რამაზ საყვარელიძე – “სააკაშვილი თუ ჩამოვა და ციხეში ჩაჯდება, ეროვნული გმირი გახდება”

რამაზ საყვარელიძე - "სააკაშვილი თუ ჩამოვა და ციხეში ჩაჯდება, ეროვნული გმირი გახდება"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ აქციებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ნაციონალური მოძრაობა გაზაფხულზე აქციებს აანონსებს. სააკაშვილი იმუქრება, რომ ემიგრანტებთან ერთად ჩამოვა, რასაც პარლამენტის თავჯდომარემ კობახიძემ უპასუხა, რომ სააკაშვილს რეფორმირებული პენიტენციური სისტემა დახვდება. შეიძლება გაზაფხულზე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბოს?
– ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის განწყობაზე და მათ რაოდენობაზე. როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან სჭირდებოდა გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გაყვანა, ის აქციებს აწყობდა და იმ აქციებზეც კი ვერ შეკრიბა შთამბეჭდავი რაოდენობა. ამიტომ მე მეეჭვება, რომ შეძლოს ნაციონალურმა მოძრაობამ თუ გაერთიანებულმა ოპოზიციამ შთამბეჭდავი რაოდებობის მობილიზება იმ აქციებზე, რომელიც მათ დაანონსეს. ნაწილობრივ ეს ვითარება ენდიაის ბოლო კვლევებშიც აისახა, სადაც ყველაზე მიუღებელი პარტიის კითხვის გრაფაში პირველ ადგილს იკავებენ.
– თუმცა, ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილს ინარჩუნებს.
– დიახ, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. ასეთი გაღარიბებული პოლიტიკური სურათის ფონზე მეორე ადგილის დაკავება არც ისეთი რთული ამბავია. მით უფრო ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს.
– მაინც რა მოლოდინები გაქვთ?
– მაქსიმუმი, რაც შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთოს გაზაფხულზე, ეს იქნება ხმაური, რომელსაც არაფერი მოჰყვება. სერიოზულად საეჭვოა, რომ მათ ხმაურს რაიმე სახის შედეგი მოჰყვეს. კი აანონსებენ დიდ აქციებს, მაგრამ დააანონსებენ და შემდეგ არ გამოსდით.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს სააკაშვილთან დაკავშირებით, რამდენჯერ თქვა უკვე სააკაშვილმა, რომ ჩამოდის. ხან ზღვით ჩამოდის, ხან ხმელეთით, მაგრამ ვერა და ვერ ჩამოაღწია. ეს არის პოლიტიკური დატვირთვით გაკეთებული განცხადება.
თუ ემიგრაციას გახვევს ამ ამბავში, ეს არ იქნება კარგი. ემიგრაცია კარგად ვერ ერკვევა არსებულ სიტუაციაში და მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ დამხვდური ხალხი და ჩვენი ემიგრაცია ერთმანეთს დაუპირისპირდეს და ამ დაპირისპირების ბიძგი სწორედ სააკაშვილი იყოს. ეს არ იქნება მარტივად აღსაქმელი ამბავი და ასე ადვილად მოსაგვარებელი. ამიტომ, სიფრთხილეა ამ შემთხვევაში საჭირო.
იმედი მაქვს, ასე დრამატულად არ განვითარდება მოვლენები. თუმცა გაუგებრობების ჯაჭვს არ გამოვრიცხავ.
– თვალწინ დამიდგა უკრაინის საზღვარი, რომელიც სააკაშვილმა პოლონეთიდან გადალახა რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად. შეიძლება მსგავსი სცენარი ამ შემთხვევაშიც განმეორდეს. შეიძლება არ მოერიდოს ამ სცენარს, მით უფრო წინ საპარლამენტო არჩევნებია და ის ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს?
– საპარლამენტო არჩევნები შორს არის, ვიდრე ის დაანონსებული პროცესები. ეს ნაბიჯები რომ გადადგას, არ მგონია, რომ გამოადგეს, რადგან 2020 წლისთვის მისი ეს ნაბიჯი დავიწყებული იქნება.
– გამორიცხავთ თუნდაც ციხეში წავიდეს პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე?
– ძალიან საეჭვოა, მეეჭვება მან ეს ნაბიჯი გადადგას. თქვენ ახსენეთ უკრაინა, ხომ გვახსოვს, ყველას როგორი რეაქცია ჰქონდა მას დაპატიმრებაზე?! როგორ ავიდა სახურავზე და როგორ ცდილობდა იქიდან გაქცევას. მას ციხის ეშინია. ამიტომ, მე მიჭირს იმის თქმა, რომ თუნდაც ასეთი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მან რომ ეს ნაბიჯი გადადგას და გააზრებულად ციხეში ჩაჯდეს. თორემ რეალურად პრაგმატიზმით რომ ხელმძღვანელობდეს, მართლა ჩამოვა, ციხეში ჩაჯდება და იმ წუთში ეროვნული გმირის მანტია გარანტირებული ექნებოდა.
თუ რამე გამოიწვევს ხალხის მასების აღელვებას და ქუჩაში მართლა გამოსვლას, სწორედ ეს გარემოება. ხომ იცით, ჩვენთან დაჩაგრული ადამიანის მხარეს არის ყველა. მერე გენახათ ცოცხალი გმირის იარლიყები და მხარდამჭერი ლოზუნგები!
– რამაც შეიძლება სიტუაციაა ააყირავოს, საკაშვილის დაბრუნება და ციხეში ჩაჯდომაა?
– კი, ასეა! თან ხომ წარმოგიდგებიათ, ამას როგორი პიარი მოჰყვება შინ თუ გარეთ, ალბათ უფრო გარეთ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ასე მარტივად ეს ამბავი არ ჩაივლის. თუმცა, აქ არის ერთი რამ: გარისკავს კი ამას სააკაშვილი?!
– რატომ არ უნდა გარისკოს?
– მისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ გარისკავს, მას ციხის ძალიან ეშინია. ამისთვის პოლიტიკური გამბედაობაა საჭირო. მას რომ ეშინია, ეს კარგად გამოჩმდა არაერთ ცნობილ კადრში. თუნდაც ერთ-ერთი ბოლო იყო უკრაინის მოვლენები.
– თუ პოლიტიკური რეალობის შეცვლა შეუძლია მის ციხეში წასვლას, გამორიცხავთ, ამაზე წავიდეს?
– მიუხედავად იმისა, რომ მასებში მართლაც გამოიწვევს ეს გარკვეულ მღელვარებას, მაგრამ ეს პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის.
ხალხს არ უნდა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებზეც და ეს ჩანს ყველა სოციოლოგიურ კვლევაში.
– თუმცა, არჩევნების პირველმა ტურმა სულ სხვა შედეგები დადო.
– ვიცოდი, რომ ამას მეტყოდით, როგორც კონტრარგუმენტს. მე კი გეტყვით, ეს უფრო გაფრთხილება იყო. ეს უფრო სიგნალი იყო ივანიშვილისადმი ხალხის მიერ გაგზავნილი და არა მზაობა, მიმღებლობა, რომ ის მზად არის, სააკაშვილი დააბრუნოს ხელისუფლებაში, აქ არის განსხვავება.
გახსოვთ, ივანიშვილი როგორ მოიქცა მეორე ტურის წინ, როდესაც საფრთხე გააცნობიერა?! ზუსტად ასე ამუშავდება ხელისუფლება და მარტივი არ იქნება სააკაშვილისთვის, რომც მას ჰქონდეს ეს გეგმები დალაგებული, მათი სისრულეში მოყვანა.
– ციხეზე მინიშნება უკვე გააკეთდა.
– გასაგებია, ზუსტად ამას ვსაუბრობ, მარტივი არ იქნება. თუმცა, მე მაინც არ ველოდები მოვლენების ასეთ რადიკალიზაციას.
– რადგან არჩევნები 2020 წელს არის?
– დიახ, რადგან არჩევნებმადე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია. მანამდე ბევრი პოლიტიკური მოვლენის თუ პროცესის მომსწრენი გავხდებით. ისე, გაზაფხული არ იქნება მარტივი. ყველა პროცესი მაგ დროისთვის მომწიფდება.
– სწორედ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე უნდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, პარტიაში ივანიშვილი პროცესებს მართავს თუ კრიზისი შეიძლება უფრო გაღრმავდეს?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ახლა დამკვირვებლის როლშია და ის მოვლენებს განვითარების შესაძლებლობას აძლევდეს. ის აკვირდება ამ ყველაფერს და შეიძლება თავისი პასიურობითაც მართავდეს პროცესებს.
ის პროცესებს ბოლომდე გამოვლენის შესაძლებლობას აძლევეს. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ეს დუღილი, რომელიც მიდის, შეუძლებელია, რომ არ დასრულდეს, მაგრამ ამისთვის დრო არის საჭირო, ახლა სწორედ ეს ეტაპია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ამასობაში ივანიშვილი ხალხის რეაქციებსაც სინჯავდეს. თუ გახსოვთ, მარიხუანის შესახებ კანონპროექტს როგორი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, რომ შეიძლებოდა ძალიან დიდ მოგებაზე გასვლა, ხალხის სურვილი იყო გადამწყვეტი.
მე მგონია, რომ ახლა ივანიშვილი ხალხის რეაქციებს ელოდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა