სანდრო ბრეგაძე – “ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე”

სანდრო ბრეგაძე - "ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე"რატომ გადაეკიდა ივანიშვილი ხაზარაძეს, რას ითხოვდა ვანო ჩხარტიშვილი, რა ხდებოდა ანაკლიის პორტის გარშემო მთავრობაში, რას ვერ ხვდება “ოცნების” ლიდერი, რატომ არის რევოლუცია გარდაუვალი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
სანდრო ბრეგაძე:
– ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის წინა პერიოდია. სამწუხაროდ, ამას ყველაზე ნაკლებად ბიძინა ივანიშვილი ხვდება. ის იმიტომ ვერ ხვდება ვერაფერს, რომ მლიქვნელებით არის გარშემორტყმული და მათი წყალობით რეალობას მოსწყდა.
დუღილი არის პოლიტიკაში, დუღილი არის ეკონომიკასა და საბანკო სისტემაში, დუღილის პროცესი დაიწყო საპატრიარქოშიც, სადაც გარეშე ძალები ერევიან. დუღილი არის სპორტში – მარტო ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე ამბები რად ღირს. ყველა სფეროშია დუღილი.
ეს დუღილი ძალიან მალე აფეთქებაში გადაიზრდება. ელემენტარული ბუნების კანონია, რომ დუღილს რაღაც შედეგი აუცილებლად მოყვება. ამას ივანიშვილი ვერ ხვდება და ჰგონია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე იყო. არადა, ასე გაგრძელება შეუძლებელია.
მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ამასთან დაკავშირებით მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ.
იმ დროს ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის წევრი ვიყავი, როცა გიორგი კვირიკაშვილის მეცადინეობით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი ხაზარაძეს გადაეცა.
ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა დავით საგანელიძე. საგანელიძე გახლდათ ამ ყველაფრის შემოქმედი. ის ანაწილებდა ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულებს შორის წილებს.
თავად საგანელიძისგან და სხვებისგანაც ვიცი, რომ ვანო ჩხარტიშვილი სისხლხორცეულად იყო იმით დაინტერესებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მას ჩაეგდო ხელში. მოხდა ისე, რომ მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩხარტიშვილი უარყო. მან ივანიშვილის რეკომენდაციასაც კი არ გაუწია ანგარიში.
– ვანო ჩხარტიშვილს ივანიშვილი უწევდა რეკომენდაციას?
– რა თქმა უნდა. ანაკლიის პორტის პროექტის ხელში ჩაგდებაში ჩხარტიშვილს “ოცნების” ლიდერი ეხმარებოდა.
– რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება?
– მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ პროექტიდან გვერდზე გაწეულიყო. ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე. ხაზარაძეს კი იმ დროს ჰქონდა მოქმედი პრემიერის მხარდაჭერა და მოახერხა ამ ტენდერის მოგება.
როგორც გითხარით, მაშინ მე მთავრობის წევრი ვიყავი და ჩემი თვალით ვუყურებდი, რა ხდებოდა, როცა ტენდერის შედეგები გამოცხადდა. მთელ სახელისუფლებო გუნდში სერიოზული პანიკა იყო.
მაშინ დაიქადნა ვანო ჩხარტიშვილი, რომ მამუკა ხაზარაძეს ამ ტენდერის მოგებას არ შეარჩენდა. ჩხარტიშვილის უკან ივანიშვილი დგას. მათ თიბისი ბანკის ხელმძღვანელს ურჩობა არ აპატიეს.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ არის ანაკლია ასეთი მნიშვნელოვანი ან ერთი ან მეორე მხარისთვის. არც ჩხარტიშვილი და არც ხაზარაძე იმით არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველო და ანაკლიის პორტი ააყვავონ.
ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მილიარდობით შავი ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალება. ანაკლიის პორტი არის ფულის გათეთრების კონვეიერი, სადაც ვიღაცების ჯიბეში ძალიან ბევრი ფული დაილექება.
ფულის გათეთრება არის კრიმინალი. ეს ბიზნეს-კრიმინალი არის ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი.
– არის ვერსია, რომ ივანიშვილი ხაზარაძეს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ის პოლიტიკაში აპირებს წასვლას. თქვენ ამ ვერსიას გამორიცხავთ?
– რა პოლიტიკურ აქტიურობას უნდა აპირებდეს ხაზარაძე? ის არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, რომელიც მშვენივრად გრძნობდა თავს ყველა ხელისუფლების დროს. ანაკლია რომ არა, ის დღევანდელ ხელისუფლებასთან დღემდე ჩახუტებული იქნებოდა.
გასული წლის მაისში ბასიანთან დაკავშირებული ნარკომანების აქციის დამფინანსებელი იყო მამუკა ხაზარაძე. სხვათა შორის, კვირიკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს აქციები იყო.
მას პრეტენზიები წაუყენეს, რომ ხაზარაძესთან ერთად თავადაც იდგა ამ აქციების უკან.
– ხაზარაძეს რაში აწყობდა ამ აქციების დაფინანსება?
– იმ დროისთვის მას უკვე მოგებული ჰქონდა ტენდერი და ივანიშვილი-ჩხარტიშვილი პრობლემებს უქმნიდნენ. მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილს პოზიციები შეერყა, თიბისი ბანკის ხელმძღვანელი მუდმივ ბრძოლაში იყო.
– ყველა ასეთ დაპირისპირებაში გარეულია ვანო ჩხარტიშვილი და ვინ არის ამისთანა, რომ ყველაფერში ეგ ერევა?
– ჩხარტიშვილი რომ ერევა ამ საქმეებში, მაგიტომაც ვამბობ, რომ ანაკლიის პორტის აშენება არავის სურს კეთილშობილური მიზნებისთვის. არც ის დაიჯეროთ, რომ აქ ვინმე იჩაგრება. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური ბანდების დატაკება ერთმანეთთან.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატებში ჯო მასერიას და სალვატორე მარანძანოს კლანები ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩხარტიშვილი და ხაზარაძე თანამედროვე მასერია და მარანძანო არიან.
ორივე მათგანს უზარმაზარი კაპიტალი აქვს, მაგრამ ისე გაეზარდათ ეს მადა, რომ აღარაფერი აღარ ყოფნით, გამომუშავებული აქვთ ფულის შოვნის ნადირის ინსტინქტი და ამ ინსტინქტით ჭამენ ერთმანეთს. ერთმანეთს რას უშვრებიან და წარმოიდგინეთ, რას უზამენ რიგით ადამიანებს.
– თავისი ბიზნესის გადასარჩენად წავა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ივანიშვილმა გააკეთა?
– ვერ გეტყვით. ხაზარაძე ძველი კომკავშირელია. თავის დროზე ის ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ აქციებში იყო ჩართული. ვიცი ისიც, რომ ის კონფორმისტია, მაგრამ არ ვიცი, წავა თუ არა პოლიტიკაში.
ისე, მას “ოცნების” ლიდერი სხვა გამოსავალს არ უტოვებს. თუ ის ბრალდება დაუმტკიცდა, მას 20-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის კუთხეშია მომწყვდეული და, ერთი შეხედვით, სხვა გამოსავალი არა აქვს, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
– რას გულისხმობთ?
– ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. ხვალ შეიძლება ხაზარაძე და ჩხარტიშვილი ივანიშვილთან ავიდნენ, ბუხრის პირას დასხდნენ და, როგორც მაფიოზებს შეეფერებათ, ისე მოგვარდნენ ერთმანეთში. მაფიის ბოსს თავისუფლად შეუძლია მათი შერიგება. ივანიშვილი ფაქტიურად ლაკი ლუჩიანოა.
მაფიოზური კლანებში შერიგება მოსულა, მაგრამ ზოგჯერ ეს დაპირისპირება სისხლისმღვრელ ომებშიც გადაზრდილა. ამიტომ რამის პროგნოზირება ძალიან ძნელია.
ახლა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორივე მხარეს დგას ის ხალხი, რომელებიც დღემდე ჭამენ საქართველოს მოსახლეობის ქონებას. ისინი ჩვეულებრივი თაღლითები და ავაზაკები არიან.
მინდა მივმართო მოსახლეობას, არცერთ მათგანს არ მოასხას წამებულის მანტია. ხალხი ამ მაფიოზების წინააღმდეგ უნდა წავიდეს, რომელიმე მათგანისთვის მხარდაჭერა დაუშვებელია.
მევახშეებს და ანაბრების მიმტაცებლებს ხალხი ისე უნდა უყურებდეს, როგორც კეთროვანს, ესენი წარმოადგენენ ვირუსს, რომელიც საქართველოს ავადსახსენებელი შევარდნაძის დროიდან მოჰყვება.
მათ ხალხის ძარცვით ძალიან დიდი ფული იშოვეს. მილიარდერები არიან. შეიძლება ივანიშვილზე მეტი ქონებაც კი აქვთ დაგროვილი.
ხალხი ორივე მხარის წინააღმდეგ უნდა წავიდეს და თაღლითები ქვეყნიდან გააძევოს.
ძალიან საშინელ დღეში ვართ. პირადად მე ბიძინა ივანიშვილს უკვე ვეღარ ვცნობ. ხანდახან მგონია, რომ ის გამოცვალეს.
– რას ნიშნავს გამოცვალეს?
– ეს ის ივანიშვილი არ არის, რომელიც მე 2012 წელს გავიცანი. იმ ადამიანისგან დღევანდელი ივანიშვილი რადიკალურად განსხვავდება.
მე არ ვიცი, რა უყო მას ხელისუფლებაში ყოფნამ, მაგრამ ეს ადამიანი დაბრმავებული და დაყრუებულია, ან თავს გვაჩვენებს, რომ ამ მდგომარეობაშია. მას გაშვებული აქვს სადავეები ხელიდან და გადასულია მაფიოზურ გარჩევებზე.
მომაწოდეს ინფორმაცია, რომ “ოცნების” ლიდერი ისეთ ბიზნესგარჩევებში ერევა, რომლებიც ძალიან სასაცილოა.
– მაგალითად, რაში ერევა?
– მაგალითად, იმას წყვეტს, თუ ვინ უნდა შემოიტანოს საქართველოში კარაქი და კვერცხი, ვინ უნდა გაიტანოს საქართველოდან ხილი და მწვანილი.
ეს ადამიანი სრულიად გასულია მომსახურების ზონიდან. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ის ქართველ ხალხს ნიკო ნიკოლაძის დონეზე ჰყავდა აყვანილი. ამ უაზრო ქმედებებით საკუთარი თავი მიწაზე დაანარცხა. ის ისეთი ავაზაკების საქმეების გამრჩევად გადაიქცა, როგორებიც არიან ჩხარტიშვილი, ხაზარაძე, ოქუაშვილი.
ფაქტიურად ეგ წყვეტსვ ვინ სიგარეტი უნდა მოწიოს და ვინ ჩიბუხი გააბოლოს.
– ზემოთ ახსენეთ, რომ ქვეყანაში დუღილი მიდის, რომელიც რაღაცით დამთავრდებაო რა იქნება ეს რაღაც?
– ეს დუღილი რევოლუციით დამთავრდება. რევოლუცია გარდაუვალია. “ქართული ოცნება” რომ დამთავრებულია, ამას ივანიშვილის გარდა ყველა ხვდება. იმდენად ცუდად არის მმართველი პარტიის საქმე, რომ ზარდიაშვილი, მდინარაძე და კობახიძე უკვე გასაქცევად ემზადებიან.
– რას ნიშნავს გასაქცევად ემზადებიან?
– რას ნიშნავს და იმას, რომ ამ ადამიანებმა მთელი თავიანთი ქონება უცხოეთში გაიტანეს. “ქართული ოცნების” ახალი სახეები უცხოეთში გამალებით ყიდულობენ ბინებს. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი დრო დამთავრდა.
ისე მიდის საქმეები, ივანიშვილს რიჩარდ მესამის ფრაზის წარმოთქმა მოუწევს – მთელ სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევო. ის იმასაც კი ვერ ხვდება, რომ ცხენის მომყვანიც კი არ ეყოლება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავს. ამიტომაც მინდა ვუთხრა, რომ მე ამას, როგორც მისი მოყვარე, ისე ვეუბნები.
მართალია, ვაკრიტიკებ, მაგრამ არ მინდა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, როგორშიც საქართველოს არცერთი მმართველი არ ჩავარდნილი. ის შევარდნაძეზე და სააკაშვილზე უარეს დღეში ჩავარდება.
მას შეიძლება წასასვლელიც კი აღარსად ჰქონდეს. რუსეთში ის ვერ გაიქცევა და არც დასავლეთი არ მიიღებს მას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “ქართული ოცნება” დასრულებულია. მე იმის მეშინია, ამით ისეთმა ძალებმა არ ისარგებლონ, რომლებიც ქვეყანას იმაზე უარეს დღეში ჩააგდებენ, ვიდრე ახლა ვართ.
– ამ ძალებში ნაციონალებს გულისხმობთ?
– ნაციონალებსაც, მათთან მიტმასნილებსაც და ლიბერასტებსაც.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა