“ქართული ოცნების” ვაკის ოფისიდან 60.000 ლარამდე გაიტაცეს

"ქართული ოცნების" ვაკის ოფისიდან 60.000 ლარამდე გაიტაცესმმართველი პარტია საგულდაგულოდ მალავდა ვაკის შტაბიდან ფულის მოპარვის ამბავს. ფულის მოპარვა “ოცნებამ” მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღიარა. შსს-მ დამნაშავეებიც დაიჭირა. ფული, რომელიც “ოცნების” წევრებმავე მოიპარეს, “ოცნების” კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი.
კოორდინატორებმა არჩევნებზე ფულის მოპოვებისა და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მაგრად იბრძოლეს. ეს ნაბრძოლი ხალხი, ბუნებრივია, თავის ფულს ასე იოლად არ დათმობდა.
როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ღვაწლმოსილ ვაკელ კოორდინატორებს ვაკის გამგეობამ ფული ბიუჯეტიდან გადაურიცხა. საუბარია სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ თანხებზე.
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით 4 თებერვალს ლევან ხაბეიშვილი პირადად მივიდა ვაკის გამგეობაში და დოკუმენტაცია მოითხოვა.
ვაკის გამგებელი და მისი ამალა ისე შეძრწუნებულები შეხვდნენ ხაბეიშვილის გამოჩენას, როგორც მეტოქე გუნდის წევრები უყურებენ ხოლმე მათ მოედანზე შევარდნილ მესის.
მართალია, საკრებულოს სკანდალურმა დეპუტატმა მასპინძლები ააწიოკა, მაგრამ მათ მაინც შეძლეს მომხდურის ანუ ხაბეიშვილის მოგერიება – დოკუმენტები არ გადასცეს.
ოპოზიციონერმა ეს მათ თამაშის წესების დარღვევად ჩაუთვალა და მსაჯს, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციეს, უხმო. სამართალდამცავები ადგილზე დროულად მივიდნენ და ოქმიც შეადგინეს.
რატომ გახდა პატრულის გამოძახება აუცილებელი, რა თანხაა “ოცნების” ვაკის ოფისიდან წაღებული, როგორ ჩაურიცხეს კოორდინატორებს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხები? – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობას” ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– “ოცნება” საგულდაგულოდ მალავდა იმ ფაქტს, რომ მათი ოფისიდან ფული მოიპარეს. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებული, რომ უკვე მმართველი პარტიას ძარცვავენ.
ფული თავად “ოცნების” წევრებმა გაიტანეს. მმართველ პარტიაში დღემდე არ ამბობენ თუ რა ოდენობის თანხა იქნა მოპარული.
– ოფიციალური ინფორმაციით, 7.000 ლარია მოპარული.
– 7.000 ლარს ამბობენ, სინამდვილეში 40.000-დან 60.000 ლარამდე თანხაა მოპარული.
– რატომ მალავენ, რომ ამდენი ფული მოიპარეს?
– იმიტომ, რომ არადეკლარირებულ, შავ ფულთან გვაქვს საქმე. ეს ფული მმართველი პარტიის კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც იტყვი, რომ 60.000 ლარი მოიპარეს პარტიის ოფისიდან, მაშინ ისიც უნდა დაასაბუთო, თუ საიდან ჰქონდა პარტიას ეს თანხა.
7.000 შედარებით დაბალი თანხაა და მისი წარმომავლობის დასაბუთება არ იქნებოდა ძნელი. ამიტომაც დაასახელეს ეს ციფრი.
სიმართლე იმალებოდა იმიტომაც, რომ პარტიის ოფისი თავად “ოცნების” კოორდინატორმა გაძარცვა. ბიძინას თუ ფულს მოპარავ, ეს მდანაშაულია, მაგრამ ქვეყნის უბედურება არ არის. ქვეყნის უბედურება ისაა, რაც ამ ძარცვას მოჰყვა.
ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის ვაკის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ამას თავად ტურძელაძეც ადასტურებს.
იმის გამო, რომ “ოცნების” ოფისიდან ფული მოპარული იყო, კოორდინატორებს თანხა ვერ გადაუხადეს. მათ თავის მხრივ მიაკითხეს ტურძელაძეს და მოსთხოვეს ფული. ვაკის გამგებელმა რა გააკეთა? ადგა და ბიუჯეტიდან დაურიგა მათ ფული. სულ ამ ადამიანებზე ბიუჯეტიდან ათეულობით ათასი ლარი გაიცა.
ახლა იმასაც მოგახსენებთ, თუ საიდან გამოუნახეს “ოცნების” კოორდინატორებს ეს ფული. არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს უკიდურესი გაჭირვების ჟამს ეხმარება ხოლმე გამგეობა. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტაცია ფორმდება. ამ მუხლით ადამიანებს ძირითადად 100 ლარს აძლევენ.
– სოციალურად დაუცველებისთვის ამ 100 ლარიანი დახმარებების გაცემაც ხშირად ძალიან უჭირთ. ამის შესახებ თქვენ არაერთი განცხადება გაქვთ გაკეთებული.
– სოციალურად დაუცველებისთვის ერთდჯერადი დახმარების სახით 100 ლარიანი დახმარების გაცემა მართლა უჭირთ, სამაგიეროდ, კოორდინატორებისთვის არ გაუჭირდათ თანხის გადახდა. ამ კოორდინატორებს, სოციალური მუსლით 500. 600 და 700 ლარი აქვთ ჩარიცხული.
– გამორიცხავთ, რომ “ოცნების” კოორდინატორი შეიძლება სოციალურად დაუცველი იყოს?
– ეს ფაქტები კარგად შევისწავლე. ერთ-ერთი კოორდინატორი, რომელსაც სოციალური დახმარება ჩაურიცხეს, ქალაქის ცენტრში ფლობს დარბაზს. ვაკეში რომ დარბაზი გაქვს და მას აქირავებ, ეს უკვე დიდი შემოსავალია.
ამ ქალბატონზე როცა ერთი ამბავი ავტეხეთ, ვაკის გამგებელმა გვითხრა, დახმარება იმიტომ მივეცით, რომ ეგეც უმუშევარია და მისი მეუღლეცო. მისი მეუღლის ამბავიც გადავამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მან სულ ახლახანს გადაიფორმა უძრავი ქონება – სახლი იყიდა.
გაღატაკებული ხალხისთვის განკუთვნილი ფული მილიარდერის პარტიის კოორდინატორებიზე გასცეს, ამაზე ამორალური ქმედება რაღა უნდა იყოს.
მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი საჯარო გახდა, 4 თებერვალს ვაკის გამგეობაში მივედი, რაღა ჩემი უფლებამოსილება განმეხორციელებინა.
ჩემი უფლებამოსილება რა არის? როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვარ თბილისის მერიის ზედამხედველი. სრული უფლება მაქვს, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ნაწილი ვაკონტროლო.
ვაკის გამგეობაში მივედი და ის დოკუმენტები მოვითხოვე, რომელთა საფუძველზეც “ოცნების” კოორდინატორებს სოციალური მუხლით ჩაურიცხეს ფული.
გამგებელმა რა გააკეთა? შეშინდა და დოკუმენტაცია დამალა. მითხრა, ვერ განახვებ ამ დოკუმენტაციასო.
დოკუმენტები მართალია არ მაჩვენა, მაგრამ მიხვდა, რომ შარშია და განმარტებებს ფაქტიურად ტირილით აკეთებდა. ნიანგის ცრემლები აღარ უშველის, მან დანაშაული ჩაიდინა და ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს.
– საპატრულო პოლიცია რატომ გამოიძახეთ?
– იმიტომ, რომ ვაკის გამგებელმა ჩაიდინა უკანონობა და ეს დოკუმენტები არ მაჩვენა. ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ შეადგინა სათანადო ოქმი.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ვაკის გამგებელმა, რომელსაც ამ დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდება, ის ან შეცვალოს, ან გაანადგუროს. ამით ის გამოძიებას შეუშლის ხელს.
ადრე თუ გვიან ვაკის გამგებელიც აგებს ამაზე პასუხს და თბილისის მერიც.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა