თბილისში მოსწავლემ შეყვარებულთან კამათის გამო წნევის დამწევი წამალი დალია

თბილისში მოსწავლემ შეყვარებულთან კამათის გამო წნევის დამწევი წამალი დალიათბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, 15 წლის გოგომ წნევის დამწევი წამალი დალია.

როგორც “ნიუპოსტისთვის” ცნობილი გახდა, გოგონას შეყვარებულმა შეტყობინება მიწერა, სადაც დაშორების შესახებ ამცნო.

არასრულწლოვანმა მომხდარის შემდეგ, ახლობლებლებს უთხრა, რომ 10 აბი წნევის დამწევი წამალი დალია თუმცა, როგორც აღმოჩნდა ერთი აბი ჰქონდა დალეული.

არასრულწლოვანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ მანდატურის სამსახურმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მანდატურს შეატყობინეს მათი თანაკლასელი გოგონას მხრიდან შესაძლო სუიციდის მცდელობის თაობაზე. კერძოდ, გოგონამ სატელეფონო შეტყობინებით თანაკლასელს აცნობა, რომ სკოლაში მისვლამდე, სუიციდის მიზნით, მედიკამენტები მიიღო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მანდატურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, უმოკლეს დროში მოძებნა გოგონა, გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

ამჟამად, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ასევე ჩაერთო მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ვთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ აღნიშნული ფაქტის ინტერპრეტირებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“.