

_ ნებისმიერი ქვეყნის ხელში პოლიტიკური მანიპულაციის საგანია. იმიტომ, რომ ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც პოლიტიკოსებს სჭირდებათ. ეს ყოველთვის პოლიტიკური თემაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ის.

თავი დავანებოთ ამ გადაწყვეტილებას, წინა გადაწყვეტილება რეგულირებასთან დაკავშირებით იგივე არ იყო?! ან იგივე არ იყო გადაწყვეტილება რეფინანსირების სესხთან დაკავშირებით?! ეს ყველაფერი პოლიტიკური თემებია. ეს არ არის საბაზრო გამოწვევა და საბაზრო მოთხოვნა.

ამიტომ ზოგადად კრიტიკული ვარ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის და მისი გადაწყვეტილებების მიმართ.

_ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს მიდგომები შეიცვალოს და მას აღარ ჰქონდეს მანიპულაციის შესაძლებლობა?

_ ამისთვის უნდა გაკეთდეს ის, რომ საერთოდ არ არის საჭირო ეროვნული ბანკი, როგორც ადრე იყო. ბანკებს შეუძლიათ თავისუფლად იმუშაონ. ფულიც შეიძლება თავისუფლად ჰქონდეთ ეროვნული ბანკის გარეშე. საუკუნეები ადამიანები ასე ცხოვრობდნენ და მაინცდამაინც ახლა რატომ გახდა საჭირო?! იმიტომ, რომ მთავრობამ აკონტროლოს?! ასე არაა?!

მთავრობის ინტერესია, აკონტროლოს ბიზნესი, მასზე გავლენა ჰქონდეს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს თავისი ინტერესების გატარება, ანუ აიძულოს ის, რომ მთავრობის ინტერესი დააკმაყოფილოს.

_ ეროვნული ბანკის მიმართ საზოგადოებაში იყო განცდა, რომ ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, განსხვავებით ბევრი სხვა ინსტიტუციისგან. ეს გადაწყვეტილება იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაიმორჩილა ეროვნული ბანკიც?

_ ეს არის მცდარი აზრი, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი იყოს, როდესაც იქ არის დანიშნული ხალხი, ამიხსენით. იქ არიან დასაქმებული ხალხი, რომლებსაც მაღალი ხელფასები კანონით აქვთ განსაზღვრული და ა. შ. როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ასეთი ინსტიტუტი?! ეს არის ტყუილი და ეს არის ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მეტი არაფერი.

_ როგორ წარმოგიდგენიათ თიბისის გარშემო განვითარებული მოვლენები? ეკონომიკის გარდა, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც ხომ არ იქონიებს გავლენა, რადგან საბანკო სექტორი თითქმის ყველგან არის ხელშეუხებელი ბიზნესი?

_ სინამდვილეში ტრაგედია იცით, რა არის? თვითონ ბანკირები, მეწარმეები და ბიზნესმენები ასეთ ჩარევებს ეგუებიან. პირიქით, ისინი ხელისუფლების მხარეს უფრო არიან. ფაქტობრივად, ეს არის კლანი. ზოგი ხელმძღვანელი, ზოგი კი დაქვემდებარებული.

ეს არის თიბისი ბანკის და სხვების ტრაგედია. ისინი ამ სისტემაში მუშაობდნენ, წლების განმავლობაში კმაყოფილები იყვნენ. ნულოვანი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენ, ვინც არსებულ ვითარებას ვაკრიტიკებდით. ახლა იმკიან იმას, რაც ხდება. ეს არის კიდევ ერთი პრობლემა.

ისინი იმ ვითარებას იყენებდნენ, რომელიც ჰქონდათ, ფაქტობრივად, სასათბურე სიტუაციაში მუშაობდნენ და აწყობდათ. ახლა, როცა ცხვირში მოხვდათ, დაინახეს, რომ ეს პრობლემაა. როცა წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება ეს იყოს და სხვანაირად უნდა იყოს ეს ორგანიზებული, ყურს არ იბერტყავდნენ. ახლა იმას იმკიან, რასაც თვითონ წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი.

_ თიბისი ბანკის თემაზე შურისძიებაც ხომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან?

_ რა თქმა უნდა, პირადი მოტივები ჩანს. მე ახლა დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კაცმა პირდაპირ განაცხადა, ხაზარაძემ ბოდიში არ მოიხადაო, რაღაცა გავუკეთე და არ დააფასაო.

არასრულყოფილ ინსტიტუტთან ერთად, როგორიც ეროვნული ბანკია, ასევე არის არაფორმალური მმართველობა. ვიღაცა ტიპი, რომელსაც არანაირი თანამდებობრივი პოზიცია არ უკავია, უამრავ ადამიანს კარნახობს თავის პირად ინტერესებს, მათ შორის ეროვნულ ბანკს, ბიზნესს, საქართველოს და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არის სიმახინჯე. ეს არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად კომუნისტებს და სოციალისტებს უჭერს მხარს.

მას შემოკრებილი ჰყავს გარშემო მონების დიდი მასა, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ ტაში დაუკრან და სხვა არაფერი ინტერესი არ აქვთ. ამით კი ისინი დამატებით შემოსავალს იღებენ შეღავათების, პირდაპირი დაფინანსების და თავზე ხელის გადასმის ფორმით.

_ ცხადია, ივანიშვილს გულიხმობთ.

_ კი, რა თქმა უნდა.

_ არსებული ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

_ ამ სისტემაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ადამიანური რესურსი ამოწურულია. ცვლილებების სივრცე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამიტომ ადამიანური ცვლილებების გარეშე ეს სისტემა ვერ გარდაიქმნება. არ შეიძლება იგივე ადამიანებმა უკეთესი რამ გააკეთონ. ეს ტექნიკურად შეუძლებელია. საჭიროა ამ ხალხის შეცვლა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა