იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები გავლენების შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძვიან. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს და ანასხლეტებს უწოდებენ და მათ წარსულში დაბრუნებას ცდილობენ.
როგორ წარმოუდგენია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და რა პასუხი აქვს გვრიტიშვილის განცხადებაზე, რომლის ერთ-ერთი ადრესატი მისი ფრაქციაც არის? _ ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ სერგი კაპანაძეს ესაუბრა.
_ დიმიტრი გვრიტიშვილმა ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს და ანასხლეტებს გვიწოდებენ და ცდილობენ წარსულში დაბრუნებასო. მათ შორის თქვენი ფრაქციაც ეწინააღმდეგება მათ უვადო გამწესებას და ბუნებრივია ამ განცხადების ადრესატი ხართ. რა პასუხი გაქვთ?
_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები წინა ხელისუფლების მიერ გამოყენებულები ნამდვილად იყვნენ თავიანთი მიზნებისთვის, მაგრამ ასევე არიან გამოყენებული ამ ხელისუფლების მიერ.
როგორც ჩანს, პრაქტიკულად ნებისმიერი ბატონის დაკრულზე ცეკვას აპირებენ მომავალშიც. ამიტომ არ შეიძლება, რომ გამწესდნენ სასამართლოში სიცოცხლის ბოლომდე. შესაბამისად, იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ყველამ ერთად, რომ პირველ რიგში ეს უვადო გამწესება არ მოხდეს. შემდეგ უკვე როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველანი უნდა შევთანხმდეთ _ პოლიტიკური კლასი, ოპოზიცია თუ პოზიცია – როგორი ტიპის მოსამართლეები გვჭირდება და ეს მოსამართლეები უნდა იყოს ისეთი ხალხი, რომელიც არავის მორჩილი არ არის. ეს არის ამოსავალი წერტილი.
გვრიტიშვილი არ შეიძლება, რომ არავის მორჩილი არ იყოს, იმიტომ, რომ აქამდე მისმა გამოცდილებამ, ისევე როგორც მისი კლანის სხვა წევრების მოსამართლეთა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირიქით, ისინი ყველას მორჩილები არიან, ვინც ხელისუფლებაში იქნება. მზად არიან, რომ ბოლომდე ითამაშონ მის მხარეს. ეს არის სრულიად მიუღებელი სასამართლოსთვის.
_ მათ ტონი რას ნიშნავს თქვენთვის? ღია ბრძოლა გამოგიცხადეს?
_ ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი ტონი. პირველ რიგში მოსამართლისთვის. მეორე რიგში, ზოგადად საჯარო მოხელისთვის. ეს დამოკიდებულება, რომელიც მათ გააჩნიათ, რომ „მე ვარ და ჩემი ნაბადი“… ის, რომ შეტევით თავი დაიცვან, სრულიად გაუმართლებელია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა ტერმინოლოგიასაც იყენებენ, აღარაფერს ვამბობ შეფასებებზე, რაც უბრალოდ სამარცხვინოა. ამაზე კომენტირება უბრალოდ არასერიოზულია.
მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის განცდაა, რომ ისინი კარგავენ ყველაზე სანუკვარს, რაც გააჩნიათ – მანტიას. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეინარჩუნონ. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ გამოუვათ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდებიან, რომ ბოლომდე დარჩნენ სასამართლოში.
როგორც ჩანს, ყველანი ვხვდებით, პირველ რიგში კი საზოგადოება, რომ ამის გაკეთება დამღუპველი იქნება მომავლისთვის. ოპოზიცია დიდი ხანია, ამ აზრზეა და ამ პოზიციაზეა ხელისუფლების ნაწილიც. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და გვრიტიშვილის მსგავსი მოსამართლეები არ იქნებიან გამწესებულები უვადო მოსამართლეებად.
_ თქვით, რომ პოლიტიკური კლასი უნდა შეთანხმდეს სასამართლოს მომავალზე, მაგრამ წამოვა „ქართული ოცნება“ ამაზე?
_ ეს კარგი კითხვაა, წამოვა თუ არა ამაზე ”ქართული ოცნება”. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამ წუთას ამაზე წამოვლენ. ”ქართული ოცნება” საბოლოო ჯამში დაელოდება იმას, ბიძინა ივანიშვილი რას იტყვის. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს, იმის შანსი, რომ ეს ხალხი არ გავიდეს, არსებობს. მე ახლა არ ვიქნები ძალიან ოპტიმისტური, მაგრამ საჭიროა ახლა ბრძოლა და ბრძოლის შედეგად ამის მიღწევა შესაძლებელია.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული კონსოლიდაცია საჭიროა საზოგადოებასთანაც? ყველა ხელისუფლებას, ასე თუ ისე, ხალხის ეშინია.
_ ბუნებრივია. ეს ისეთი სისტემაა, რომელზეც არსებობს საერთო აზრი ხალხთან. მე მგონი, ასეთი ერთგვაროვანი აზრი არცერთ სხვა თემაზე არ არის, როგორიც მოსამართლეების საკითხზეა. გნებავთ საზოგადოებაში, არასამთავრობოებში, პოლიტიკურ პარტიებში. ყველანი ერთ აზრზე ვართ. მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ ამაზე პირდაპირ.
ახლა იყო ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში, სადაც მთავარი თემა და კრიტიკის ობიექტი სწორედ სასამართლო იყო. ღია კრიტიკის ობიექტი იყო. ყველა ხედავს, რომ ეს არ არის ის თემა, რომელზეც უნდა გადავუხვიოთ და კომპრომისები გვქონდეს.
_ არ გაქვთ ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ შესაძლებელია პოზიცია დაათმობინოთ?
_ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორმაგად მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და ჩვენი პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ.
_ როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მხრივ ეს ადამიანები არ იყვნენ სასამართლოში, ხოლო მეორე მხრივ არ მოხდეს პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმეებში. ამ ბალანსის დაცვას შესაძლებლად მიიჩნევთ?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამისთვის არის საჭირო სწორი კრიტერიუმები, ამისთვის არის საჭირო ნომინირების სწორი პროცედურა, ასევე ღია დისკუსია და დებატები პარლამენტში. ამისთვის არის საჭირო პარლამენტის მხრიდან ამ ვალდებულების საკუთარ თავზე აღება.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის მიერ იქნა ნომინირებული. მას მხარი დაუჭირა ოპოზიციამ, ისევე, როგორც უმრავლესობის ნაწილმა. როგორც ვხედავთ, ჯანეზაშვილი ერთ-ერთი ხმალამოღებული მებრძოლია ამ უსამართლობის წინააღმდეგ. გვრიტიშვილისნაირი მოსამართლეების სამუდამო გამწესებას ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამის მაგალითები გვაქვს.
_ მთავარ აქცენტს კრიტერიუმებზე აკეთებთ თუ რაზე?
_ არა. ერთობლიობაა მნიშვნელოვანი _ კრიტერიუმები, ნომინირების პროცედურა, ის, რომ ასეთ ჯგუფებს არ ჰქონდეთ ვეტოს უფლება, წესები, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს კონსენსუალური.
ცალკე გამოვყოფდი პარლამენტის როლს, სადაც აუცილებელია მოსმენის პროცედურა, ღიაობა, სამუშაო ჯგუფის ისე დაკომპლექტება, რომ იქ ფართო წარმომადგენლობა ჰქონდეთ როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავარობო სექტორს.
აუცილებელია ამ მოსამართლეებთან ზედამხედველობის ისეთი პროცესის შემუშავება მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, როგორ ადამიანს ვირჩევთ უზენაეს სასამართლოში.
ჯამში ამის ერთობლიობა იძლევა იმის შანსს, რომ სასამართლო იყოს დეპოლიტიზებული, მოსამართლეები იყვნენ კარგად შერჩეული და მოსამართლეები არ იყვნენ არცერთი პოლიტიკური ძალის დაქვემდებარებაში.
_ ხართ თუ არა მაქსიმალურად ფხიზლად იმისთვის, რომ ახალი მურუსიძე-ჩინჩალაძეები არ შემოგაპარონ სიაში?
_ რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რომ ასეთი ადამიანები არ გავიდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი შეეცდება, ბევრნაირად გამოიყენოს მდგომარეობა სათავისოდ, სცადოს იქ კონკრეტული ადამიანების ჩანაცვლება, რათა ჯამში თავისთვის ერთგული ადამიანები იყვნენ.
ჩვენი ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ და არ მივცეთ ამის საშუალება.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა