შალვა ხაჭაპურიძე – “ბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძეს შეჰყავს შეცდომაში”

შალვა ხაჭაპურიძე - "ბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძეს შეჰყავს შეცდომაში"“ახალი თაობის” კითხვებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მოსამართლეების უვადო დანიშვნის შესახებ იურისტი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.
– ბატონო შალვა, მოსამართლეების უვადო დანიშვნა-არდანიშვნის თაობაზე კვლავ სერიოზული დავაა პარლამენტში. ეკა ბესელიამ და მისმა მომხრეებმა ინიციატივა მოამზადეს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა მათი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავთ. რას იტყვით თქვენ, როგორც უფლებადამცველი?
– პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ადვოკატების ინიციატივით დაფუძნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია – ადვოკატები დემოკრატიისთვის და ჩვენ სწორედ მსგავს საკითხებზე ვაპირებთ მუშაობას. ამ ორგანიზაციაში 1500 ადვოკატია გაერთიანებული, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ დიახ, მოსამართლეების უვადო დანიშვნა უნდა შეჩერდეს ყოველ მიზეზ გარეშე.
– ხომ დაინიშნა უკვე უვადოდ მოსამართლეების გარკვეული ნაწილი?
– ასევე მოფიქრებულ უნდა იქნეს ის სქემა, რომელიც უკვე დანიშნული მოსამართლეების საკითხს რაღაც სამართლებრივ სივრცეში გადაიყვანს.
ის დემოკრატიული მექანიზმები, რომლებიც მიენიჭა იუსტიციის საბჭოს, მისი მხრიდან ბოროტად იქნა გამოყენებული და შედეგად მივიღეთ ისეთი კანდიდატების დასახელება უზენაეს სასამართლოში და იმ ფორმით და იმ კრიტერიუმებით, რომლებიც არ ემსახურება სამართლიანი სასამართლოს ცნებას.
სასამართლო სისტემა არ არის მზად, განახორციელოს ასეთი ღრმა რეფორმები. იგი საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს და სერიოზულ ჩარევებს. ალბათ ქირურგიულსაც. ამას კი დრო სჭირდება. ამიტომ მოსამართლეების ამ ტიპის დანიშვნები ამ ეტაპზე უნდა შეჩერდეს.
– ანუ თქვენც იზიარებთ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების ინიციატივას? უმრავლესობის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ამ ინიციატივას.
– ჩვენ გვაქვს ურთიერთობები დეპუტატებთან და საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა შეჩერდეს ეს ნაწილი. ეს მცირე ნაწილი ნამდვილად არ არის. ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვით, ეს საკითხი განსახილველად რომ გავა, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე რატომღაც მგონია, რომ პარლამენტი ამაზე არ წავა. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, წავიდეს ამ ნაბიჯზე, ჩვენ კარდაკარ შემოვივლით, ყველა ადამიანს გავაგებინებთ, რას ნიშნავს ეს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, ამიტომ არ გამოვრიცხავთ დიდ საპროტესტო აქციებს.
– მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს, თქვენც განაცხადეთ, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ვინ შეიყვანა ის შეცდომაში?
– იმ ჯგუფმა, ვისთანაც ის გადის კონსულტაციებს. მათ შორის არის დავით ბაქრაძე, ევროპული საქართველოდან. ბაქრაძის უკან დგას გიგა ბოკერია.
– ბაქრაძე-ბოკერიასთან გადის კონსულტაციებს ივანიშვილი?
– ბაქრაძესთან გადის, ბოკერიასთან არა. თუმცა ესენი ერთი გუნდის წევრები არიან. ბაქრაძის უკან დგას ბოკერია და ბოკერიას უკან ლევან რამიშვილი.
შევარდნაძესაც ჰქონდა ეგ სტილი, როდესაც მოწინააღმდეგეებთანაც საუბრობდა, უსმენდა ყველას და ბოლოს გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა.
გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც უფრო მეტად უსმენს ბიძინა ივანიშვილი, აწყობს, რომ მოსამართლეების ის კორპუსი, რომლებმაც თავი მოიჭრეს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, თავს მოახვიონ სასამართლოს და საქართველოს.
– რატომ?
– მათი კადრები არიან და როდესაც დასჭირდებათ გამამართლებელი განაჩენები, ან ვიღაცის ციხეში გამწესება დიდი ხნით, ამ მიზნებისთვის ესაჭიროებათ ეს მოსამართლეები.
იმ სისტემაში მუშაობდა ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელიც რეჟიმს არ შეეგუა და ნაციონალების დროსაც კი გამოჰქონდა გამამართლებელი განაჩენი. მაგალითად, ნინო სანდოძე. გარდა ამისა, არიან იქ სხვა მოსამართლეები, რომლებიც ვერ გასვარეს.
ანუ ის ხალხი უნდა დააწინაურონ, რომელმაც იმ რეჟიმს ღირსეულად გაუძლო.
– ზარდიაშვილი ბესელიას ინიციატივაზე აგდებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერს ხელს.
– მე ამ ინიციატივას არ გავცნობივარ, თუმცა ეს ისეთი პროფესიონალების მიერ არის მომზადებული, თუნდაც ბესელია, თუნდაც კობა ნარჩემაშვილი, რომ არ მგონია, ზარდიაშვილის დასაწუნი იყოს. თავად ზარდიაშვილის პროფესიონალიზმში და იურისტობაში კი საკმაოდ სერიოზული ეჭვი მაქვს, დასაბუთებული ეჭვი.
ეს კაცი ნაციონალების დროიდან მოყოლებული ვისაც და რასაც ემსახურებოდა, ამაზე არაერთხელ თქმულა. ფაქტი ერთია, აქ მუშაობს გარკვეული ძალა, რომელსაც აინტერესებს თავისი კეთილდღეობა, ფინანსები, ბიზნეს ინტერესები, ამიტომ მხარს უჭერს ამ ერთი მუჭა ავანტიურისტების ჯგუფს და შედეგად ვიღებთ საშინელ უსამართლობას. ანუ თავად უსამართლობის პრინციპის გამოყენებით ხდება სასამართლოს დაკომპლექტება, რომელმაც შემდგომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა.
აქ ხომ წარმოუდგენელ რამეზეა საუბარი. რა ექნათ, რეჟიმის დროს მუშაობდნენო ეს მოსამართლეებიო. კარგით რა ხალხო, მაშინ პიროვნულ ღირსებებს, თავმოყვარეობას, პროფესიონალიზმს რა აზრი აქვს?!
– უნდა წამოსულიყვნენ? არ უნდა გასვრილიყვნენ?
– დიახ! მე ძალიან ბევრი მოსამართლე ვიცი, რომელმაც საერთოდ უარი განაცხადა წინა რეჟიმთან თანამშრომლობაზე და დატოვა სასამართლო. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად მე. დავწერე განცხადება, კარგად ბრძანდებოდეთ მეთქი და წამოვედი.
– ანუ თქვენი ორგანიზაცია სერიოზული საპროტესტო აქციებით იმუქრება თუკი გაგრძელდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა?
– არაფერსაც არ ვიმუქრებით. გააკეთებენ ამას და მიიღებენ იმას, რისი ღირსებიც იქნებიან. ეს გარდაუვალია, ბუნების კანონია. ასე ეგონა სააკაშვილსაც, ვიქნებით და ვიქნებითო. დაგინახავთ ერთი, როგორ იქნებით!
ეს არ არის სახუმარო საკითხი. სასამართლოზე არის მიბმული ძალიან ბევრი რამ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ბიზნეს დავებია სასამართლოში, სამი, ოთხი, ხუთი წელიწადი გრძელდება და სად ცალიათ ამ მოსამართლებს ამ ბიზნეს დავებისთვის.
არა და იქ არიან ღირსეული მოსამართლეებიც. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ისინი უნდა დავიცვათ და იმათ მივცეთ ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა.
ახლა ზარდიაშვილს რა უნდა, ნაკლებად მაღელვებს, სიმართლე გითხრათ! მე მაინტერესებს, რა უნდა ქართველ ხალხს და ჩვენ გვაინტერესებს დემოკრატიული პროცესები, ხოლო ეს რაც ხდება, არ არის დემოკრატიული პროცესი.
ჩვენ ამის წინააღმდეგ აუცილებლად გავილაშქრებთ. ცა და ქვეყანას ავაწრიალებთ, რომ ასე არ მოხდეს. ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება ქვეყანაში და ნუ უშვებს ყველა პოლიტიკური ძალა ერთი და იგივე შეცდომას.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა